Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძვლები


უკვე ყველამ იცის, როდის და რა მიზნით გაემგზავრა მოსკოვში საპატრიარქოს დელეგაცია, თუმცა წასვლის წინ უმაღლესმა სასულიერო პირებმა (მათ შორის, პატრიარქმაც) საჯაროდ გვამცნეს, რომ ვიზიტის საზეიმო კონტექსტის მიუხედავად, "კონკრეტული შედეგებით" დაგვიბრუნდებოდნენ საქართველოში.

მაშასადამე, თან [მი]ლოცვა, თან საქმე.

რად უნდა ამას თქმა - პრობლემები მართლაც თავზე საყრელად გვაქვს. აგერ, რუსმა ჯარისკაცებმა მავთულხლართების გაბმაც არ იკმარეს, რკინის ღობეებიც კი ჩარგეს სოფელ დიცთან. ვიცი, ამაზე ლაპარაკს აზრი არა აქვს ღობეთა ჭეშმარიტ შემოქმედ რუსეთის პრეზიდენტთან,მაგრამ მაინც ვიფიქრე, იქნებ რაღაც მაინც ეთქვა ჩვენს პატრიარქს ამის შესახებ. და ეს ექნა არა იმდენად რუსეთის პრეზიდენტის "უხერხულ მდგომარეობაში ჩასაგდებად" (ჰო, ესეც ვიცით, არ ჩავარდებოდა, მაგრამ მაინც), არამედ უფრო ჩვენთვის, ღობეს აქეთ მყოფთათვის. მის გარდა კიდევ ვის შეიძლებოდა ჰქონოდა ამის ასე თქმის შესაძლებლობა?

განა იმას ვამბობ, საქმე არ გაკეთდა-მეთქი. გაკეთდა, როგორ არა. "კონკრეტული შედეგები" მართლაც ხილულია:

დაისვა, მაგალითად, მეფეთა ძვლების წამოღების საკითხი...

ჰო, ძვლები გვინდოდა, აბა, რა! ამ ძვლების გარეშე გამორიცხულია გავბრწყინდეთ! რაღა უნდა იყოს ახლა ამაზე მთავარი და მნიშვნელოვანი!

მაგრამ ეჭვი მაქვს, ისინი ძვლებსაც არ მოგვცემენ. ან თუკი მოგვცემენ, ალბათ, სხვების ძვლებს. მიდი მერე და არკვიე.

მომიტევეთ და ვერ ვხვდები, რა საჭირო იყო ამხელა დელეგაციის წასვლა (თან - გადამხდელის ფულით!) ჩვენი საწყალი მეფეების ძვლებზე სალაპარაკოდ?!

"ვლადიკა, პერედაიტე პოჟაილუსტა კოსწი... ვოტ ზდეს..."
თუმცა ხმა მოვიდა, რომ სხვა საქმიანი საკითხებიც დასმულა:

კრემლში ჯადოსნური შევარდენი ჰყოლიათ და ჩვენც გვდომებია მისი ერთი ცალი ბარტყი (ალეგორიას ნუ ამოიკითხავთ: საუბარია ნამდვილ შევარდენზე).

ასევე გვდომებია ნეტარ იგორ კალჩუგინის (ასეთი ნეტარიც ჰყოლიათ) უხრწნელი ტატუც - წარწერით: "მალაია ზემლია", რომელიც მის სასწაულმოქმედ და მრავალნაცად ფრჩხილზე ყოფილა ამოტვიფრული...

ნუ, კარგი. ეს ბოლო ორი მე მოვიგონე (ამას კი მათთვის ვწერ, ვისაც, როგორც აღმოჩნდა, რაც არ უნდა დავწერო, ყველაფერი სიმართლე ჰგონია... რა მოჰყვა ჩემს ორი კვირისწინანდელ ბლოგს, ამაზე სხვა დროს გიამბობთ), მაგრამ ამაზე ნაკლებად აბსურდული როდი იყო პატრიარქისა და აჭარული აჰასფერის, ასლან აბაშიძის შეხვედრა...

აი, სასწაული! პატრიარქმა მკვდარი აღადგინა!

"ასლან, გამოდი!"

თვალებს არ ვუჯერებდი!

თურმე როგორ მოგვნატრებია პასპორტით შესვლა ქობულეთში!

სხვათა შორის, ეს ის ასლან აბაშიძეა, გენერალმა ბორისოვმა რომ დაურეკა 2008 წლის ომის დროს და ამაყად ახარა, შენ გამო შური ვიძიეო (და თუ გახსოვთ, სწორედ იმ დროს, როცა იგივე პატრიარქი დაღუპული ქართველი ჯარისკაცების გამოსვენებას და ოკუპირებულ გორში წირვის ჩატარებას ცდილობდა).

რა სასიამოვნო წუთები იყო, არა?

ნეტა, ეს მაინც არ შეახსენა "შურნაძიებ" "ქობულეთელ მესაზღვრეს"?

ის ზარი მაინც რაღა იყოო, ნეტა ეკითხა...

თუ აქაც {ყელში გაჩხერილ} ძვლებზე იყო საუბარი...

ძვლები და ძვლები...

ისე კი, კრემლიდან სხვას რას წამოიღებ!
  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG