Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მართალთა ქვეყანა


ზოგ-ზოგიერთმა “ხალხი” დაირქვა სახელად და ამბობს, რომ ეს “ხალხი” სამართლიანობის აღდგენას ითხოვს და ამ სამართლიანობის აღდგენას კი არა და არ დაადგა საშველი.

რატომაა ეს ხალხი “ხალხი” და ვინ და როგორ ითხოვს ამ “სამართლიანობის აღდგენას”, სხვა დროს სასაუბრო თემაა, მაგრამ ის კი ნათელია, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ოდითგანვე მართალია ყველა და კიდევ დიდხანს იქნება მართალი, სამართლის ქმნა ძნელად გამოვა.

ასეა, უნიკალურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომელსაც ყოველგვარი ეჭვის გარეშე შეგვიძლია ვუწოდოთ “მართალთა ქვეყანა”.

თავდაპირველად შორს ნუ წავალთ, გუშინდელი და დღევანდელი დღეებით დავიწყოთ.

რად უნდა იმას თქმა, რომ ცამდე მართალია აწ საპყრობილეში მჯდომი ყოფილი პრემიერ-შინაგან საქმეთა მინისტრი. და რაც მთავარია, მორალურად არის მართალი. უწესო კაცი სხვა თუ არაფერი, მორალურ პასუხისმგებლობას მაინც იგრძნობდა, თუნდაც მხოლოდ ოქროყანის ტყეში მომხდარი ჩეხვა-მკვლელობის გამო 2005 წელს და სწორედ ამ იდიოტური და არაფრად გამოსადეგი მორალის გამო დატოვებდა თანამდებობას, მაგრამ რატომ უნდა დაეტოვებინა, როცა ცამდე მართალი იყო, ამიტომ რაღა საჭიროა ამის გახსენება.

მორალიზმი - უხერხულია. ახლა სხვა ამბებია აქტუალური.

რაკი ბედისწერამ ზემოთ ნახსენებ ყოფილ ჩინოსანს დაუკავშირა, აქვე ახლახან გადამდგარი, ცამდე მართალი პროკურორის გახსენებაც გვმართებს, და იმ მართალი ხალხისაც, ვინც ჯიუტად იმეორებდა ერთსა და იმავეს, რომ სავსებით შესაძლებელია ყაჩაღობისთვის დაკავებული კაცის მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ყოფნა.

ასე თქვეს: ბავშვობაში ვის არ მოსვლიაო.

და მართლებიც იყვნენ: სადაც პროფესორად აზიდულმა კანონიერმა ქურდმა შეცვალა ქვეყნის ბედი მეოცე საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში და ეს ისტორიული (თუ ანტიისტორიული) პერსონა დღემდე მხოლოდ “კონტროვერსიალურ ფიგურად” ითვლება, იქ მართლაც რაღა უნდა ყოფილიყო ექსპროკურორის ერთი ბავშვური ექსცესი! მეტსაც ვიტყვი - ადრე გაუშვეს, უფრო დიდხანს უნდა ყოფილიყო თანამდებობაზე.

ასევე, მართალია ის ორგზის ზემოთ ხსენებული პატიმარი, რომელიც ამბობს, რომ პროკურორის ბრძანებით გაიტაცეს ციხიდან და არანაკლებ მართლები არიან სასჯელთაღსრულების სამინისტროში, სადაც თავდაჯერებულად ირწმუნებიან, რომ არავის არავინ არ გაუტაცებია.

მართლები მართლებს შეებნენ.

მართალია ამჟამინდელი საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც საკმაოდ გვიან (თუმცა მისთვის დროულად) გადაბარგდა გამარჯვებულთა პარტიაში, და მართალი იყო მაშინაც, როცა გამარჯვებულთა პარტიაში იყო წარსულშიც.

ახლა ისევ გუშინდელ დღეებს დავუბრუნდეთ:

აგერ გამოჩნდა, რომ ასევე ცამდე მართლები ყოფილან ყოფილი თავდაცვის მინისტრები. ერთმა რუსეთის აგრესია შეაჩერა 2008 წელს და ეკონომიკურად აღაყვავა ქვეყანა: მართალი კაცი იყო და სხვათა შეუწუხებლად, ნაბიჯ-ნაბიჯ, მარტვილური სისპეტაკით, აგურ-აგურ ააგო თავისი მართალი საქმის ტაძარი, ხოლო მეორემ (აწ საპყრობილეში მჯდომმა) ისეთი სისტემა შექმნა სატუსაღოში (ქვეყნის მმართველ წმინდანთა დასის სხვა მართლებთან ერთად), რომ მართალიც და მტყუანიც, ყველა ერთნაირად მადლობელი და კმაყოფილი იყო.

თუმცა მაინც მიწევს უსამართლო შეკითხვის დასმა: თუკი ისინიც და სხვებიც მართლები არიან, მაშინ ვინღა ცემდა, ვინ აუპატიურებდა, ვინ აწამებდა და ვის ხელში კვდებოდა ის ხალხი “სრულიად შემთხვევით”? ვიღაც მართალი ხომ სჩადიოდა ამ მართალ საქმეს? თუ მხოლოდ ვინმე ბედუკაძე გახლდათ ამ ყველაფრის ავან-ჩავანი (და ეს ვინმე ბედუკაძე რომ სპეტაკი სულია და მისებრ მართალი არავინ გვყოლია თევდორე მღვდლის მერე, ეს წინის წინა პროკურორმა დაგვიდასტურა)? ასე ერთ ბედუკაძეს როგორ შემოჰყვა ჩვენს მტკიცე ციხეებში მთელი რუსული ჩეკა? ან თუკი მაინც შემოჰყვა და ეს “ციკლური ჯოჯოხეთი” დადგა (როგორც დღემდე ამტკიცებს ზოგიერთი მგზნებარე სიმართლის მთქმელი), ჩვენი მმართველები რაღას უყურებდნენ ამ დროს? მხოლოდ სხვათა ინტიმურ ოინბაზობებს “ფარულ ჩანაწერებში”? ერთხელ ციხეებშიც შეეხედათ, რა მოხდებოდა...

თუ იქნებ არც ყოფილა არაფერი და რაც იყო, ან მართლაც ჩეკას ემისართა ოინი იყო, ან თუკი იყო რამე, მხოლოდ ეს სინდისის ქენჯნით გატანჯული ტუსაღები თავად ისჯიდნენ საკუთარ თავს! ხომ არის ასეთი ქართული წამება: თერაპიული თვითგაუპატიურება...

თუ იქნებ ყველას მოგვეჩვენა?

და თუკი ასეა, იქნებ მართლაც მართალი კოლექტიური ჰალუცინაცია სჯობდეს ყველასთვის საწყენ სინამდვილეს?

რადგან, თუკი ჩვენი წარსული ჰალუცინაცია არაა, მაშინ საიდანღა უნდა დავიწყოთ სამართლის აღდგენა?
2012 წლიდან?
2003 წლიდან ?
1992 წლიდან?

რა, განა სამართლიანად არ მართავდა ქვეყანას ექსპრეზიდენტი შევარდნაძე?

ან განა სამართლიანად არ იღვაწა ლეგენდარულმა სამხედრო საბჭომ?
ამ “საბჭოს” ორი გმირი დღესაც ცამდე მართლად გრძნოს თავს...

ძველი ცეკას მდივნებიც მართლები ყოფილან. ვუყურებთ 9 აპრილის წინმსწრებ “ცეკას სხდომას”, ვისმენთ დემონსტრანტების დასჯის მოწოდებებს, აპლოდისმენტს ამ მოწოდებებზე და ხალხს, ამ ორატორებს, ვისაც დღესაც ვცნობთ და ვისაც ახლაც ვხედავთ აქა-იქ, თავისებურად კვლავაც ცამდე მართლებად მივიჩნევთ. რადგან გულშემატკივარი და დამცველი ყველას ჰყავს საქართველოში...

და ყველა მართალია!

მტყუანები და დამნაშავეები კი ჩვენ ვართ, ვინც ლამისაა დავყრუვდეთ ამდენი სიმართლის მოსმენაში.
  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG