მალელი მომღერალი უმუ სანგარე დიდი ხანია, რაც აფრიკის კონტინენტის სუპერვარსკვლავად ითვლება. ორი "გრემისა" და არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო პრიზის მფლობელი გახლავთ, მათ შორის, "იუნესკოს" პრემიის ლაურეატი აფრიკული მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.
თუმცა ისტორიაში შევიდა არა მხოლოდ როგორც გამორჩეული ვოკალური მონაცემების მქონე მუსიკოსი, არამედ როგორც ქალთა უფლებებისათვის მებრძოლი, ადრეული ქორწინებისა და მრავალცოლიანობის მოწინააღმდეგე აქტივისტი.
უმუ სანგარეს შემოქმედება აფრიკულ ხალხურ მუსიკალურ სტილზე, ე.წ. "ვასულუზე" დგას, ანუ სათავეს პენტატონიკური არქაული სიმღერებიდან იღებს, რომლებსაც მისი შორეული წინაპრები რელიგიური რიტუალებისას, ნადირობისას ან მოსავლის აღებისას მიმართავდნენ. მუსიკალური განათლება ქუჩაში დედისა და ბებიის სმენისას მიიღო. ორივე მომღერალი იყო და თავის გასატანად ქორწილებსა თუ სხვადასხვა რელიგიურ დღესასწაულზე ირჯებოდნენ. პატარას დებიუტი კი 5 წლის ასაკში შედგა, როცა ბავშთა ვოკალურ კონკურსში მიიღო მონაწილეობა. უმუ სანგარემ ბამაკოს სტადიონზე სამიათასიანი აუდიტორიის წინაშე იმღერა და მთავარი პრიზიც დაიმსახურა. წარმატებას პირველი შემოთავაზებაც მოჰყვა. გოგონა მალის სახელმწიფო ანსამბლში მიიწვიეს, სადაც ხალხურ სიმღერებს ასრულებდა. 16 წლის რომ გახდა, საკუთარი ბენდი ჩამოაყალიბა, ევროპულ ტურნეში გაემგზავრა და გამოსცა სადებიუტო ალბომი, სახელწოდებით "Moussoulou" ("ქალები"). კრიტიკოსების თქმით, დისკს ბომბის აფეთქების ეფექტი ჰქონდა. უმუ სანგარემ მალიში და რეგიონის უმეტეს ქვეყნებში გავრცელებული ტრადიციების წინააღმდეგ გაილაშქრა. უფრო ზუსტად კი, ქალზე ძალადობა, მისი ნების საწინააღმდეგო და ადრეულ ასაკში ქორწინება გააკრიტიკა. ბუნებრივია, რეაქცია არაერთგვაროვანი გახლდათ. უფროსი ასაკის მსმენელები გაღიზიანდნენ, ახალგაზრდებისთვის კი ნამდვილ კერპად იქცა.
უმუ სანგარეს მომდევნო ალბომები "Ko Sira" და "Worotan"-ი ქალთა უფლებების თემას აგრძელებდა. ძალადობასა და ადრეულ ასაკში ქორწინებას ამჯერად მრავალცოლიანობის კრიტიკაც დაემატა. როგორც მომღერალი იხსენებდა, თავდაპირველად მის კონცერტებზე მხოლოდ ქალები დადიოდნენ, ქმრები კი კლუბის გარეთ ელოდნენ, თუმცა დროთა განმავლობაში სიტუაცია იცვლებოდა, დარბაზში სულ უფრო მეტი მამაკაცი ჩნდებოდა. არტისტის თქმით, ძნელად, მაგრამ მაინც მოახერხა გოგონებისთვის ხმა მიეწვდინა, აეხსნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო დამოუკიდებელი აზრის, საკუთარი ნების ქონა და მისი დაცვა ოჯახისა თუ ტრადიციის წნეხისგან.
როგორც უკვე ვთქვი, უმუ სანგარე "გრემის" ორგზის მფლობელია. პირველად ალბომისათვის "Saya" ("სიხარული"), ხოლო მეორედ - სიმღერისათვის "Imagine", რომელიც არტისტმა ლეგენდარულ ჰერბი ჰენკოკთან ერთად ჩაწერა. კარიერის განმავლობაში მან ისეთ ცნობილ არტისტებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან: ალი ფარკა ტურე, ბელა ფლეკი, სალიფ კეიტა, ჯეფ ბეკი, მარკუს მილერი, დიდი ბრიჯუოტერი და მრავალი სხვა. 2017 წელს კი, თითქმის ათწლიანი დუმილის შემდეგ, გამოსცა ალბომი, სახელწოდებით "Mogoya" - თანამედროვე ადამიანის პრობლემებზე საცეკვაო-შამანურ რიტმიკაზე იმღერა და მსმენელი აკუსტიკურ ტრანსში შეიყვანა.