Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოსური მხარე ითხოვს, „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის საგანგებო შეხვედრა დაინიშნოს


აქციის მონაწილეები ხურვალეთში
აქციის მონაწილეები ხურვალეთში

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელი ხოხ გაგლოითი „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის რიგგარეშე, საგანგებო შეხვედრას ითხოვს. გაგლოითიმ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს კიასტუტის იანკაუსკასს უკვე წერილით მიმართა. ამ ცნობას დე ფაქტო რესპუბლიკის ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.

ხოხ გაგლოითი ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელს მოუწოდებს, ერგნეთში საგანგებო შეხვედრა დანიშნოს. „თქვენთვის, ალბათ, ცნობილია იმ პროვოკაციების შესახებ, რომელსაც ადგილი აქვს სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის გარკვეულ მონაკვეთებზე, სოფელ ორჭოსანთან. ჩვენი აზრით, აღნიშნული პროვოკაციები დადგმულია. ამიტომ ოსური დელეგაცია მიიჩნევს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ვითარების გამწვავების თავიდან ასაცილებლად და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად“, - ნათქვამია ხოხ გაგლოითის მიერ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის სახელზე გაგზავნილ წერილში. საგანგებო სხდომის მოწვევის გადაწყვეტილება ოსურმა მხარემ მას შემდეგ მიიღო, რაც სოფელ ხურვალეთთან ჟურნალისტების ერთმა ჯგუფმა ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი ამოიღო და გადააგდო. ჟურნალისტები სოფელ ხურვალეთში სამშაბათს ჩავიდნენ და მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტეს. გაგლოითის იანკაუსკასის საპასუხო წერილი ჯერ არ მიუღია. ერგნეთში მომდევნო შეხვედრა 30 ივლისს არის ჩანიშნული. საოკუპაციო ხაზთან საპროტესტო აქციები გრძელდება.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები კი გორში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ოკუპაციის ხაზთან არსებული ვითარებით დაინტერესებულ საზოგადოებას, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და იმ ადამიანებს შეხვდნენ, ვისი მიწის ნაკვეთებიც ახალი საოკუპაციო ხაზის მიღმა აღმოჩნდა. ხურვალეთის მცხოვრები ირინა მაყიშვილი ამბობს, რომ რუსეთის მესაზღვრეების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევით სოფელში არაერთი პრობლემა შეიქმნა და ხურვალეთელები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები ბანერის ჩამოგდების დროს
აქციის მონაწილეები ბანერის ჩამოგდების დროს

ადგილობრივ მოსახლეობას შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა გიორგი ჯიღაურმა ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მისი განცხადებით, ბოლო მოლაპარაკების შედეგად, რუსეთის მესაზღვეები ადგილობრივ ფერმერებს მოსავლის აღების საშუალებას მისცემენ, მაგრამ ისიც გარკვეულია, რომ ეს ადამიანები მომავალი წლიდან საკუთარი მიწის ნაკვეთებით ვეღარ ისარგებლებენ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთი ციხელაშვილი საზოგადოებას იმ ნაბიჯების შესახებ ესაუბრა, რომელთაც დგამს ქვეყნის ხელისუფლება საერთაშორისო ყურადღების მისაქცევად. ციხელაშვილის აზრით, ახლა უმთავრესი ამოცანაა, საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთის ქმედებებზე რეაგირება დაიწყოს.

10 ივლისს რუსეთის მესაზღვრეებმა სოფლების ხურვალეთის, წითელუბნისა და ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიებზე საოკუპაციო ხაზი კიდევ ერთხელ გადმოსწიეს. ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების მიღმა ადგილობრივი მოსახლეობის მიწის ნაკვეთები, სასოფლო გზა და სასაფლაო მოექცა.

XS
SM
MD
LG