Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორფოლოს მიწების ორი მფლობელი


ორფოლოს პოლიგონი
ორფოლოს პოლიგონი
მიწის კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტები, რის მიხედვითაც ორფოლოს სამხედრო პოლიგონის მიმდებარე ტერიტორია ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის მცხოვრებთა საკუთრებაშია, თავდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებს უკვე გადაეგზავნა. საკითხის განხილვისას აღმოჩნდა, რომ ტერიტორიას ორი მფლობელი ჰყავს – სოფელ მინაძის მოსახლეობა და საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ბესიკ ბლიაძის ინფორმაციით, სამინისტრო მიწის აღნიშნული ფართობი 2011 წლის შემოდგომით დაიკანონა.

ტერიტორია, რომლზეც სოფელ მინაძის მოსახლეობა წლების განმავლობაში მარცვლოვან კულტურებს უვლიდა, ადგილობრივებმა 2006 წელს იძულებით დატოვეს. იმ წელს ორფოლოს პოლიგონი გაძლიერდა და წვრთნები გახშირდა. ამის გამო სოფლის მკვიდრნი ყანის დასამუშავებლად ვეღარ გავიდნენ, რადგან მათ სიცოცხლეს არაერთხელ შეექმნა საფრთხე.

მოსახლეობამ თავისი კუთვნილი მიწის ფართობები სათიბებად გადააქცია, თუმცა მალე მათი გამოყენებაც ვეღარ შეძლო. ჯარისკაცების ვარჯიშის შემდეგ ბალახის მოთიბვას ვეღარ ახერხებდნენ. სადავო ტერიტორია, სადაც ორფოლოს სამხედრო პოლიგონია განთავსებული, ხელისუფლების გადაწყვეტილების მოლოდინშია.

ორფოლოს სამხედრო პოლიგონის მიმდებარე ტერიტორია მოსახლეობას კოლექტიური მეურნეობების დაშლის შემდეგ გადაუნაწილდა. სოფელ მინაძის მკვიდრთა თქმით, მიწით სარგებლობის სანაცვლოდ კომპენსაცია თავდაცვის სამინისტროსგან მხოლოდ ერთხელ მიიღეს, ისიც მეასედზე მხოლოდ 6 ლარი. ვის კუთვნილებაში დარჩება ორი მფლობელის სადავო ტერიტორია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა განმარტებით, ამ საკითხს, ალბათ, ეკონომიკისა და თავდაცვის სამინისტროები გადაწყვეტენ.
XS
SM
MD
LG