Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომი და მეგობრობა


ლევან გულიაშვილი პოლონელ ჟურნალისტებთან ერთად კონფლიქტის ზონაში (მარჯვნიდან მეორე). 2008 წელი
ლევან გულიაშვილი პოლონელ ჟურნალისტებთან ერთად კონფლიქტის ზონაში (მარჯვნიდან მეორე). 2008 წელი

აგვისტოს დასაწყისია, ის დღეები, როცა საქართველოში, ალბათ, ყველას ახსენდება რვა წლის წინანდელი ტრაგიკული მოვლენები: შვიდი აგვისტოს ღამით დაწყებული ომი, დაძაბულობა და ინციდენტები, რომლებიც მას წინ უძღოდა, სისხლისღვრა, დევნილების ტრაგედია, ოკუპაცია... საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოს ომი მრავალმა ჟურნალისტმა გააშუქა, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა, რომელთა შორისაც იყვნენ ჩვენი პოლონელი კოლეგებიც. დღეს გიამბობთ, როგორ მუშაობდნენ, რა გადახდათ თავს პოლონეთის ტელევიზიის კორესპონდენტს, ცნობილ ჟურნალისტ დარიუშ ბოჰატკევიჩს და მის კოლეგებს, გიამბობთ ქართულ-პოლონური მეგობრობის ერთ შთამბეჭდავ ისტორიას.

ომი და მეგობრობა
please wait

No media source currently available

0:00 0:11:44 0:00
გადმოწერა

„ისიც მშვენივრად ვიცით, რომ დღეს საქართველოა, ხვალ უკრაინა იქნება, ზეგ ბალტიისპირეთის სახელმწიფოები, მერე კი, შესაძლოა, ჩემი ქვეყნის, პოლონეთის, დროც მოვიდეს! ღრმად ვიყავით დარწმუნებული, რომ ნატოსა და ევროკავშირის წევრობით შევზღუდავდით რუსეთის მადას. აღმოჩნდა, რომ არა! აღმოჩნდა, რომ ასე ფიქრი შეცდომაა! მაგრამ შევძლებთ ამას წინ აღვუდგეთ, თუ ფასეულობებს, რომლებსაც ევროპა უნდა ეფუძნებოდეს, მართლაც აქვს მნიშვნელობა პრაქტიკაში - თუ აქვს მნიშვნელობა, მაშინ აქ უნდა ვიყოთ, მთელი ევროპა აქ უნდა იყოს“, - ეს სიტყვები 2008 წლის 12 აგვისტოს თბილისში წარმოთქვა პოლონეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ, რომელიც იმ დღეს ჩაფრინდა საქართველოში, ისევე როგორც საფრანგეთის, ლიტვისა და უკრაინის პრეზიდენტები, ესტონეთისა და ლატვიის პრემიერ-მინისტრები.

პოლონელი ჟურნალისტი დარიუშ ბოჰატკევიჩი ამბობს ხოლმე, რომ, მართალია, როგორც ამომრჩეველს, ხმა არასოდეს მიუცია ძმებ კაჩინსკების მიერ დაფუძნებული პარტიისათვის, მაგრამ ძალიან აფასებს მხარდაჭერას, რომელიც ლეხ კაჩინსკიმ საქართველოს გაუწია ომის პერიოდში. „პოლონეთმა ჩვენი პრეზიდენტის სიტყვებით, მისი მოღვაწეობით აჩვენა, რომ თავისუფალი ხალხი ვართ და ჩვენც შეგვიძლია ვთქვათ, რა გვაწუხებს, როგორ აღვიქვამთ, რაც ხდება“, - ნათქვამი აქვს დარიუშ ბოჰატკევიჩს პოლონეთის მედიასთან საუბრისას.

ვითარება ისეთი იყო, რომ ვაცნობიერებდით საფრთხეს, რადგან იმის უშუალო მოწმე, თუ როგორ მოკლეს - და ეს რუსმა ჯარისკაცებმა გააკეთეს - ჰოლანდიელი ჟურნალისტი, იყო ჩვენი მეგობარი და მეგზური, ლევან გულიაშვილი. ლევანი იყო იქ, ადგილზე, ხალხს ეხმარებოდა...
დარიუშ ბოჰატკევიჩი

ხოლო როგორც ჟურნალისტი, დარიუშ ბოჰატკევიჩი ადგილზე, ხშირად კონფლიქტით მოცულ რეგიონებში მუშაობისას, უწინარეს ყოვლისა, მიუკერძოებლობას აფასებს და ამას მოითხოვს საკუთარი თავისგან, ისევე როგორც მთელი გადამღები ჯგუფის წევრებისგან. ის ხუთ ომშია ნამყოფი: ავღანეთში, ერაყში, ბალკანეთში, ლიბანში, საქართველოში - აშკარად, ბევრჯერ ჩაუგდია თავი საფრთხეში. საქართველოს შემთხვევაში, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როგორც ცნობილია, სამი ჟურნალისტი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა. მათ შორის, საბედნიეროდ, არავინ ყოფილა დარიუშ ბოჰატკევიჩის გადამღები ჯგუფიდან, მაგრამ წინასწარ ვინ იცის, რომ გადარჩება?

როცა პოლონელი კოლეგა 2015 წლის მარტში რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროში გვესტუმრა, საუბარი დავიწყე შეკითხვით, როგორ აღიქვამდა, რამდენად აცნობიერებდა კონფლიქტით მოცულ რეგიონში მუშაობის საფრთხეს.

„ვითარება ისეთი იყო, რომ ვაცნობიერებდით საფრთხეს, რადგან იმის უშუალო მოწმე, თუ როგორ მოკლეს - და ეს რუსმა ჯარისკაცებმა გააკეთეს - ჰოლანდიელი ჟურნალისტი, იყო ჩვენი მეგობარი და მეგზური, ლევან გულიაშვილი. ლევანი იყო იქ, ადგილზე, ხალხს ეხმარებოდა, მერე მანქანით წავიდა საავადმყოფოში, მას ახლდა ჩვენი კოლეგა პოლონეთის ტელევიზიიდან, პიოტრეკ გურეცკი. იქ იყვნენ, გორში, როცა რუსეთის ჯარები შეიჭრნენ. საქართველოს ტერიტორიაზე ნამდვილი შემოსევა იყო! ლევანი სწორედ მაშინ იყო იქ“, - გვითხრა დარიუშ ბოჰატკევიჩმა. მან და მასთან ერთად რადიო თავისუფლებაში სტუმრად მოსულმა ოპერატორმა, ალექსანდრ ლევინსკიმ, კიდევ ბევრჯერ ახსენეს ლევან გულიაშვილი, აგვისტოს ომის პერიოდში პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის თანამშრომელი, რომელიც, გარდა იმისა, რომ პოლონელ ჟურნალისტებს მეგზურობას უწევდა, მძღოლიც იყო, თარჯიმანიც და, როგორც ოპერატორი ალექსანდრ ლევინსკი ამბობს, „მფარველი ანგელოზივით“ იცავდა მათ, არამარტო მათ...

ალექსანდრ ლევინსკი
ალექსანდრ ლევინსკი

„ასეთი მაგალითის მოყვანა შემიძლია: როცა ახალგაზრდა ბიჭები მძევლებად აიყვანეს ოსების მხარეზე, - ახალგაზრდა ქართველი ბიჭები, რომლებსაც სამშობლოს დაცვა სურდათ და მშობლებისათვის არაფერი უთქვამთ, ისე წავიდნენ ომში, - ყველა ძალიან ნერვიულობდა, არ იცოდნენ რა ბედი ეწიათ. ჩემი თვალით ვნახე, რა დღეში იყო ერთ-ერთის მამა, სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა... ლევანი ამბობს: რა ვქნათ, ბიჭები უნდა გადავარჩინოთო! მან მიმართა ჩვენი, პოლონეთის, ტელევიზიის ხელმძღვანელობას - სხვათა შორის, დარიუშიც ძალიან დაეხმარა! ოსურმა მხარემ გამოსასყიდი მოითხოვა, გარკვეული თანხა, რომელზეც დარიუშ ბოჰატკევიჩმა ჩვენს ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკება დაიწყო და როგორღაც შევძელით ამ მძევლების რუს ჯარისკაცებში გაცვლა. საბედნიეროდ, ისე გამოვიდა, რომ შეთანხმება შედგა... ლევანი არამარტო ჩვენი ამხანაგი, მეგობარი იყო, ის გვიცავდა, უბრალოდ, მფარველი ანგელოზივით გვყავდა ამ სიტუაციაში! სიხარული, რომელიც დავინახე ხალხში, ამ ბიჭის მამის, ბიჭების მშობლების თვალებში, ვერც კი წარმოვიდგენდი...“, - გვიყვება პოლონელი ოპერატორი, ალექსანდრ ლევინსკიზე.

მასზე არანაკლებ ემოციურად იხსენებს ქართველ მეგობარს დარიუშ ბოჰატკევიჩი: „ლევანი მარტო საუცხოო მეგობარი კი არ არის... შემიძლია ვთქვა, რომ მყავს ორი ძმა პოლონეთში და მყავს ძმა კავკასიაში - სწორედ ლევან გულიაშვილი, რომელსაც პოლონეთში ლევან გულიაშვინსკის ვეძახით! გადასარევი ადამიანი, რომელსაც გულთან ახლოს მიჰქონდა სხვისი ტკივილი, რომელსაც თანაგრძნობის უნარი აქვს. წარმოიდგინეთ: ჩვენ მარტო ფრონტიდან ინფორმაციის გავრცელებით კი არ ვიყავით დაკავებული, მარტო ერთ მხარეს დაზარალებულებს კი არ ვაჩვენებდით! ჩვენ, როგორც ჟურნალისტები, მიუკერძოებელი ვართ, რადგან ბომბები ცვივა და ხალხი იხოცება ქართველების მხარეზეც, ოსების მხარეზეც, რუსების მხარეზეც. ჩვენ არ გვითქვამს, ვინ არის მართალი ამ ომში. ფაქტებს ვაჩვენებდით, შეფასებებს არ ვიძლეოდით. მაგრამ ამოცანები, რომლებიც ლევანის წინაშე იდგა, იყო არა მარტო ჩვენი - ჩემი, ალექსანდრ ლევინსკის, მარჩინ ვესელოვსკის, მარჩინ ფიდლერის და პიოტრეკ გურეცკის - მეგზურობა, არამედ როცა აღმოჩნდებოდა, რომ რომელიღაც სოფელში პური არა აქვთ... ლევანი პიოტრეკ გურეცკისთან ერთად წავიდა თბილისში, მანქანა გაავსო პურით, წაიღო სოფელში, სადაც არ მუშაობდა მაღაზია, არ იყო ექიმი და პოლონეთის ტელევიზია - ჩვენს მეგზურთან, ლევანთან ერთად - ამ საწყალ ხალხს, უბრალოდ, პურს ვურიგებდით“, - ეს ამბავი გაიხსენა რადიო თავისუფლების პრაღის სტუდიაში სტუმრობისას ცნობილმა პოლონელმა ტელეჟურნალისტმა, დარიუშ ბოჰატკევიჩმა.

და ზუსტად ამ დროს დაგვაკავეს ოსებმა... და კიდევ ერთი მაგალითი იყო ჩემთვის იმისი, თუ როგორი ადამიანები არიან პოლონელები, თუ როგორი ვაჟკაცები არიან და თუ როგორ იქცეოდნენ ტყვეობაში! და ჩემთვის ეს იყო კიდევ დამატებითი სტიმული იმისა, რომ მეც ვაჟკაცურად შევხვედროდი ამ მდგომარეობას...
ლევან გულიაშვილი

თუმცა ეს ამბავი არ არის ყველაზე დრამატული თავგადასავალი, რომელიც ბოჰატკევიჩს და მის კოლეგებს 2008 წელს საქართველოში გადახდათ. პოლონეთში საქართველო-რუსეთის ომის მიმართ დიდი ინტერესის გამო, ამ ქვეყნის საზოგადოებრივი ტელევიზიის გადამღები ჯგუფი, ფაქტობრივად, სამი თვე დარჩა საქართველოში და ომიდან ერთი თვე იყო გასული, როცა გადაწყვიტა, ისევ გასცნობოდა ვითარებას ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე.

„და ზუსტად ამ დროს დაგვაკავეს ოსებმა... და კიდევ ერთი მაგალითი იყო ჩემთვის იმისი, თუ როგორი ადამიანები არიან პოლონელები, თუ როგორი ვაჟკაცები არიან და თუ როგორ იქცეოდნენ ტყვეობაში! და ჩემთვის ეს იყო კიდევ დამატებითი სტიმული იმისა, რომ მეც ვაჟკაცურად შევხვედროდი ამ მდგომარეობას, ჩემს მდგომარეობას. ფაქტიურად 24 საათი ვიყავით მათ ტყვეობაში, იყო მუქარების, იყო დახვრეტის მუქარები“, - ინციდენტი, რომელზეც ლევან გულიაშვილი საუბრობს, 2008 წლის 8 სექტემბერს მოხდა სოფელ კარალეთის საგუშაგოსთან.

დეტალებზე საუბარი ისევ დარიუშ ბოჰატკევიჩს ვთხოვეთ, როგორც პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის გადამღები ჯგუფის ხელმძღვანელს, რომელიც ლევან გულიაშვილთან ერთად აღმოჩნდა სეპარატისტების ტყვეობაში. ის ამბობს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ კარალეთში უკვე რამდენჯერმე იყო ჩასული, ამიტომ 8 სექტემბერს საერთოდ არ მოელოდა დაკავებას.

„კარალეთში შესვლამდე გაგვაჩერეს რუსების საგუშაგოზე. რუსი ოფიცერი უკვე გადასარევად გვიცნობდა, იცოდა, რას ვაპირებდით. მასთან მივედი და ვუთხარი პოლონეთის ტელევიზია ვართ, კარალეთში ჩასვლა გვინდა-მეთქი. გვეუბნება, არ შეიძლება, საშვები არა გაქვთო. ვუპასუხე, რა საშვები, საქართველოს ტერიტორიაზე ვართ-მეთქი. არა, მოსკოვიდან საშვები უნდა გქონდეთო (...) მერე თვითონვე გვაჩვენა რაღაც შემოვლითი გზა და ასე მივაღწიეთ კარალეთამდე. გადავიღეთ რუსები, გადავიღეთ კარალეთში მცხოვრები ოსები, ქართველები, ფირზე აღვბეჭდეთ ყველა მხარეს დაზარალებულები. და როცა უკვე უკან ვბრუნდებოდით, უცებ გზაზე გაგვაჩერა 20-მდე ადამიანმა სამხედრო ფორმებში - რუსეთის არმიის ფორმებში. კალაშნიკოვებით იყვნენ და იარაღი მოგვიშვირეს“, - იხსენებს ბოჰატკევიჩი. შეიარაღებულმა პირებმა მანქანიდან ჩასვლა მოსთხოვეს მასაც და დანარჩენებსაც და ყველა დააკავეს, ჯაშუშები ხართო, უთხრეს.

დარიუშ ბოჰატკევიჩი
დარიუშ ბოჰატკევიჩი

„წაგვიყვანეს შტაბში, ოსების შტაბში, რამდენჯერმე დაგვკითხეს. საბედნიეროდ, არ ვუცემივართ. წაგვართვეს მობილური ტელეფონები, ფული, მთელი დოკუმენტები. არ ვიცოდით, რას გვიზამდნენ! რასაკვირველია, მოვისმინეთ შეურაცხყოფა პოლონეთის სახელმწიფოს, პრეზიდენტ კაჩინსკის, პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის, პოლონელი ხალხის მიმართ. მერე რუსი ჯარისკაცების ხელში აღმოვჩნდით, ძალიან უსიამოვნო სიტუაცია იყო. სატვირთო მანქანის საბარგულით წაგვიყვანეს. ექვსი კაცი გვემუქრებოდა ავტომატებით ჩვენ სამს - მე, მარტინ ვესელოვსკის და ლევან გულიაშვილს. მივდიოდით ჩვენთვის უცნობი მიმართულებით, ბნელდებოდა (...) თვალში მოგვხვდა ის, რომ ასფალტიან გზაზე კი არ მივდივართ, არამედ მდინარის, რაღაც ტყეების გავლით (...) პირველი, რაც ვიფიქრე, იყო ის, რომ, ალბათ, ტყეში ისეთ ადგილას მიგვიყვანენ, სადაც მობილური ტელეფონი არ იმუშავებს და, უბრალოდ, დაგვხვრეტენ-მეთქი“.

როგორც ვიცით, ჟურნალისტის ეს შიში, საბედნიეროდ, არ გამართლდა. ორი პოლონელი და მათი ქართველი მეგზური ცხინვალში ჩაიყვანეს.

ამასობაში, თბილისში და მალე კი უკვე მთელ მსოფლიოში გავრცელდა ცნობა ოკუპირებულ ცხინვალთან უცხოელი ჟურნალისტების დატყვევებაზე და, რომ იტყვიან, ატყდა ერთი ამბავი. დარიუშ ბოჰატკევიჩი იხსენებს, რომ საქმეში ჩაერთნენ მედიის თავისუფლების დამცველი ორგანიზაციები და პოლონეთის პრეზიდენტი, საქართველოს მთავრობა და მართლმადიდებელი ეკლესია...

მაშინ, როგორც ჯგუფის ხელმძღვანელმა, ვთქვი, რომ ასეთ შემთხვევაში ჩვენც სამხედრო ტყვეები ვართ და მასთან ერთად წაგვიყვანეთ-მეთქი! არა, თქვენ პოლონელები ხართო. ვეუბნები: ლევანიც პოლონელია, პოლონეთის მოქალაქეც არის და საქართველოსიც-მეთქი. კი, მოვიტყუე, მაგრამ ჩემი ტყუილი, რუსეთის პროპაგანდასთან შედარებით, სრული სიმართლე იყო!..
დარიუშ ბოჰატკევიჩი

ბოლოს ცხინვალიდან სამივე ტყვე გამოუშვეს - ერთად გამოუშვეს, რაც დიდი მიღწევა იყო, რადგან ლევან გულიაშვილს, როგორც ქართველს, სეპარატისტები სამხედრო ტყვეთა ბანაკში წაყვანას უპირებდნენ. ასე მოხდებოდა კიდეც და არავინ იცის, რა ბედი ელოდა ლევანს, რომ არა პოლონელი ჟურნალისტების კატეგორიული უარი ქართველ კოლეგასთან დაშორებაზე.

„მაშინ, როგორც ჯგუფის ხელმძღვანელმა, ვთქვი, რომ ასეთ შემთხვევაში ჩვენც სამხედრო ტყვეები ვართ და მასთან ერთად წაგვიყვანეთ-მეთქი! არა, თქვენ პოლონელები ხართო. ვეუბნები: ლევანიც პოლონელია, პოლონეთის მოქალაქეც არის და საქართველოსიც-მეთქი. კი, მოვიტყუე, მაგრამ ჩემი ტყუილი, რუსეთის პროპაგანდასთან შედარებით, სრული სიმართლე იყო! (იცინის) პრაქტიკულად, ამ ნაბიჯით ლევანს პოლონეთის მოქალაქეობა მივანიჭეთ (იცინის). საბედნიეროდ, გაირკვა, რომ ერთმანეთს არ დაგვაშორეს. ეს არ დავუშვით. ახლა კი ვხუმრობთ, ვიცინით, მაგრამ მართლა ძალიან სახიფათო ვითარება იყო, რადგან ლევანს, იცით, სიკვდილი ემუქრებოდა“...

ლევან გულიაშვილი და ორი პოლონელი ჟურნალისტი 2008 წლის 9 სექტემბერს გაათავისუფლეს. ასეთი თავგადასავლების შემდეგ, მათი მეგობრობა, რასაკვირველია, გრძელდება. სარწმუნო წყაროებიდან ვიცი, რომ წელსაც აპირებენ შეხვედრას.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG