Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახიფათო ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და შეურაცხყოფას შორის


კანონპროექტს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის ადმინისტრაციული სასჯელის დაწესების შესახებ, არასამთავრობო სექტორის შემდეგ, სახალხო დამცველიც აპროტესტებს. საქართველოს პარლამენტისადმი მიძღვნილ განცხადებაში ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო ინიციატივა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და ადამიანებს შორის შუღლის გაღვივების საფრთხეებს მოიცავს. თუმცა, როგორც პარლამენტში უთხრეს რადიო თავისუფლებას, ასეთი კანონპროექტი უკვე რამდენიმე დღეა აღარ არსებობს.

”ნორმა წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების არაპროპორციულ შეზღუდვას და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის, აგრეთვე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა სხვა საერთაშორისო აქტებით დადგენილ გარანტიებს”, - ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ 6 ნოემბერს გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში, რომელიც უკავშირდება კანონპროექტს "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ". შს სამინისტროს წიაღში დაბადებული და პარლამენტში მთავრობის ინიციატივით განხილული კანონპროექტი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის ითვალისწინებს სასჯელს ჯარიმიდან დაწყებული, პატიმრობით დამთავრებული. სახალხო დამცველის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტი კრძალავს რელიგიასთან დაკავშირებული ქმედებების ძალიან ფართო სპექტრს, ასე მაგალითად: ”რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის ან მორწმუნის მიმართ
უჩა ნანუაშვილი
უჩა ნანუაშვილი
სიძულვილის საჯაროდ გამოხატვას ან/და სხვაგვარ დამამცირებელ ქმედებას, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას, რელიგიური შუღლისა და სიძულვილის საჯაროდ გამოხატვას ან/და ამგვარი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებას”.

ეს ჩამონათვალი ბუნდოვანია სახალხო დამცველისთვის, რადგანაც ამ ყველაფრის უკან ის ხედავს საფრთხეს, რომ ”შეურაცხმყოფელი გრძნობების” შეფასების უფლებამოსილებით სახელმწიფო უწყებებს ”თვითნებობის ფართო შესაძლებლობაც” მიენიჭებათ. ამასთან, ომბუდსმენი ფიქრობს, რომ ”შემოთავაზებულმა ნორმამ რელიგიურ გაერთიანებებსა და სხვადასხვა რწმენისა და შეხედულებების მქონე პირებს შორის წინააღმდეგობა შეიძლება გაამწვავოს” და, ამასთან, შეზღუდოს აზრის გამოხატვის თავისუფლება, განსაკუთრებით არამორწმუნეთა აზრისა.

”საზოგადოებაში, სადაც რელიგიური ორგანიზაციები განსაკუთრებით ძლიერი და გავლენიანია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ამ ორგანიზაციების, მათი წარმომადგენლების და მიმდევრების მიმართ საკუთარი - თუნდაც მიუღებელი - აზრების გამოხატვის უფლება. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა არამორწმუნეებისთვის, რომ მათთვისაც არსებობდეს კერძო და საჯარო სფეროში თვითრეალიზაციის შესაძლებლობა. შემოთავაზებული ნორმა ზღუდავს საზოგადოებაში ათეისტური შეხედულებების გამოხატვის შესაძლებლობას, მიუხედავად იმისა, რომ ათეიზმი ზუსტად იგივე დაცვით სარგებლობს, როგორც რაიმე რელიგიური მიმდინარეობა და ათეისტების შეხედულებები რელიგიის საკითხებზე სამართლებრივად იმავე წონის უნდა იყოს, როგორც სხვა მორწმუნეების შეხედულებები. ამ სტანდარტს ეს ნორმა ცალსახად უგულებელყოფს”, - ვკითხულობთ ომბუდსმენის განცხადებაში.

ათეისტებს ეს კანონპროექტი გაჩუმებით რომ ემუქრება და, საერთოდ, გამოხატვის თავისუფლებას რომ ასამარებს, ამას საზოგადოებრივი ორგანიზაციებიც აღნიშნავდნენ 2 ნოემბერს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში. ომბუდსმენის მსგავსად, ამ ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მოუწოდებდნენ პარლამენტს, რომ უარი ეთქვა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამო კანონპროექტის მიღებაზე. ხელმომწერთა შორის იყო „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და, როგორც ორგანიზაციის იურისტმა გიორგი გოცირიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, კანონპროექტის განხილვის პროცესი მესამე სექტორის ჩართულობის გარეშე წარიმართა.
აქ უნდა იყოს ძალიან ფაქიზად დაცული ბალანსი რწმენის და რელიგიის თავისუფლებასა და, მეორე მხრივ, გამოხატვის თავისუფლებას შორის. ეს ორივე უფლება დაცულია ევროპული კონვენციით - ერთი მე-9, მეორე მე-10 მუხლით...
შალვა შავგულიძე

გიორგი გოცირიძე კომუნიკაციისა და კოორდინაციის პრობლემებზე ლაპარაკობს და, ალბათ, სწორედ ამავე კონტექსტშია განსახილველი წარმოშობილი გაუგებრობა საკამათო კანონპროექტთან დაკავშირებით. შესაძლოა ბევრისთვის გასაკვირი იყოს, მაგრამ, როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა შალვა შავგულიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, კანონპროექტი განხილვიდან მოიხსნა ოქტომბრის ბოლოს, რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე ეს თემა საზოგადოებაში ხმაურს გამოიწვევდა. შავგულიძის თქმით, შს სამინისტროსთან მიღწეულია შეთანხმება, რომ კანონპროექტს პარლამენტი ხელახლა მხოლოდ დახვეწისა და დაბალანსების შემთხვევაში განიხილავს:

”აქ უნდა იყოს ძალიან ფაქიზად დაცული ბალანსი რწმენის და რელიგიის თავისუფლებასა და, მეორე მხრივ, გამოხატვის თავისუფლებას შორის. ეს ორივე უფლება დაცულია ევროპული კონვენციით - ერთი მე-9, მეორე მე-10 მუხლით. არც ერთი არ არის აბსოლუტური უფლება, ორივეს შეზღუდვა შეიძლება, მაგრამ შეზღუდვას უნდა ჰქონდეს თავისი ლეგიტიმური მიზანი. ეს მიზანი უნდა იყოს დასაბუთებული”.

ამასთან, შალვა შავგულიძის თქმით, კანონპროექტი დასახვეწი იყო იმ მხრივაც, რომ ის არ იყო სრულ შესაბამისობაში სისხლის სამართლის კოდექსთან.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG