Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საწვავი ძვირდება


"სოკარის" ბენზინგასამართი სადგური ბათუმში
"სოკარის" ბენზინგასამართი სადგური ბათუმში
სირიის ირგვლივ შექმნილი დაძაბულობა ერთ-ერთი მთავარი მიზეზია იმისა, რომ მსოფლიო ბირჟებზე ნავთობის ფასმა ბოლო 6 თვის მაქსიმუმს მიაღწია. საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ვარაუდობს, რომ მსოფლიო ბაზარზე შექმნილმა ვითარებამ შეიძლება საქართველოში საწვავის გაძვირება გამოიწვიოს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკვე აღინიშნა ბენზინის ფასის დაახლოებით 5-თეთრიანი ზრდა.

საქართველოში საწვავის ფასმა კლების ტენდენცია შეაჩერა და ზრდა დაიწყო. ბოლო 6 თვის განმავლობაში, მსოფლიოს ბირჟებზე ნავთობის გაიაფების კვალობაზე, ბენზინისა და დიზელის ფასი საქართველოშიც მცირდებოდა, გაძვირება კი ივლისის მიწურულსა და აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყო. ამ ტენდენციას საქართველოს ნავთობის პროდუქტების იმპორტიორთა კავშირის პრეზიდენტი ვანო მთვრალაშვილი მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესებს უკავშირებს:

”წინა წლებში პრაქტიკა იყო იმისა, რომ, მოხმარებიდან გამომდინარე და ეკონომიკური აქტივობიდან გამომდინარე, ნავთობის ფასები იზრდებოდა. წლევანდელი ზაფხული, წინა ზაფხულებისგან განსხვავებით, სხვაგვარი ტენდენციით გამოირჩეოდა. შეიძლება ითქვას, რომ ნავთობზე ფასების სერიოზული მატება არ დაფიქსირებულა - ძირითადად ფასები იკლებდა. გაძვირება დაიწყო ივლისის ბოლოდან და ეს დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ნავთობზე ფასებმა მოიმატა”.

ვანო მთვრალაშვილის მიერ ნახსენები გასული წლების პრაქტიკა ერთი წლის წინ კრიტიკის საგანს წარმოადგენდა როგორც ავტომოყვარულთა გაერთიანებების, ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან. საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი აქტივისტი, ბექა კემულარია, მაშინ მიიჩნევდა, რომ საწვავის ღირებულება არაბუნებრივად იყო გაზრდილი კომპანიებსა და ხელისუფლებას შორის ფარული გარიგების საფუძველზე:

ჩვენ მოვითხოვთ, რომ კონკრეტულად ბენზინზე შემცირდეს ფასი 62 თეთრით, დიზელზე - 65 თეთრით. ჩვენი მოთხოვნების არდაკმაყოფილების შემთხვევაში, თავად დაადასტურებენ, რომ ამ ბიზნესით პირად მატერიალურ სარგებელს ნახულობს მიხეილ სააკაშვილი”.

დღეს თუ იგივე ფასია, რაც იყო, დავუშვათ, საწყისში, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ახალი შეთანხმებები შედგა და ასე შემდეგ. ეს ნიშნავს სხვა რამეს. საერთაშორისო კონიუნქტურა იცვლება, ყოველდღე იცვლება ნავთობზე ფასები...
გია ხუხაშვილი
ეს განცხადება ბექა კემულარიამ ავტომოყვარულთა საპროტესტო აქციაზე დაახლოებით 1 წლის წინ გააკეთა, თუმცა, ხელისუფლების შეცვლის მიუხედავად, საწვავის ფასები თითქმის იმავე დონეზე რჩება, რაც საპროტესტო მოძრაობის დროს იყო. არადა, ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციაში ყოფნისას საწვავის ფასებს ხელოვნურად გაზრდილად მიიჩნევდნენ. მათ შორის იყო კოალიცია ”ქართული ოცნების” წევრი პარტიის, ”თავისუფალი დემოკრატების”, ერთ-ერთი ლიდერი, ახლა კი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია:

”რეალურად, დღეს 1 ლიტრის ფასზე ზემოგება შეადგენს 35-40 თეთრს. რეალურად, დღეს თქვენ რომ 20 ლიტრი საწვავი შეიძინოთ, იხდით 10 ლარით მეტს”.

იმ პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში მოსვლის თითქმის 1 წლიან პერიოდში, რომელსაც ლევან იზორია წარმოადგენს, საწვავის ფასი მხოლოდ 10-15 თეთრით თუ შემცირდა და ისიც მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაიაფების შედეგად. მაგალითად, თუ შარშან, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, ყველაზე მოხმარებადი ”ევრო რეგულარის” მარკის ბენზინის ფასი 2 ლარსა და 20 თეთრს შეადგენდა, ახლა ის 2 ლარი და 5 თეთრი ღირს. ამ მდგომარეობას ერთი წლის წინანდელი საპროტესტო მოძრაობის აქტივისტი ბექა კემულარია შემდეგნაირად განმარტავს:

”შემცირებული, იცით, რა არის... თუ ავიღებთ, მაგალითად, იმავე პერიოდს... მოგეხსენებათ, საწვავის საერთაშორისო ფასი იცვლება, ნავთობის ფასიც იცვლება და გასაყიდი ფასიც იცვლება და ცვლადია ეს ჩვეულებრივად - როგორც ყველა პროდუქტის ფასი, საწვავის ფასიც იცვლება”.

თუ სირიის გარშემო დაძაბულობის ესკალაცია გაგრძელდა ან, ვთქვათ, თუ სამხედრო ინტერვენცია დაიწყო, ამან შეიძლება რაღაც ეტაპით მაღალი ფასების შენარჩუნება განაპირობოს...
ვანო მთვრალაშვილი
ახლა, ბექა კემულარიას მსგავსად, საწვავის ფასის წარმოქმნის ბუნებრივ გზაზე საუბრობს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გია ხუხაშვილიც:

”დღეს თუ იგივე ფასია, რაც იყო, დავუშვათ, საწყისში, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ახალი შეთანხმებები შედგა და ასე შემდეგ. ეს ნიშნავს სხვა რამეს. საერთაშორისო კონიუნქტურა იცვლება, ყოველდღე იცვლება ნავთობზე ფასები, კოტირება ხდება ე.წ. პლატცით”.

გია ხუხაშვილის მსგავსად, საწვავის ფასის წარმოქმნის ბუნებრივ ხასიათზე საუბრობს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის პრეზიდენტი ვანო მთვრალაშვილიც. იგი გასულ წლებშიც იმასვე ამბობდა, რაზეც მეტყველებს საწვავის სარეალიზაციო ფასის დინამიკაც. ვანო მთვრალაშვილის აზრით, ამჟამად მსოფლიო ბაზარზე შექმნილი ვითარება ნავთობპროდუქტების მაღალი ფასის შენარჩუნების წინაპირობებს ქმნის:

”დაველოდოთ მოვლენებს. თუ სირიის გარშემო დაძაბულობის ესკალაცია გაგრძელდა ან, ვთქვათ, თუ სამხედრო ინტერვენცია დაიწყო, ამან შეიძლება რაღაც ეტაპით მაღალი ფასების შენარჩუნება განაპირობოს”.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში საწვავის ფასის რამდენიმეთვიანი შემცირების პროცესი აგვისტოში კვლავ გაძვირების ტენდენციით შეიცვალა და ბენზინისა და დიზელის ღირებულება შარშანდელ ნიშნულს მიუახლოვდა.
XS
SM
MD
LG