Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საწვავი მხოლოდ უმნიშვნელოდ გაიაფდა


"სოკარის" ბენზინგასამართი სადგური
"სოკარის" ბენზინგასამართი სადგური
ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი საავტომობილო საწვავის გაიაფებას მოელოდა. ასეთი მოლოდინი აწ უკვე მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების წინასაარჩევნო განცხადებებმა განაპირობა. კოალიცია ”ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საწვავი მართლაც გაიაფდა, მაგრამ არა იმ მოცულობით, როგორსაც მოელოდნენ.

საქართველოში ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ ნავთობპროდუქტების ფასი საშუალოდ 5 თეთრით შემცირდა. მოსახლეობის დიდი ნაწილი - ის, ვინც აქტიურად მოიხმარს საავტომობილო საწვავს, უფრო მეტ გაიაფებას მოელოდა, თუმცა ნაწილი მაინც კმაყოფილია.

”შვიდი თეთრით დაიკლოო, მე ასე ვიცი... რომ დაიკლო, კმაყოფილი ვარ...”

”10 თეთრს მართლა არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ როცა 2 ლარს იხდი, შემდეგ ეკონომიაზე ლაპარაკი ზედმეტია.”


მოსახლეობის ის ნაწილი, რომელმაც კოალიცია ”ქართული ოცნების” წინასაარჩევნო დაპირებები ირწმუნა, საწვავის ფასის უფრო მეტად გაიაფებას ელოდა. ჯერ კიდევ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე კოალიცია ”ქართული ოცნების” წევრი პარტიის, ”თავისუფალი დემოკრატების”, ერთ-ერთმა ლიდერმა, ახლა კი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ გამოაცხადა, რომ საწვავის კომპანიების უმრავლესობა მონოპოლისტურ საქმიანობას ეწევა:

”რეალურად დღეს 1 ლიტრის ფასზე ზემოგება შეადგენს 35-40 თეთრს. რეალურად დღეს თქვენ რომ 20 ლიტრი საწვავი შეიძინოთ, იხდით 10 ლარით მეტს”.
კეთილი ინებეთ და მოიყვანეთ ჭკუაზე და მოიყვანეთ ნორმაში, რომ მომავალში არ დაგვჭირდეს ამაზე, ვთქვათ, მითითებები და ზედმეტად ვინმეს უხერხულ სიტუაციაში ჩადგომა არ მოუწიოს ...
ბიძინა ივანიშვილი

ლევან იზორიამ ეს განცხადება მიმდინარე წლის დასაწყისში გააკეთა. მან ასევე საწვავის იმპორტიორ კომპანიებს შორის კარტელურ გარიგებასა და მონოპოლიურ მდგომარეობაზეც ილაპარაკა. მმართველი პოლიტიკური ძალა სწორედ მსგავს მდგომარეობას ასახელებს ნავთობპროდუქტების სიძვირის მთავარ მიზეზად. ასეთი ვითარების მიუღებლობაზე ისაუბრა ბიზნესმენებთან ორიოდე კვირის წინ გამართულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა:

”აუცილებლად შევებრძოლებით მონოპოლიებს და შევებრძოლებით კარტელურ შეთანხმებებს, რომ ეს ფასები... ძალიან ბევრი არარეალური ფასია დღეს, ამაზე მე არ გავჩერდები, მაგრამ თქვენც კარგად მოგეხსენებათ. ვისაც შეგიძლიათ, ახლავე იზრუნეთ, ახლავე იზრუნეთ, სანამ მოგაკითხავენ, რომ ის მოგონილი ფასები... კეთილი ინებეთ და მოიყვანეთ ჭკუაზე და მოიყვანეთ ნორმაში, რომ მომავალში არ დაგვჭირდეს ამაზე, ვთქვათ, მითითებები და ზედმეტად ვინმეს უხერხულ სიტუაციაში ჩადგომა არ მოუწიოს.”

ამ განცხადებებიდან ორიოდე დღის შემდეგ საწვავის ერთ-ერთმა მსხვილმა რეალიზატორმა კომპანია ”ვისოლმა” ბენზინის ფასი საშუალოდ 8 თეთრით შეამცირა. რამდენიმედღიანი ინტერვალის შემდეგ შედარებით მცირე მოცულობით გაიაფდა სხვა კომპანიების საწვავიც, ხოლო „ვისოლის“ ფასი კვლავ გაიზარდა და დაახლოებით კონკურენტების მაჩვენებელს გაუტოლდა.

ასეთი პროცესები ბიზნესზე ზემოქმედებად შეაფასა ”თავისუფალი უნივერსიტეტის” ხელმძღვანელმა კახა ბენდუქიძემ ტელეკომპანია ”მაესტროს” ეთერში ჟურნალისტებთან გამართული დისკუსიისას:

კახა ბენდუქიძე
კახა ბენდუქიძე
”ეს რა არის ესე იგი, ეს არის ხელისუფლების ზემოქმედება... ვიღაცას შეეშინდა და დასწია.”

ეს დისკუსია ტელეკომპანია ”მაესტროს” გადაცემა ”პრეს პრესში” გაიმართა, რომელშიც ჟურნალისტების ერთი ნაწილი ამტკიცებდა, რომ ნავთობპროდუქტების ფასები კომპანიებს შორის შეთანხმების გამო არაბუნებრივად მაღალია. ისინი საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის კლებასა და საქართველოს ბაზარზე საწვავის ფასების მატებას საეჭვოდ მიიჩნევდნენ. 2004-2007 წლებში საქართველოში განხორციელებული რეფორმების ერთ-ერთი ავტორი, კახა ბენდუქიძე, შეეცადა ჟურნალისტებისთვის მარტივი მაგალითით ეჩვენებინა, თუ როგორ ყალიბდება საწვავის ფასი.

კახა ბენდუქიძე: „თქვენ მითხარით შემდეგი რაღაც, გავიმეოროთ კიდევ ერთხელ: როდესაც საერთაშორისო ფასი გაიზრდება, მე ფასს გავზრდი და თუ ფასი შემცირდა, მე ფასს არ შევამცირებ”.

ჟურნალისტი: იმ შემთხვევაში, თუ ძვირად მაქვს ნაყიდი.

კახა ბენდუქიძე: „ცხადია, თუ შემცირდა. შემცირდა ნიშნავს, რომ ადრე იყო მეტი და ახლა გახდა ნაკლები. ესე იგი ძვირად გაქვთ ნაყიდი და ახლა არის ნაკლები. ანუ თქვენ აღწერეთ, თქვენ თვითონ...
დაბეგვრა აქციზის და დამატებული ღირებულების არის მნიშვნელოვნად ნაკლები, ვიდრე ჩვენთან და ეს განაპირობებს იმას, რომ ფასი დაბალია ...
ვანო მთვრალაშვილი

ჟურნალისტი: მე აღვწერე ”გალფის” პრეზიდენტის ქცევა, ხომ?

კახა ბენდუქიძე: „და თქვენი ქცევაც ასეთი იქნებოდა, ხომ?“

კახა ბენდუქიძის და კიდევ სხვა ექსპერტების არგუმენტებს ოპონენტები სომხეთში არსებულ რეალობას უპირისპირებენ - სომხეთში, სადაც ნავთობპროდუქტები საქართველოდან შედის, ხოლო საწვავის ფასი საშუალოდ 15 თეთრით ნაკლებია, ვიდრე საქართველოში. ამის განმარტებას ”ნავთობის იმპორტიორთა კავშირის” თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი ცდილობს:

”იქ საგადასახადო კანონმდებლობა არის სხვაგვარი. ანუ დაბეგვრა აქციზის და დამატებული ღირებულების არის მნიშვნელოვნად ნაკლები, ვიდრე ჩვენთან და ეს განაპირობებს იმას, რომ ფასი დაბალია”.

ვანო მთვრალაშვილი და ამ სფეროს სხვა ექსპეტები საქართველოში არსებული საწვავის ფასის სხვა განმაპირობებელ ფაქტორებზეც ლაპარაკობენ. ეს არის მზარდი მოთხოვნა, რაც ეკონომიკის ზრდის ტემპის შესაბამისია და ასევე ოპერატორი კომპანიების ინვესტიციების მოცულობა, რომლებიც მათ ინფრასტრუქტურისა თუ მომსახურების გაუმჯობესებაში გასწიეს. ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, საწვავის ფასის კლება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასი საგრძნობლად შემცირდება.
XS
SM
MD
LG