ერაყსა და სირიაში მოქმედი ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ოქტომბერში საიდუმლო წერილი გაუგზავნა ირანის უზენაეს სასულიერო ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის. გაზეთ „უოლ სტრიტ ჯორნალში“ გამოქვეყნებული ეს ინფორმაცია მთავარ პოლიტიკურ ამბად იქცა არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ მთელ მსოფლიოში.
„უოლ სტრიტ ჯორნალში“ 6 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ირანის სასულიერო ლიდერისადმი გაგზავნილ წერილში ობამა ხაზს უსვამს, რომ ნებისმიერი თანამშრომლობა დაემყარება იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით 24 ნოემბერს მიიღებენ. გაზეთი აღნიშნავს, რომ ობამამ ხამენეის უკვე მეოთხედ გაუგზავნა წერილი. თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯოშ ერნესტმა არც უარყო და არც დაადასტურა აღნიშნული ინფორმაცია, მხოლოდ ის უთხრა ჟურნალისტებს, რომ ირანთან მიმართებით აშშ-ის პოლიტიკა უცვლელი რჩება:
„აშშ ირანთან მოლაპარაკებებში პ-5 -ის ფორმატში მონაწილეობს, რათა გადაიჭრას ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული პრობლემა, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებას იწვევს. ჩვენ, სულ მცირე, რამდენჯერმე გვქონდა მსჯელობა, ამ მოლაპარაკებების ფარგლებში, იმ სამხედრო კამპანიის თაობაზე, რომელსაც „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ აწარმოებენ აშშ და ის გაფართოებული კოალიცია, რომელშიც ახლა 60 წევრზე მეტი სახელმწიფოა გაერთიანებული“.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ვაშინგტონი ირანს სთავაზობდეს იმ ოპერაციაში მონაწილეობას, რომელსაც ახალი კოალიცია ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ აწარმოებს:
„აშშ არ აპირებს ირანთან თანამშრომლობას ამ ოპერაციაში. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ გავუზიაროთ მათ სადაზვერვო ინფორმაცია, მაგრამ ირანის დაინტერესება ამ ოპერაციის შედეგით, რაც ხშირად გამხდარა კომენტარების თემა, არის ის, რაზეც სხვა მოლაპარაკებებისას გამართულა დისკუსია“.
„უოლ სტრიტ ჯორნალში“ გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ჯონ ბოენერი, რომელიც ეჭვის თვალით უყურებს არა მხოლოდ ირანის ჩაბმას „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ კამპანიაში, არამედ თვით ირანთან მიმდინარე მოლაპარაკებებსაც:
„მომისმინეთ, მე არ ვენდობი ირანის ხელისუფლებას. არა მგონია, რომ საჭირო იყო მათი ამ ძალისხმევაში ჩართვა და, მიუხედავად იმისა, რომ სერიოზულად მიმდინარეობს, მე ეჭვის თვალით ვუყურებ ირანთან მიმდინარე მოლაპარაკებებსაც“.
აღსანიშნავია, რომ აშშ-იც და ირანიც ეწინააღმდეგებიან „ისლამურ სახელმწიფოს“, რომელიც სირიისა და ჩრდილოეთ ერაყის მნიშვნელოვან ტერიტორიას აკონტროლებს. ირანმა დაადასტურა, რომ სამხედრო მრჩეველთა ჯგუფი გაგზავნა ერაყში. გრადა ამისა, თეირანი ლოგისტიკურ დახმარებასაც უწევს ერაყის მთავრობას „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ომში. თუცა ირანმა გააკრიტიკა აშშ-ის ლიდერობით მოქმედი კოალიცია, ერაყისა და სირიის ტერიტორიაზე საავიაციო იერიშების გამო.