Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა სენატორებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ირანისთვის ახალი სანქციების დაწესებისგან


აშშ-ის პრეზიდენტი 19 ნოემბერს სენატს მიმართავს და შეეცდება დაიყოლიოს კანონმდებლები, თავი შეიკავონ ირანისთვის დამატებითი სანქციების დაწესებისგან, რადგან მოლაპარაკება თეირანის ბირთვული პროგრამის გარშემო ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ჩვენი კორესპონდენტი გოლნაზ ესფანდიარი ვაშინგტონიდან იტყობინება, რომ სენატორები განიხილავენ ორ შესაძლებლობას: გაამკაცრონ სანქციები თუ დიპლომატიურ საშუალებებს მისცენ „გზა ფართო“, როგორც პრეზიდენტი და ადმინისტრაციის მაღალი წარმომადგენლები ითხოვენ.

ირანისთვის ახალი სანქციების დაწესების შესაძლო შედეგებზე ბოლო ხანებში სხვადასხვა მოსაზრებებს გაიგონებდით ვაშინგტონში. ერთნი, ისრაელის მომხრე ჯგუფები და „ქორები“ კონგრესში, ფიქრობენ, რომ ამ ეტაპზე, ჟენევაში ირანსა და მსოფლიოს ექვს წამყვან ქვეყანას შორის მოლაპარაკების შემდეგი რაუნდის წინ, დასავლეთს უფრო ძლიერი ბერკეტები გაუჩნდება, მეტი ზეწოლა მოახდინოს ირანზე. სხვათა აზრით, ახალი სანქციები დიპლომატიური, მშვიდობიანი გზით მოლაპარაკებას ჩაშლიდა. ჟენევის მოლაპარაკებამდე, „5+1“-ის სახელით ცნობილ შეხვედრამდე, ერთი-ორი დღე რჩება და, როგორც „ფორინ პოლისის“ სახელმწიფო უშიშროების საკითხებში რეპორტიორი ჯონ ჰადსონი ამბობს, დღემდე არაა ცხადი, მიაღწია თუ არა ობამას ადმინისტრაციამ კანონმდებლების დარწმუნებას იმაში, რომ ამ ეტაპზე სანქციებისგან თავის შეკავება ჯობს:

„დიდი სამუშაოს ჩატარება მოგიწევთ სენატის საბანკო კომიტეტთან, რომელიც ირანისთვის ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს. ასეთი სანქციები ნავთობით ვაჭრობის სფეროში წარმომადგენელთა პალატამ უკვე დააწესა. ამდენად, არის საშიშროება, რომ სენატორთა ნაწილი შეეცადოს შესწორებების შეტანას ამ დოკუმენტში, სენატის თავდაცვის უფლების პროექტში“.

თუ ჩვენ სერიოზულად ვუდგებით დიპლომატიური ზომების გატარებას, მაშინ უკვე არსებულ, ძალიან ეფექტიან სანქციებზე ახალი სანქციების დამატება საჭრო არ არის...
ბარაკ ობამა
სენატმა ეს დოკუმენტი უნდა განიხილოს ამ დღეებში, ჟენევის მოლაპარაკების წინ. თუმცა მიმომხილველები მოელიან, რომ დეკემბერამდე ამ დოკუმენტში სანქციების შესახებ პასაჟის დამატებაზე არ იმსჯელებენ. ზოგიერთი რესპუბლიკელი სენატორიც ფიქრობს, რომ პროექტისთვის დამატებული სანქციების ამოქმედება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სამიდან ექვს თვეში, რათა დიპლომატიას მიეცეს განხორციელების შესაძლებლობა. მათ რიცხვში, ვინც დამატებითი სანქციების მომხრეა და მიაჩნია, რომ შეერთებულ შტატებს ამით ახალი ბერკეტები გაუჩნდება, მარკ დაბოვიციცაა, დემოკრატიის დაცვის მკაცრი ხაზის მომხრე ფონდის დირექტორი. ეს ორგანიზაცია უწევდა კონგრესს სანქციების სფეროში კონსულტაციებს. სხვების აზრით, ირანზე დამატებითი ზეწოლა სწორედ მოლაპარაკების დროს მოლაპარაკებებს ჩაშლიდა. სენატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე დაიან ფაინსტაინი არ ემხრობა სანქციების დაწესებას მოლაპარაკების პერიოდში. მისი აზრით, ეს კარგ შედეგამდე არ მიგვიყვანს. რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი, ირანში აშშ-ის პოლიტიკის მთავარი კრიტიკოსი, ამბობს, რომ, მიუხედავად თავისი სკეპტიკური დამოკიდებულებისა, მას სურს ადმინისტრაციას მისცეს რამდნიმე თვე, სანამ სანქციებზე იმსჯელებდნენ. სხვა ოთხმა რესპუბლიკელმა სენატორმა 14 ნოემბერს ობამას საგანგებოდ მისწერა წერილი, სადაც ირანის მიმართ სანქციების გამკაცრებას მოითხოვდნენ. პრეზიდენტი ობამა 19 ნოემბერს განუმარტავს სენატორებს თავის პოზიციას და კიდევ ერთხელ აუხსნის მათ, რომ სანამ მოლაპარაკება მიდის, ახალი სანქციების დაწესება მართებული არ იქნება, როგორც ეს მან გასულ კვირაში უკვე თქვა:

„თუ ჩვენ სერიოზულად ვუდგებით დიპლომატიური ზომების გატარებას, მაშინ უკვე არსებულ, ძალიან ეფექტიან სანქციებზე ახალი სანქციების დამატება საჭრო არ არის“.

ირანელი მიმომხილველი ალირეზა ნადერი ფიქრობს, რომ ახალი სანქციები შეთანხმებას ჩაშლიდა:

„ბოლო რაუნდზე ირანი და ექვსი წამყვანი სახელმწიფო ძალიან ახლოს იყვნენ შეთანხმების ხელმოწერასთან. ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო შეთანხმებასთან ბოლო ათ წელიწადში, ალბათ, ყველაზე ახლოს ვიყავით. ირანმა მოლაპარაკების გზით საკითხის მოგვარების მხრივ სერიოზულობა გამოავლინა. თუ კონგრესი სანქციებს შემოიღებს, ამით გამოჩნდება, რომ აშშ მოლაპარაკებით საკითხის მოგვარებას სერიოზულად არ განიხილავს“.

ნადერის აზრით, სანქციებმა ირანი შეიძლება მიიყვანა მოლაპარაკების მაგიდასთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ახალი სანქციები მას მაგიდასთან დატოვებს. 17 ნოემბერს ირანის პარლამენტის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის წევრმა ჰოსეინ ასაფარიმ განაცხადა, რომ ირანი დატოვებს მოლაპარაკების მაგიდას, თუ კონგრესი ახალ სანქციებს დააწესებს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG