Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მესამე (და ბოლო) დებატებში ობამა და რომნი საგარეო პოლიტიკის საკითხებზე ისაუბრებენ


მიტ რომნი (მარცხნივ) და ბარაკ ობამა მეორე დებატების დროს, რომელიც 16 ოქტომბერს გაიმართა
მიტ რომნი (მარცხნივ) და ბარაკ ობამა მეორე დებატების დროს, რომელიც 16 ოქტომბერს გაიმართა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა და რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატი მიტ რომნი ორშაბათს საღამოს ბოლოჯერ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს წინასაარჩევნო დებატების ფორმატში, სანამ ამერიკელები გადაწყვეტენ, თუ ვინ გახდება ქვეყნის მორიგი პრეზიდენტი 6 ნოემბრის არჩევნებში.

პოლიტიკური მეტოქეების საათნახევრიანი დებატები ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ ფლორიდის შტატის ქალაქ ბოკა რატონში გაიმართება. დებატების მოდერატორი ობამასა და რომნის სასაუბროდ ხუთ თემას შესთავაზებს. ესენია: „ამერიკის როლი მსოფლიოში“, კონფლიქტები ავღანეთსა და პაკისტანში, ისრაელი და ირანის ბირთვული პროგრამა; „ცვალებადი ახლო აღმოსავლეთი და ტერორიზმის ახალი სახე“; „ჩინეთის აღზევება და ხვალინდელი მსოფლიო“.

პოლიტიკური მიმომხილველების ვარაუდით, პრეზიდენტობის მანძილზე დაგროვილი გამოცდილების გამო ობამას არ უნდა გაუჭირდეს საგარეო პოლიტიკის საკითხებზე წარმოებულ დებატებში მონაწილეობა. ბიზნესმენი და ყოფილი გუბერნატორი რომნი კი საგარეო პოლიტიკაში გამოუცდელია.

სწორედ ამ გარემოებას უსვამს ხაზს სტეფანი სანოკი, ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ცენტრის საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამის დირექტორის მოადგილე. მისი აზრით, ობამა ეცდება, თავისი ოთხწლიანი პრეზიდენტობა წარმატებული საგარეო პოლიტიკით წარმოაჩინოს.

„პრეზიდენტი აუცილებლად ახსენებს წარმატებულ საგარეო პოლიტიკას ოსამა ბინ ლადენით დაწყებული, ‘არაბული გაზაფხულის’ მხარდაჭერით დამთავრებული და, ვფიქრობ, იტყვის, რომ ეს იყო აშშ-ის გააზრებული ჩარევა. ჩემი აზრით, ის ასევე ისაუბრებს ამერიკის ძალის ძირითადი ფოკუსისა და დაბალანსებული პოლიტიკის შესახებ წყნარი ოკეანის რეგიონისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართ. შესაბამისად, ხაზს გაუსვამს თავის წარმატებას ზემოხსენებულ რეგიონებში. ის ასევე ისაუბრებს ერაყიდან წარმატებით გამოსვლაზე და 2014 წელს აშშ-ის ძალების ავღანეთიდან გამოსვლის განსაზღვრულ თარიღებზე.“

სანოკის აზრით, ავღანეთსა და პაკისტანის ნაწილში მიმდინარე ომების შესახებ, რომნიმ კონკრეტული პოზიცია უნდა დააფიქსიროს.

„როგორ წარმოუდგენია გუბერნატორ რომნის ავღანეთის სამხედრო მდგომარეობა და რას ფიქრობს ამავე თემაზე პრეზიდენტი ობამა; თუ აშშ 2014 წლის ბოლოსთვის ავღანეთიდან ჯარს გაიყვანს, როგორ გაგრძელდება ამ ქვეყნის მხარდაჭერა, რა ენდომებათ ავღანელებს? როგორი პოლიტიკა ექნება აშშ-ს პაკისტანთან მიმართებით?“

რომნიმ განაცხადა, რომ არ მისცემს უფლებას ირანს, მიაღწიოს ატომური იარაღის შექმნის ეტაპს, მაშინ როცა, ობამას თქმით, ის ირანს ატომური იარაღის „მოპოვების“ საშუალებას არ მისცემს. სანოკი თვლის, რომ საჭიროა, ორივე კანდიდატმა უკეთ განმარტოს, რას გულისხმობენ.
XS
SM
MD
LG