Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მონეტარული პოლიტიკის 8%-იანი განაკვეთი და მისი შენარჩუნების მიზეზები


ეროვნული ბანკის მომავალი პრეზიდენტის თემა და მის მიერ პერსპექტივაში წარმოებული პოლიტიკა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს უახლოეს პერიოდში ეკონომიკური სტაბილურობის ბედს. მოგეხსენებათ, ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ინფლაციის დონის კონტროლია. ამ ფუნქციას ის სხვადასხვა ინსტრუმენტით ახორციელებს. ერთ-ერთი მათგანია რეფინანსირების განაკვეთი.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2016 წლის თებერვალში მიიღო გადაწყვეტილება, რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვოს. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს.

ეს საკმაოდ მკაცრი პოლიტიკის შენარჩუნების მაჩვენებელია, თუმცა იმასაც მოწმობს, რომ ბანკმა პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება საჭიროდ არ მიიჩნია.

ამ გადაწყვეტილებას ეროვნულ ბანკში ასე ხსნიან: მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეყრდნობა მაკროეკონომიკურ პროგნოზებს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2015 წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, ერთი მხრივ, დადებითად აისახება ინფლაციური მოლოდინების შემცირებაზე, ხოლო, მეორე მხრივ, ერთობლივი მოთხოვნის დამატებითი შებოჭვით შეასუსტებს ინფლაციურ ზეწოლას. პროგნოზის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ ინფლაციამ 2016 წლის დასაწყისში მცირედით გადააჭარბოს 5 პროცენტს, ხოლო შემდეგ ჩამოსცდეს 5-პროცენტიან მაჩვენებელს, თუმცა კვლავ მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში დარჩეს.

იანვარში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 5.6 პროცენტი შეადგინა. ინფლაციის განმსაზღვრელი კვლავ მიწოდების მხარეს მოქმედი ფაქტორებია - კერძოდ, გაცვლითი კურსის გაუფასურებით განპირობებული წარმოების შუალედური ხარჯების მატება და ცალკეულ იმპორტირებულ საქონელზე ფასების ზრდა. ინფლაციის მაჩვენებელზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა ასევე ელექტროენერგიის გადასახადის ერთჯერად მატებას. ინფლაციის ზრდას სუსტი ერთობლივი მოთხოვნა და მსოფლიო ბაზარზე გაიაფებული ნავთობისა და სურსათის ეფექტი ზღუდავს.

როგორც ეროვნულ ბაკში აცხადებენ, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა პროგნოზირებულთან შესაბამისია. წინასწარი შეფასებით, ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2015 წელს 2.8 პროცენტი შეადგინა. საგარეო სექტორი კვლავ რჩება ეკონომიკური ზრდის ძირითად შემაფერხებელ ფაქტორად. რეგიონში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარება ნეგატიურ ასახვას პოვებს საქონლისა და მომსახურების ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებზე. განვლილ პერიოდში ეკონომიკური ზრდა ძირითადად შიდა მოთხოვნით იყო განპირობებული, თუმცა უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებზე, ლარი/აშშ დოლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების გამო, მომსახურების ტვირთის ზრდა მოთხოვნის შესუსტებაზე მოქმედებდა.

პოზიტიური ტენდენციები გრძელდება საგარეო დისბალანსის აღმოფხვრის მხრივ. შემცირებული სავალუტო შემოდინებების ფონზე, გაცვლითი კურსის ცვლილებამ დააჩქარა იმპორტის კორექტირების პროცესი. 2015 წელს იმპორტის წლიურმა კლებამ 15.3 პროცენტი შეადგინა (ერთჯერადი ფაქტორების გათვალისწინების გარეშე). შესაბამისად, დღევანდელი მონაცემებით, საგარეო შოკის გავლენა გაცვლით კურსზე ამოწურულია. სხვა თანაბარ პირობებში არსებული საგარეო შოკიდან კურსზე დამატებითი ზეწოლა მოსალოდნელი არ არის.

2015 წლის მანძილზე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ეკონომიკაზე ნაწილობრივ აისახა. გაიზარდა საპროცენტო განაკვეთები ლარით დენომინირებულ სესხებზე და შედეგად შემცირდა საკრედიტო პორტფელის ზრდა, რაც ერთობლივ მოთხოვნას კიდევ უფრო შეასუსტებს და ფასებზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე, თუ სხვა დამატებითი შოკები არ გამოიკვეთა, ინფლაციის მოლოდინების მოსათოკად პოლიტიკის დამატებითი გამკაცრება ეროვნულმა ბანკმა საჭიროდ აღარ ჩათვალა, თუმცა არც შესუსტება მიიჩნია მიზანშეწონილად. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2016 წლის 9 მარტს გაიმართება.

XS
SM
MD
LG