ყოველკვირეული „ახალი ევროპის“ დღევანდელი თემაა ევროზონისა და ევროკავშირის წინაშე მდგარი გამოწვევები საბერძნეთში 5 ივლისს ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ, რომელზეც მოსახლეობის დიდმა ნაწილმა უარი თქვა საერთაშორისო კრედიტორების მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე. რა იქნება შემდეგ და ემუქრება თუ არა საბერძნეთის კრიზისი მთელ ევროზონას? ამ და სხვა შეკითხვაზე მსჯელობენ ჩვენი რადიოს კორესპონდენტი ბრიუსელში რიკარდ იოზვიაკი და ჯუდი დემპსი, რომელიც ევროპის კარნეგის ფონდის უფროსი თანამშრომელი და ინტერნეტსაიტ „ევროპული სტრატეგიის“ მთავარი რედაქტორია.
„მე გეტყვით იმას, რაც არ უნდა მოხდეს. არ უნდა მოხდეს ის, რომ ეროვნული მთავრობები დაშორდნენ ევროპულ ხედვას ევროპის მომავალზე. საბერძნეთის კრიზისმა გააშიშვლა წარმოუდგენელი სისუსტე ევროპისა, გაეაზრებინა ამ კრიზისის რაობა. ეს კრიზისი არ უკავშირდება მხოლოდ ფულს, ეს კრიზისი არ უკავშირდება მხოლოდ საბერძნეთის სახელმწიფოს შემზარავ მდგომარეობას, ეს კრიზისი ევროპის მომავალს უკავშირდება. თუმცა ამაზე კამათში დომინირებს საბერძნეთზე ზეწოლა და მისი ის სიჯიუტე, რომლის გამოც საბერძნეთი ვერ გაუმკლავდა თავის წინაშე მდგარ უზარმაზარ პრობლემებს. მასში იგნორირებულია უფრო დიდი სურათი, რომ, თუ საბერძნეთი დატოვებს ევროზონას, მაშინ რეალურად, რეალურად დაზიანდება მონეტარული კავშირის ლეგიტიმურობა. ამ ყველაფერთან ერთად, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება ევროპის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის მთელი იდეაც. ეს ევროპის ლიდერობისათვის დიდი მარცხი იქნება“, ამბობს ჯუდი დემპსი, ევროპის კარნეგის ფონდის უფროსი თანამშრომელი და ინტერნეტსაიტ „ევროპული სტრატეგიის“ მთავარი რედაქტორი, რომელიც დარწმუნებულია, რომ საბერძნეთის კრიზისი მთელ ევროზონას ემუქრება.
„დიახ, ეს იქნება შოკისმომგვრელი ევროზონისათვის. ის ფაქტი, რომ ევროზონის ქვეყნებმა ვერაფერი მოუხერხეს პატარა ქვეყნის კრიზისს, რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან, ძალიან დიდია, დიახ, საფრთხეს უქმნის ევროპას და ევროპული ინტეგრაციის მომავალსო“, - უთხრა ჯუდი დემპსიმ ჩვენი რადიოს კორესპონდენტს რიკარდ იოზვიაკს, რომელმაც ევროპული საკითხების ექსპერტს ჯუდი დემპსის ისიც ჰკითხა, თუ რას მოიტანს ჯერ ევროზონის ქვეყნების ლიდერების, შემდეგ კი ევროზონის ფინანსთა მინისტრების 7 ივლისის შეხვედრა ბრიუსელში.
„რთულია ამაზე ლაპარაკი. აქ გერმანელ კომენტატორებს, გერმანიისა და მთელი ევროპის პოლიტიკურ ელიტას ვუსმენ. არა მგონია, რომ მათ გაითავისეს ან არ სურთ გაითავისონ ის პრობლემები, რომლებიც ე. წ. „გრექსიტს“, ანუ საბერძნეთის ევროზონიდან გასვლას, უკავშირდება. მას შემდეგ, რაც საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი ახალ სერიოზულ პაკეტს წარმოადგენს, - და მას ახლა ჰყავს ახალი ფინანსთა მინისტრი, - ეს ატმოსფეროს გააუმჯობესებს, მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი. რა მოხდება მომავალში, არ ვიცი. ვისურვებ მხოლოდ, რომ საბერძნეთმა არ დატოვოს ევროზონა. მართლა არ ვიცი, რა მოხდება. ერთი რამე მსურს, რომ მან, ევროპის პოლიტიკურმა ელიტამ, დღის წესრიგში შეიტანოს მსჯელობა იმაზე, თუ რას ნიშნავს საბერძნეთის კრიზისი ევროპისათვის და რა სტრატეგიული ზეგავლენა ექნება მას დასავლეთ ბალკანეთზე, საბერძნეთზე, დევნილებზე, კვიპროსზე, ტრანსატლანტიკურ თანამშრომლობაზე და რამდენად შესწევს ევროპას უნარი იზრუნოს თავის წევრებზე, მოუაროს არა მხოლოდ საკუთარ ნაკლოვანებას, არამედ გაუმკლავდეს თავისი წევრი სახელმწიფოს კრიზისს. თუ ევროპა და ევროპის კაშირი, როგორც ინსტიტუტები, ვერ შეძლებენ ამის მიღწევას, მაშინ ჩვენ დავიწყებას მივეცემით, როგორც მთვარეულები“.
არსებობს თუ არა იმის საფრთხე, რომ რუსეთმა ისარგებლოს საბერძნეთის კრიზისით და გადადგას ნაბიჯი ამ ვაკუუმის შესავსებად? - ეს იყო ბოლო შეკითხვა, რომელიც ჩვენმა კოლეგამ დაუსვა ჯუდი დემპსის.
„ეს, მართლაც, ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა. თუ „გრექსიტი“ მოხდება, ნამდვილად ვფიქრობ, რომ ჩვენ აღარ გვექნება შესაძლებლობა მოვუაროთ უკრაინის კრიზისს, რადგან ორივე პრობლემა დიდ გამძლეობას მოითხოვს. მესმის, რომ, ერთი შეხედვით, მათ ერთმანეთთან თითქოს არანაირი კავშირი არა აქვთ, მაგრამ ორივე პრობლემა ევროპისათვის გლობალური მნიშვნელობისაა. უკრაინის შემთხვევაში რუსეთი ელოდება, რომ ჩვენ დავმარცხდებით და ვერ მივაღწევთ წარმატებას ფუნდამენტური რეფორმების, ოლიგარქიული მმართველობისაგან რეალური განთავისუფლების, კორუფციის დამარცხებისა და გამჭვირვალე მართვის ჩამოყალიბების მიმართულებით. რუსეთის ხელისუფლება მხოლოდ ოცნებობს იმაზე, რომ ჩვენ დავმარცხდეთ საბერძნეთში, რაც, ეჭვგარეშეა, მას შესაძლებლობას მისცემს ისარგებლოს ევროკავშირის ამ უკიდურესი სისუსტით“.