Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NDI-ის კვლევის პოლიტიკური შეფასებები


NDI-ის გამოკითხვის - "საზოგადოების განწყობა საქართველოში“ - პრეზენტაცია. 2012 წლის 21 მარტი
NDI-ის გამოკითხვის - "საზოგადოების განწყობა საქართველოში“ - პრეზენტაცია. 2012 წლის 21 მარტი
26 მარტს, გვიან საღამოს, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებისთვის ხელმისაწვდომი გახდა ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის - NDI-ის - გამოკვლევის ”საზოგადოებრივი განწყობა საქართველოში” ის ნაწილი, რომელიც პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს შეეხება. ტრადიციულად, ორგანიზაცია პოლიტიკური რეიტინგების შესახებ ინფორმაციას თავად პარტიებს აწვდის და ის საჯაროდ არ ქვეყნდება. NDI გამოკვლევაში ნაჩვენები პროცენტების შესახებ კომენტარს არ აკეთებს. კოალიცია ”ქართულ ოცნებაში” კვლევის შედეგებს არ ენდობიან, ”ნაციონალური მოძრაობა” მიღებულ მაღალ პროცენტებს საეჭვოდ არ მიიჩნევს, „ქრისტიან-დემოკრატებს“ კი გამოკვლევა ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს.

სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული მონაცემების მიხედვით, NDI -ის მიერ დასმულ კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 47% ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, გამოკითხული რესპონდენტების 10% კი კოალიცია ”ქართულ ოცნებას” ასახელებს, მესამე ადგილს ამავე კითხვაზე, 3%-ით, ”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” იკავებს. გამოკვლევის შედეგად წარმოდგენილი დაბალი პროცენტული მაჩვენებელი ”ქართული ოცნების” პრესსპიკერს, მაია ფანჯიკიძეს, აფიქრებინებს, რომ გამოკვლევა რეალურად არსებულ სურათს არ ასახავს და ასეთი ციფრების გამოჩენა სოციოლოგიური კვლევის ჩატარების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს; ამასთან, მსგავსი შედეგებით მხოლოდ მმართველ პარტიას ეძლევა მანიპულაციის საშუალება. მაია ფანჯიკიძეს უკვირს, რატომ ცდილობს NDI მათი პოლიტიკური კოალიციის რეიტინგების შემცირებას და რატომ ზრდის ამით მისდამი უნდობლობის ხარისხს:
რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ისეთ ისტერიკაში არიან ჩავარდნილები, რომ არ უნდა ჰქონდეთ ასე საქმე, ეს ციფრები მართალი რომ იყოს...
მაია ფანჯიკიძე

”100% რომ ეთქვა NDI-ს ჩვენი მხარდაჭერის, ისევე არ დავიჯერებდით, როგორც არ ვიჯერებთ 10%-ს. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ისეთ ისტერიკაში არიან ჩავარდნილები, რომ არ უნდა ჰქონდეთ ასე საქმე, ეს ციფრები მართალი რომ იყოს. აქედან გამომდინარე, ჩვენს სტრატეგიაში არავითარ ცვლილებას არ ვაპირებთ დღეიდან ოქტომბრამდე და ამ გეგმის მიხედვით ვმუშაობთ, ყოველგვარი ციფრების ზეგავლენის გარეშე.”

მაია ფანჯიკიძისგან განსხვავებით, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალურ მდივანს, მიხეილ მაჭავარიანს, არა აქვს საფუძველი ეჭვქვეშ დააყენოს NDI-ის კვლევის შედეგები. მისი სიტყვებით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ კვლევის შედეგები იმის მაჩვენებელია, თუ რამდენად ადეკვატურია პარტია ქვეყანაში არსებული გამოწვევების მიმართ. რეიტინგების ეჭვქვეშ დაყენება მიხეილ მაჭავარიანს საკუთარ პრობლემებზე თვალის დახუჭვად მიაჩნია:

”ამ კვლევაში ერთი რაღაც მოგეწონოს და მეორე არ მოგეწონოს და ამიტომ გაბრაზდე კვლევაზე, ეს იგივეა, გადაიღო კარდიოგრამა, არ მოგეწონოს და გაბრაზდე შენს გულზე.”

აქვე ვთქვათ, რომ კითხვაზე, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 29% ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს ასახელებს, თუმცა აქ კონკრეტული სახელი და გვარი არ არის ნახსენები. ამავე კითხვაზე ბიძინა ივანიშვილს, როგორც პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატს, გამოკითხულთა 12% ასახელებს სასურველ კანდიდატად, ხოლო 5% - ”ქრისტიან- დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერს გიორგი თარგამაძეს. გიორგი თარგამაძე, როგორც ოპოზიციონერი ლიდერი, მოსწონს გამოკითხულთა 54 პროცენტს, მას ინგა გრიგოლია მოსდევს, 49%-ით, ბიძინა ივანიშვილი კი ამ რეიტინგში მესამე ადგილზეა, 40%-ით.

შესაძლოა რიცხვები აბსოლუტურად ზუსტი არ არის, მაგრამ კვლევა გარკვეულ ტენდენციებს ასახავს, ამბობს ლევან ვეფხვაძე, „ქრისტიან-დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი. მისი შეფასებით, ტენდენციები უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას და მისი გუნდის აქტივობას, რომელმაც პოლიტიკური პოლარიზაცია გამოიწვია. პოლარიზაციით პარტიების ნაწილი პოლიტიკური პროცესიდან გაქრა, ”ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას” კი ზიანი მიადგა და პარტიის მხარდამჭერთა ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატში გადავიდა, თუმცა, ლევან ვეფხვაძის სიტყვებით, ეს იყო პოლიტიკური პროცესის პირველი ტალღა. სწორედ NDI-ის კვლევის შედეგები აძლევს ლევან ვეფხვაძეს მეორე, მათთვის სასარგებლო ტალღის წამოსვლისა და პარლამენტში საკმაოდ წარმომადგენლობითი შესვლის მოლოდინის საფუძველს:

” ოპტიმიზმის დამატებითი საფუძველი ჩვენთვის არის ლიდერების რეიტინგი, ანუ სარეიტინგო კეთილგანწყობა ჩვენი ლიდერების, გიორგი თარგამაძის და ინგა გრიგოლიას მიმართ, იმიტომ რომ ისინი ზოგადად პირველ-მეორე ადგილზე არიან ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების რეიტინგში და სწორედ ეს მაძლევს საფუძველს ვთქვა, რომ ჩვენ ყველაფერი წინ გვაქვს.”

რა დასკვნების გამოტანის საშუალებას აძლევს და რა სტრატეგიისკენ უბიძგებს პოლიტიკურ პარტიებს NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევა? ამ კითხვით პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს მივმართეთ:
რამაზ საყვარელიძე
რამაზ საყვარელიძე

” ‘ქართულ ოცნებას’ რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, გააქტიურება სჭირდება, ამას ეს კვლევა არც კი საჭიროებდა, მაგრამ ეს გამოკვლევა კიდევ უფრო ადასტურებს და ქართულ საზოგადოებას უდასტურებს იმას, რომ, სამწუხაროდ, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი პოლიტიკურად დაინტერესებული მხარეა.”

NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლუი ნავარომ ცოტა ხნის წინ რადიო თავისუფლებასთან საუბარში თქვა, რომ ადამიანებმა შესაძლოა წარმოდგენილი რიცხვები განსხვავებულად შეაფასონ, რადგან ნებისმიერს შეუძლია ყველაფერს თავისთვის სასარგებლო ინტერპრეტაცია მისცეს, მაგრამ არ უნდა დამახინჯდეს რიცხვები.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG