Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავთობის ფასი


საქართველოში საწვავზე ფასები კიდევ 2-4 თეთრით შემცირდა. ეს, ზაფხულიდან მოყოლებული, კლების მეოთხე შემთხვევაა. სულ, აგვისტოდან მოყოლებული, რეგულარის ტიპის საწვავზე საქართველოში ფასები 5-6 პროცენტის ფარგლებში დაეცა. ფასების შემცირება საერთაშორისო ბაზარზე ნავთობზე ფასის კლებამ განაპირობა. ივნისიდან მოყოლებული, ნავთობზე ფასი 28 პროცენტით დაეცა და, დღეის მდგომარეობით, ბარელზე (დაახლოებით 159 ლიტრი) 75 ამერიკულ დოლარზე ნაკლებს შეადგენს. ცნობისათვის: უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში ბარელის საშუალო ფასი 100 დოლარზე მეტი იყო.

ნავთობის ფასის კლების მიზეზებზე მსოფლიოში სხვადასხვა აზრი არსებობს. ერთი მხრივ, საუბარია მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპების შემცირებაზე, რაც იწვევს ნავთობზე მოთხოვნის დაცემას, თუმცა, ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის (ოპეკი) განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დღიურად ნავთობის მიწოდება მოთხოვნას 600,000 ბარელით აჭარბებს, ამ მოცემულობითაც კი, უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში ფასის კლების ასეთ ტემპს ახსნა ძნელად მოეძებნება.

მიზეზი საუდის არაბეთის მიერ ნავთობის წარმოების მოცულობის ზრდაც არის. ერთ-ერთი ვერსიით, საუდის არაბეთს სურს მსოფლიო ნავთობის ბაზარზე თავისი წილი შეინარჩუნოს, თუნდაც წარმოების ზრდა ფასების კლებას იწვევდეს. არსებობს ასევე აზრი, რომ საუდის არაბეთი ცდილობს აშშ-ს მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობმწარმოებლის (აშშ დღეში 11 მილიონ ბარელზე მეტს ტუმბავს) სტატუსი ჩამოართვას. ოპეკის თქმით, თუ ნავთობის ფასი ბარელზე 80 აშშ დოლარის ნიშნულს გაუტოლდა, აშშ-ში მწარმოებლების ნახევარი გაჩერდება, რადგან პროექტები ეკონომიკურად გაუმართლებელი იქნება.

თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტი ნავთობზე ფასების კლებას პოლიტიკურ სპეკულაციებსა და ბაზარზე ხელოვნურ ჩარევას უკავშირებს. აშშ-ის პერსპექტივიდან, ნავთობზე ფასების კლების დადებითი მხარე რუსეთსა და ირანზე დამატებითი წნეხია. ორივე ქვეყანა დამოკიდებულია ნავთობის ექსპორტზე და ამ გზით მიღებულ შემოსავლებზე. გამოცემა „ეკონომისტის“ მიხედვით, ბიუჯეტის დასაბალანსებლად რუსეთს სჭირდება ნავთობის ფასი მინიმუმ 100 აშშ დოლარი, ხოლო ირანს 130 აშშ დოლარი იყოს ბარელზე. ნავთობისა და გაზის ექსპორტი რუსეთის მთლიანი ექსპორტის 70 პროცენტს უტოლდება. ნავთობზე ფასების კლების ტენდენციამ უკვე ასახვა პოვა რუსულ რუბლზე, რომელიც წინა კვირის განმავლობაში 10 პროცენტით გაუფასურდა.

ექსპერტების აზრით, ფასების კლება დიდხანს არ გაგრძელდება. ამ პერიოდში კი ნავთობზე დაბალი ფასები მსოფლიო ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს. შემოსავალი ნავთობმწარმოებლებიდან ნავთობის მომხმარებლებზე გადავა, რაც გლობალური ეკონომიკის მშპ-ს 0.9 პროცენტია. არსებული სიტუაციით ყველაზე დიდ სარგებელს ნახავენ ნავთობის მსხვილი მომხმარებლები - ჩინეთი, ინდოეთი და ევროპა. არსებული მდგომარეობა ხელს შეუწყობს ინფლაციის კლებასაც.

საქართველოშიც, როგორც ნავთობის წმინდა იმპორტიორ ქვეყანაში, შექმნილი სიტუაცია აისახება საწვავის ფასის კლებაზე, რაც გამოიწვევს სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ფასის კლებას და ბიზნესისა და მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნის ზრდას.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG