თბილისში გრძელდება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია. 27 მაისს სასტუმრო „ჰუალინგ თბილისში“ მთელი დღის განმავლობაში პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა კომიტეტის სხდომები. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია საქართველოში რეფორმების მიმდინარეობის, შეიარაღებული ძალების დღევანდელი მდგომარეობისა და საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობის, ასევე ქვეყანაში ინვესტიციებისა და, ზოგადად, ეკონომიკური ვითარების თაობაზე. 27 მაისს სესიის ფარგლებში ჩატარებული შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია.
საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ იყოს ერთგული იმ ღირებულებებისა, რომელთა გამოც შექმნილია ნატო, განაცხადა 27 მაისს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის ფარგლებში გამართული კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ. მან თქვა, საქართველო ზრუნავს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით უსაფრთხოებაზე, არამედ ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად მსოფლიოს უსაფრთხოებაზეცო. იზორიამ სიტყვით გამოსვლისას საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველოდან ამ მისიებში 871 სამხედრო მსახურობს. ილაპარაკა იმ რეფორმებზე, რომლებიც მან საქართველოს თავდაცვის კუთხით გაატარა:
„ჩვენ 2016 წლის აგვისტოდან დავიწყეთ რეფორმები და, პირველ რიგში, ნატოს ბოლო ორ სამიტზე მიღებული სტრატეგიული გადაწყვეტილებების იდენტიფიცირება მოვახდინეთ, რეფორმებიც ამ მიმართულებით დავიწყეთ. ამის პარალელურად, შევქმენით თეთრი წიგნი და მინისტრის 2017 წლის ხედვა, რომლითაც განვსაზღვრეთ საქართველოში თავდაცვის რეფრომის პრიორიტეტები“.
დასავლელი პარტნიორების დახმარებით, გვყავს ერთ-ერთი საუკეთესო და უძლიერესი სერჟანტთა კორპუსი - ადამიანები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მუხლმოუდრეკლად ასრულებენ თავის მოვალეობას...ვლადიმერ ჩაჩიბაია
ლევან იზორიამ სამომავლო გეგმებსაც გაუსვა ხაზი და თქვა, რომ საქართველოს თავდაცვის უწყების გეგმებში შედის ანტისატანკო სისტემის ჩამოყალიბება, ასევე ანტისაჰაერო სისტემისა და ავიაციის მოდერნიზება, არტილერიის ნატოს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვა და სადაზვერვო შესაძლებლობების გაძლიერება.
„ამ კონტექსტში განსაკუთრებული როლი ენიჭება უელსის სამიტზე მიღებულ ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს 15 მიმართულებით აქტიურობას. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ალიანსის წევრ ქვეყნებს დიდი მადლობა გადავუხადო იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც თქვენ ამ პრაქტიკული ინსტრუმენტის ფარგლებში საქართველოს მიმართ იჩენთ, რაც არის მნიშვნელოვანი წინაპირობა ჩვენი თავსებადობისა ნატოსთან და ჩვენი გარანტი იმისა, რომ მალე გავხდეთ ნატოს წევრი ქვეყანა“, - განაცხადა თვდაცვის მინისტრმა.
იზორიას თქმით, მეორე მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროგრამა, ნატოს პირველი სტრატეგიული მიმართულების ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაა, რომელიც ითვალისწინებს 3 წლის განმავლობაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მოსამსახურეების გაწვრთნას, ნატოს სტანდარტების მაქსიმალური უზრუნველყოფით და ბატალიონების აღჭურვას ნატოს ადეკვატური ტექნიკით.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდმაზე სიტყვით გამოვიდა გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიაბაიაც. მისი განცხადებით, „დასავლელი პარტნიორების დახმარებით, გვყავს ერთ-ერთი საუკეთესო და უძლიერესი სერჟანტთა კორპუსი - ადამიანები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მუხლმოუდრეკლად ასრულებენ თავის მოვალეობას და არაერთგზის უსახელებიათ საქართველო საერთაშორისო მისიებსა და ტერიტორიული მთლიანობისთვის გამართულ ბრძოლებში“.
ვლადიმერ ჩაჩიბაიამ სიტყვით გამოსვლისას შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე და უკვე განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. მისი თქმით, რეორგანიზაციისა და რეფორმების შედეგად თავდაცვის სისტემიდან გაუშვეს 2 000-ზე მეტი ადამიანი, რომელთა დიდი უმრავლესობა სამოქალაქო პირი იყო.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი ასამბლეის დელეგაცის წევრების მხრიდან უპრეცედენტო მხარდაჭერაზე ლაპარაკობს და შენიშნავს, რომ ისინი მზად არიან თავიანთ მთავრობებს მოუწოდონ საქართველოს მეტი მხარდაჭერისაკენ ნატოში ინტეგრაციის გზაზე, საქართველო კი, თავის მხრივ, ეცდება ქვეყნისთვის სასიკეთოდ გამოიყენოს დელეგაციის ვიზიტი ქვეყანაში და უკეთ გააცნოს საქართველოს მიღწევები ნატოს წვერი ქვეყნების წარმომადგენლებს:
„ეს ფორმატი კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოებას გავაცნოთ ის, რასაც საქართველომ მიაღწია, ეს უნდა აისახოს ჩვენს სწრაფვაზე ნატოსკენ და მივიღოთ დადებითი შეფასებები“.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატოში ინტეგრაციის გზაზე ჩვენმა პარტნიორებმა, რომლებმაც მხარი უნდა დაგვიჭირონ, იცოდნენ ზუსტად, თუ რა გამოწვევები აქვს დღეს საქართველოს, როგორ აპირებს მათთან გამკლავებას...
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს დელეგაციის ოპოზიციონერი წევრი „ევროპული საქართველოდან“, დეპუტატი გიორგი კანდელაკი მნიშვნელოვანდ მიიჩნევს იმას, რომ კომიტეტის სხდომის ფარგლებში რუსეთის აგრესიაზეც იყო საუბარი, კერძოდ კი იმაზე, თუ როგორ უნდა აღუდგეს ამ აგრესიას ცივილიზებული სამყარო:
ეკონომიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მხრიდან მომხსენებელი გახლდათ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი, რომელმაც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მონაწილეებს ის გამოწვევები გააცნო, რომლებიც აქვს დღეს საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე:
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატოში ინტეგრაციის გზაზე ჩვენმა პარტნიორებმა, რომლებმაც მხარი უნდა დაგვიჭირონ, იცოდნენ ზუსტად, თუ რა გამოწვევები აქვს დღეს საქართველოს, როგორ აპირებს მათთან გამკლავებას. ეს იმისთვისაც არის საჭირო, რომ ძალისხმევა ამ გამოწვევების დასაძლევად მიმართოს არა მხოლოდ ჩვენმა საზოგადოებამ, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობამაც“, განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის ფარგლებში კომიტეტის სხდომები 28 მაისსაც გაგრძელდება. 29 მაისს კი, პლენარული სხდომაა დაგეგმილი, სადაც ასამბლეა საქართველოს მხარდამჭერ დეკლარაციას მიიღებს.