Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაოლო ალი: „საქართველო გახდება ნატოს წევრი“ - თბილისი ნატოს საპარლამენტო ასამბლეას მასპინძლობს


თბილისი ნატოს საპარლამენტო ასამბლეას მასპინძლობს
please wait

No media source currently available

0:00 0:02:56 0:00

26-29 მაისს საქართველო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას მასპინძლობს. 49-კაციან დელეგაციას ასამბლეის პრეზიდენტი პაოლო ალი ხელმძღვანელობს. როგორც მან 26 მაისს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც არაერთხელ ითქვა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზეც“. მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში დაგეგმილია არაერთი მაღალი რანგის შეხვედრა, კონფერენცია და საკომიტეტო სხდომა, 29 მაისს კი ასამბლეის პლენარული სხდომა გაიმართება.

„მოხარული ვართ, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესია ტარდება საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც, ნატოს გადაწყვეტილებით, აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი", - ამ სიტყვებით მიესალმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და დელეგაციას 26 მაისს ასამბლეის პრეზიდენტ პაოლო ალისთან, ასამბლეის გენერალურ მდივან დევიდ ჰობსსა და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

„ნატოში გაწევრიანება არის ქართველი ხალხის არჩევანი. ჩვენ მოხარული ვართ, რომ მას მხარს უჭერს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, რომელიც ჩვენი მეგობარი ქვეყნებისგან შედგება. ნატო და საქართველო, უკვე დიდი ხანია, მხარდამხარ იბრძვიან გლობალური უსაფრთხოებისა და მშვიდობისათვის. ალიანსთან ურთიერთობას საქართველოსთვის უკვე მოაქვს კონკრეტული შედეგები - ნატოს ხელშეწყობით ძლიერდება ჩვენი თავდაცვა, უსაფრთხოება და იმედს გამოვთქვამთ, რომ პრაქტიკული თანამშრომლობა მალე მჭიდრო ინტეგრაციაში გადაიზრდება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პაოლო ალი
პაოლო ალი

თავის მხრივ, მისასალმებელ სიტყვაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პაოლო ალიმ, აღნიშნა, რომ ნატოს საპარლამენტო სესიის ჩატარება თბილისში არის საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების, მისი რეფორმებისა და განვითარების მიმართ ნატოს სრული მხარდაჭერის დასტური. საქართველოს დაცვით და მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერით, ჩვენ, გარკვეულწილად, ჩვენს ქვეყნებს ვიცავთო, განაცხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

”ჩვენ ვიცით, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ ძალიან დიდი სამუშაო ჩაატარა, დიდი წვლილი შეიტანა გლობალური უსაფრთხოების კუთხითაც - განსაკუთრებით კი, ავღანეთში საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით. ქართველი ჯარისკაცების მიერ ამ საქმეში, მართლაც, დიდი წვლილია შეტანილი. ჩვენ გვესმის, რომ სტაბილურობა და უსაფრთხოება საქართველოში გადამწყვეტია მთელი რეგიონის სტაბილურობისთვის. ამ რეგიონში მშვიდობას კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დასავლეთის ყველა ქვეყნისთვის. ასე რომ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერით, გარკვეულწილად, ჩვენს ქვეყნებს ვიცავთ. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ აქ ჩამოსვლა. როგორც წესი, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიები არ იმართება ხოლმე ნატოს არაწევრ ქვეყნებში“.

პაოლო ალის განცხადებით, ეს მხოლოდ მეხუთედ ხდება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მთელი ისტორიის განმავლობაში და ეს უსვამს კიდეც ხაზს საქართველოსადმი ნატოს დამოკიდებულებას. აქვე ვთქვათ, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ნატოს არაწევრ ქვეყნებში დღემდე მხოლოდ ოთხჯერ ჩატარდა და დღეს ოთხივე ქვეყანა ნატოს წევრია. საქართველო რიგით მე-5 არაწევრი ქვეყანაა, სადაც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა იმართება.

მეტი საქართველო ნატოში და მეტი ნატო საქართველოში, - ეს ჩვენი მეგობრის ჯეიმს აპატურაის სიტყვებია, რომელიც მე ძალიან მომწონს. ეს ის შემთხვევაა, როცა მეტი ნატოა საქართველოში...
ირაკლი სესიაშვილი

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია ძალიან კარგი საშუალებაა ასამბლეის მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი მყარი მხარდაჭერის გამოსახატად, განაცხადა 26 მაისს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა დევიდ ჰობსმაც.

„მეტი საქართველო ნატოში და მეტი ნატო საქართველოში, - ეს ჩვენი მეგობრის ჯეიმს აპატურაის სიტყვებია, რომელიც მე ძალიან მომწონს. ეს ის შემთხვევაა, როცა მეტი ნატოა საქართველოში“ - ამ სიტყვებით მიესალმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და განაცხადა, რომ ჩვენც შეგვიძლია ნატოს რაღაც ვასწავლოთ და ეს შეიძლება იყოს ჩვენი გამორჩეული სტუმართმოყვარეობა:

„ჩვენ დღეს სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნატოსთან ურთიერთობაში გვაინტერესებს არა მხოლოდ უსაფრთხოების გამოწვევები, არამედ ჩვენ გვაერთიანებს ღირებულებები. ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ ნატოსგან და ბევრ საკითხზე ვმუშაობთ, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა ნატოს ჩვენც შეგვიძლია რაღაც ვასწავლოთ და ეს შეიძლება იყოს ჩვენი გამორჩეული სტუმართმოყვარეობა. ამიტომ კიდევ ერთხელ დიდი სიხარულით მივესალმები ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ვიზიტს საქართველოში და წარმატებებს ვუსურვებ“.

პაოლო ალის, ცხადია, ჰკითხეს, გაითვალისწინებს თუ არა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციას საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების თაობაზე, რაც ჩაიწერება კიდეც დეკლარაციაში, რომელსაც ნატოს საპარლამენტო ასამბლეა შემაჯამებელ სესიაზე მიიღებს. პაოლო ალიმ ამ კითხვის პასუხად იმედი გამოთქვა, რომ ეს რეკომენდაცია დიდწილად გათვალისწინებული იქნება ნატოს მიერ. ხომ არ იქნება შესაძლებელი საქართველო გახდეს ნატოს წევრი MAP-ის გარეშე? ამ კითხვაზე კი ალის პასუხი ასეთი გახლდათ:

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო იქნება ნატოს წევრი ქვეყანა. ეს არაერთხელ ითქვა 2008 წელს ბუქარესტის სამიტზეც და ეს სიტყვები ძალაში რჩება. რაც შეეხება MAP-ს, ეს ინსტრუმენტი გახლავთ, ეს არის კონკრეტული საშუალება იმისთვის, რომ პროცესი დაიწყოს. საქართველოს მსგავსად, სხვა ქვეყნების შემთხვევაშიც განიხილება ეს საკითხი. ჩვენ ამაზე საუბარს გავაგრძელებთ”.

მნიშვნელოვანია ის, რომ ნატოს წევრი ყველა ქვეყნის პარლამენტარები ჩამოდიან საქართველოში და თავად ნახულობენ ქვეყანაში არსებულ ვითარებას, რაც დადებითი ფაქტორია იმისთვის, რომ საბოლოოდ მიიღონ ის გადაწყვეტილებები, რაც საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ემსახურება...
დათო სიხარულიძე

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს კითხვა დაუსვეს რეგიონში რუსეთის აგრესიული პოლიტიკის თაობაზეც, რაზეც პაოლო ალიმ განაცხადა, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ისევე როგორც უკრაინის შემთხვევაში.

„ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას. რუსეთის ფედერაცია ძალიან ფრთხილი უნდა იყოს, როდესაც ზრდის რეგიონში დაძაბულობას, რადგან დაძაბულობის გაზრდა საერთაშორისო გარემოსთვის კარგის მომტანი არ არის“, განაცხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

"საქართველოს ატლანტიკური საბჭოს" გამგეობის თავმჯდომარეს, დათო სიხარულიძეს, იმედი აქვს, რომ საქართველო ჩერნოგორიის შემდეგ, რომელიც რამდენიმე კვირაში გახდება ნატოს წევრი 29-ე ქვეყანა, გახდება ნატოს რიგით 30-ე წევრი ქვეყანა. რადიო თავისუფლებასთან საუბარში სიხარულიძე აცხადებს, რომ ნატოს საპარლამენტო სესია ძალიან იშვიათად იმართება არაწევრ ქვეყნებში და საქართველოს არჩევა მასპინძელ ქვეყნად ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონეა:

„მნიშვნელოვანია ის, რომ ნატოს წევრი ყველა ქვეყნის პარლამენტარები ჩამოდიან საქართველოში და თავად ნახულობენ ქვეყანაში არსებულ ვითარებას, რაც დადებითი ფაქტორია იმისთვის, რომ საბოლოოდ მიიღონ ის გადაწყვეტილებები, რაც საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ემსახურება. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ ადგილი, სადაც ეს სესია იმართება, დღის წესრიგსაც განსაზღვრავს, ამ შემთხვევაში კი ამ დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველოს უსაფრთხოებაც იქნება“.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას სასტუმრო „ჰუალინგ თბილისი“ მასპინძლობს. 29 მაისს სწორედ იქ გაიმართება პლენარული სხდომა, სადაც სიტყვით გამოვლენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ასევე გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გიუტენმიულერი და უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარე ანდრეი პარუბი. პლენარული სხდომის დასასრულს კი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციას მიიღებენ.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG