10-20 ნოემბერს „კრწანისში“ ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი „ნატო-საქართველოს სწავლება 2016“-ს უმასპინძლებს. ოფიციალური ინფორმაციით, მრავალეროვანი სწავლების პროცესში ჩართულია 13 ქვეყნის 250 სამხედრო, რაც მნიშვნელოვან მოვლენად განიხილება როგორც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების, ასევე საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ჭრილში.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 10 ნოემბერს დაწყებული მრავალეროვანი სწავლების პროცესში, ქართველ ოფიცრებთან ერთად, ჩართული არიან ნატოს წევრი 11 ქვეყნისა და პარტნიორი 2 ქვეყნის სამხედროები. თურქეთის, ლატვიის, ლიტვის, ნიდერლანდის, რუმინეთის, უნგრეთის, ბულგარეთის, ბელგიის, სლოვენიის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის გვერდით ჩამონათვალში ვხვდებით უკრაინასა და მაკედონიას.
წარმომადგენლობითი ღონისძიების დაწყებას თავის ოფიციალურ ფეისბუქზე გამოეხმაურა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი. ღონისძიების მნიშვნელობას ის ნატო-საქართველოს ურთიერთობებისა და უსაფრთხოების ჭრილში განიხილავს:
„მივესალმები ნატო-საქართველოს რიგით მეორე ერთობლივი წვრთნების დაწყებას, რომელიც 10-დან 21 ნოემბრამდე გასტანს. ეს არის კიდევ ერთი ქვაკუთხედი ნატოსა და საქართველოს ხანგრძლივი მჭიდრო თანამშრომლობის და საქართველოს ერთგულების კიდევ ერთხელ აღიარებისა - მტკიცე თავდაცვის, ნატოს ოპერაციებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების კუთხით“.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სწავლება, რომლის სცენარიც მაქსიმალურად მიახლოებულია რეალურ გარემოსთან, მიზნად ისახავს საქართველოსა და ნატოს წევრი თუ პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს შორის თავსებადობის ამაღლებას და ის ეხმარება ქართველ ოფიცრებს დაგეგმვის, კოორდინირებისა და კრიზისების დაძლევის შესაძლებლობათა დახვეწაში.
„ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში დაარსებული წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) პირველად მასპინძლობს ნატო-საქართველოს ერთობლივ სიმულაციურ სწავლებას“, - უთხრა 10 ნოემბერს ჟურნალისტებს ვაზიანის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე გამართულ პრესკონფერენციაზე თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და იქვე ერთ საყურადღებო გარემოებასაც გაუსვა ხაზი:
„პირველად ხდება ნატოს ისტორიაში, როდესაც დაგეგმვის პროცესიდან აღსრულებამდე საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) ახორციელებს ქმედებებს. მნიშვნელოვანია ამ სწავლების ჩატარება საქართველოში, რადგან ეს ნატოს მხრიდან მტკიცე მხარდაჭერის დასტურია საქართველოს მისწრაფებებისადმი, რომელსაც განუხრელად ახორციელებს ქვეყანა და ქვეყნის ყველა სახელმწიფო უწყება“.
ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, მაგალითად, მაისში ჩატარებული სამხედრო სწავლების, „ღირსეული პარტნიორი 2016“-ისგან (Noble Partner 2016) განსხვავებით, სადაც მონაწილეობას ამერიკული ჯავშანტექნიკაც იღებდა, 10 ნოემბერს დაწყებული პროცესი სამეთაურო-საშტაბო სწავლებას გულისხმობს, რაც რუკებისა და კომპიუტერების დახმარებით მიმდინარეობს. სწორედ სწავლების სპეციფიკას განუმარტავს რადიო თავისუფლებას სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" რედაქტორი, ექსპერტი სამხედრო საკითხებში თემურ ჩაჩანიძე:
„საშტაბო გამოცდილებისა და ურთიერთშეთანხმებული მოქმედების სრულყოფა ხდება ამ დროს და ამით განსხვავდება სამეთაურო-საშტაბო სწავლება ჩვეულებრივი საველე მეცადინეობებისგან. ერთი, ეს არის გამოცდილების გაზიარება და მეორე, თვითონ ჩვენი ოფიცრებიც ამით სრულყოფენ თავიანთ მუშაობას. რუკაზე მუშაობა რას ჰქვია?! აქ გასაკეთებელია გარკვეული გათვლები: რა ძალები უნდა იქნეს გამოყენებული, რა რაოდენობის ტყვია-წამალია საჭირო, ბრძანებები როგორ უნდა შეიქმნას და ასე შემდეგ... მთელი სისტემაა ეს, რასაც საშტაბო მუშაობა ჰქვია და ამის დახვეწა ხდება“.
თემურ ჩაჩანიძისთვის მეტად მნიშვნელოვანია 10 ნოემბერს წამოწყებული პროცესი, როგორც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ნატოსა და საქართველოს ურთიერთობებში. ექსპერტი ფიქრობს, რომ ქართველი ოფიცრების ცოდნა და გამოცდილება მუდმივად უნდა ვითარდებოდეს ნატოს მოთხოვნების შესაბამისად, რადგანაც საქართველო პარტნიორი ქვეყანაა და ის აქტიურად მიისწრაფვის ალიანსში ინტეგრაციისკენ.
„დარწმუნებულები ვართ, რომ სწავლების დასრულების შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალები კიდევ უფრო თავსებადი გახდება ნატოსთან და ჩვენი სამხედროები შეძლებენ ეფექტურად დაგეგმონ და კოორდინაცია გაუწიონ მრავალეროვნულ ქვედანაყოფებს კრიზისების მართვის ოპერაციების დროს“, - განაცხადა 10 ნოემბერს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.