7-8 სექტემბერს თბილისს სტუმრობს ჩრდილოატლანტიკური საბჭო, რომელსაც ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თავმჯდომარეობს. საბჭო წარმოდგენილია ნატოს წევრ სახელმწიფოთა ელჩების (მუდმივი წარმომადგენლების) დონეზე. 7 სექტემბერს გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელზეც პრიორიტეტულ საკითხთა ნუსხაში იყო: საქართველოს წვლილი გლობალური მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში, რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამოწვევები, შავი ზღვის რეგიონის გაძლიერების გეგმები და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების პერსპექტივები. საუბარი შეეხო ასევე საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და მოახლოებულ არჩევნებს. სამუშაო დღის მიწურულს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ერთობლივი პრესკონფერენციაც გამართეს.
ნატო და საქართველო მტკიცე პარტნიორები არიან და ეს პარტნიორობა კიდევ უფრო მტკიცე ხდება, განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა 7 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, და მოკავშირეების სახელით კიდევ ერთხელ გადაიხადა მადლობა საქართველოს მასშტაბური წვლილისთვის გლობალური მშვიდობის უზრუნველყოფის პროცესში. იენს სტოლტენბერგმა ოთხშაბათს არაერთხელ გაიმეორა, რომ ალიანსი ერთგულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რომ ალიანსის არაწევრი ვერც ერთი ქვეყანა – და, მათ შორის, ვერც რუსეთი – ვერ შეუშლის ხელს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. გაწევრიანების კონტექსტში, ცხადია, კონკრეტული თარიღები არ დასახელებულა და ეს მოსალოდნელი არც იყო, თუმცა ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ერთ დღეს აუცილებლად შეისხამს ხორცს, ეს ერთი დღე კი დადგება მაშინ, როცა საქართველო სრულად დააკმაყოფილებს ნატოს სტანდარტებს. შესაბამისად, აქცენტი კეთდება რეფორმირების პროცესის წარმატებით გაგრძელების აუცილებლობაზე, უკვე მიღწეულ შედეგებსა და, ასევე, 8 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებულ იმედებზე:
ნატოსთვის მნიშვნელოვანია ჰქონდეს დიალოგი პარტნიორ ქვეყნებთან, საქართველოსა და უკრაინის სახით, რომლებიც არ არიან ნატოს წევრები, მაგრამ არიან პარტნიორები ... და მნიშვნელოვანია მათთან საუბარი, მათთან დიალოგი შავ ზღვაში ჩვენი წარმომადგენლობის გაზრდის შესახებ...იენს სტოლტენბერგი
„ნატოს სამიტზე ვარშავაში, ივლისში, ნატოს ლიდერები მიესალმნენ შთამბეჭდავ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია, და ჩვენ გვჯერა, რომ ეს პროგრესი გაგრძელდება, – მათ შორის, საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმების კუთხით. საქართველოს მდგრადი პროგრესის შესაბამისად, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მოახლოებული არჩევნები დააკმაყოფილებს დემოკრატიის უმაღლეს სტანდარტებს და იქნება თავისუფალი და სამართლიანი“.
8 ოქტომბრის არჩევნების ხარისხიანად ჩატარების იმედებზე, ერთობლივი პრესკონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც ილაპარაკა. მან თქვა, რომ საქართველო გააგრძელებს თანმიმდევრულ სვლას დემოკრატიული განვითარების გზაზე და ერთ დღეს ის აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, რადგანაც სწორედ ეს არის საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის სურვილი. პრემიერი ხაზს უსვამს ნატოს მასშტაბური დახმარების მნიშვნელობას და ამბობს, რომ „არსებითი პაკეტის“ ფარგლებში ნატოს მხარდაჭერა დიდწილად საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას შეეხება:
„თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება იქნება უმთავრესი პრიორიტეტი და დიდი აქცენტი იქნება გაკეთებული ამ მიმართულებით. თქვენ მოგეხსენებათ, რომ მთელი წინა პერიოდის ერთობლივი წვრთნების დროს უფრო მეტი აქცენტი იყო გადატანილი საქართველოს სამხედროების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისთვის წვრთნაზე და ვინაიდან ჩვენი თავსებადობა, სამხედრო თვალსაზრისით, უკვე არის ძალიან კარგი ნატოს სამხედრო ძალებთან, ამიტომ აქცენტი მეტად იქნება გადატანილი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე და ის დამატებითი კომპონენტები, რომლებიც იქნება შემოტანილი ამ ურთიერთობაში, იქნება მიმართული ამ მიმართულებით“.
თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ჭრილში საქართველოს იმედები შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიასაც უკავშირდება. ეს არის საკითხი, რომელიც ერთ-ერთ მთავარ განსახილველ თემას წარმოადგენდა ნატოს ვარშავის სამიტზე. 7 სექტემბერს დეტალები არ დაკონკრეტებულა – იენს სტოლტენბერგმა ზოგადად აღნიშნა მხოლოდ ის, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროატლანტიკური უსაფრთხოების ჭრილში და რომ ნატომ შავი ზღვის რეგიონში და უშუალოდ შავ ზღვაში თავისი წარმომადგენლობის გაძლიერება რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯების საპასუხოდ გადაწყვიტა. კერძოდ, საუბარია რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის მნიშვნელოვან ზრდაზე შავი ზღვის რეგიონში და, მათ შორის, ყირიმშიც. ნატო მომზადების პროცესშია:
„ამ საკითხზე ვმუშაობთ ჩვენს სამხედრო დაგეგმარების სპეციალისტებთან, რათა დავაზუსტოთ განხორციელების გზები. ჩვენ ასევე განვაგრძობთ რეგიონალური ძალისხმევის მხარდაჭერას შავი ზღვის პატარა ქვეყნებთან მიმართებით, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით. ნატოსთვის მნიშვნელოვანია ჰქონდეს დიალოგი პარტნიორ ქვეყნებთან, საქართველოსა და უკრაინის სახით, რომლებიც არ არიან ნატოს წევრები, მაგრამ არიან პარტნიორები ... და მნიშვნელოვანია მათთან საუბარი, მათთან დიალოგი შავ ზღვაში ჩვენი (ნატოს) წარმომადგენლობის გაზრდის შესახებ“.
პრესკონფერენციაზე წამოწეული საკითხები ასევე 7 სექტემბერს, ცოტა ხნით ადრე, ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში განიხილებოდა. ნატო-საქართველოს კომისია წარმოადგენს 2008 წელს შექმნილ ფორმატს პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის. ოთხშაბათს კომისიის სხდომის ძირითადი ნაწილი დახურული იყო მედიისთვის, მაგრამ, როგორც მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა, შეხვედრაზე განიხილებოდა ბოლოდროინდელი მოვლენები ევროატლანტიკური უსაფრთხოების ჭრილში, მიღწეული პროგრესი არსებითი პაკეტით გათვალისწინებული გეგმის განხორციელების კუთხით თუ შავი ზღვის უსაფრთხოების პერსპექტივები. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ მოკავშირეები მზად არიან გააძლიერონ საქართველოს დახმარება და რომ საქართველოს, როგორც ასპირანტ ქვეყანას, აქვს ნატოში გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად აუცილებელი ყველა პრაქტიკული მექანიზმი.
კომისიის სხდომაში მონაწილეობდა, ასევე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მან აღნიშნა, რომ ევროატლანტიკურ არეალში შექმნილია „საკმაოდ რთული უსაფრთხოების გარემო“, არსებული გამოწვევები ასიმეტრიული ხასიათისაა და მოითხოვს ახლებურ მიდგომებს. ნატოს კი, როგორც ყველაზე წარმატებულ ალიანსს, განსაკუთრებული ფუნქცია ეკისრება. პრემიერმა ნატო-საქართველოს წარმატებული თანამშრომლობის მაგალითებად დაასახელა ორი პროექტი: წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი და თავდაცვის ინსტიტუციონალური აღმშენებლობის სკოლა.
ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს 2-დღიანი ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა და ეს ვიზიტი იენს სტოლტენბერგმა მოიხსენია საქართველოსთან მიმართებით ალიანსის მტკიცე მხარდაჭერის ღია დემონსტრირებად. ნატოს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები მთავარი ორგანო, ჩრდილოატლანტიკური საბჭო, უკვე მეოთხედ სტუმრობს საქართველოს. წინა ვიზიტები 2008, 2011 და 2013 წლებში შედგა. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ორდღიანი განრიგი დატვირთულია სხვადასხვა სახის ღონისძიებებითა და შეხვედრებით. ხელისუფლების უმაღლესი პირების გარდა, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლები შეხვდებიან, ასევე, ოპოზიციური ფლანგისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.