Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს „დიალოგისა და შეკავების“ პოლიტიკა


იენს სტოლტენბერგი ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე
იენს სტოლტენბერგი ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე

ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში, დღეს დაიწყო ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა, რომელშიც სამხედრო ბლოკის 28 სახელმწიფოს სამხედრო უწყების პირველი პირი მონაწილეობს. მინისტერიალის დღის წესრიგის მთავარი საკითხი რუსეთის ამჟამინდელი სამხედრო მოქმედებებია ალიანსის საზღვართან, რაც ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, არათუ არ ამცირებს დაძაბულობას, არამედ უფრო არაპროგნოზირებადს ხდის მას.

გადმოწერა

„ჩვენს საზღვრებთან ახლოს, რუსეთი აგრესიულად განაგრძობს სამხედრო ძალის დემონსტრირებას, მათ შორის, მასშტაბური, დაუგეგმავი სამხედრო მანევრების ჩათვლით. მხოლოდ ამ თვეში, რუსეთმა ბირთვული პოტენციალის ისკანდერის ტიპის სარაკეტო კომპლექსი განათავსა კალინინგრადში [ბალტიის ზღვაზე მდებარე რუსულ ანკლავში] და შეაჩერა აშშ-სთან გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედება, საბრძოლო დანიშნულების პლუტონიუმის შემცირების თაობაზე, ხოლო, სეპარატისტების ფინანსური და სამხედრო დახმარების გზით, რუსეთი კვლავ აგრძელებს უკრაინის დესტაბილიზაციას. ეს მოქმედება არ ამცირებს დაძაბულობას, არც ჩვენ შორის პროგნოზირებადი თანამშრომლობის აღდგენას უწყობს ხელს“.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ცალკე ისაუბრა რუსეთის აგრესიულ სამხედრო ნაბიჯებზე სირიაში, სადაც რუსულმა სამხედრო ავიაციამ კვლავ განაახლა იერიშები ქალაქ ალეპოზე, რომელშიც სულ უფრო ღრმავდება ჰუმანიტარული კატასტროფა.

„ყოველდღიურად იღუპებიან ქალები, ბავშვები და მამაკაცები. იღუპებიან მათ საცხოვრებელ სახლებსა და საავადმყოფოებზე განხორციელებული საზარელი იერიშების შედეგად“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. თუმცა, ბაშარ ალ ასადის რეჟიმის მხარდაჭერის შედეგად ჩადენილი სისასტიკის მიუხედავად, ნატოს წევრი ქვეყნები არ კარგავენ იმედს, რომ მოსკოვი მათ მოწოდებებს ყურს ათხოვებს, შეწყვეტს ცეცხლს და საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს ალეპოში მუშაობის უფლებას მისცემს.

„დიალოგი განსაკუთრებით მაშინ არის მნიშვნელოვანი, როდესაც დაძაბულობა მაღალია“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. თუმცა, იქვე ისიც დასძინა, რომ ალიანსი არა მხოლოდ რუსეთთან დიალოგს ესწრაფვის, არამედ მის შეკავებასაც მტკიცე თავდაცვის უზრუნველყოფით.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG