Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის ანტისარაკეტო სისტემა: რას განიხილავენ ნატოს სამიტზე


ნატოს ჩიკაგოს სამიტის ემბლემა
ნატოს ჩიკაგოს სამიტის ემბლემა
ჩიკაგოში 20 და 21 მაისს დანიშნული ნატოს სამიტის პროგრამაში ევროპის ანტისარაკეტო სისტემის გეგმა მთავარი არ არის, თუმცა საკითხი ალიანსისთვის მნიშვნელოვანია. რუსეთის მხრიდან სულ უფრო მეტად ხმამაღალი წინააღმდეგობის მიუხედავად, სამიტზე ევროპის ანტისარაკეტო სისტემის პროგრამაში დაგეგმილ შემდეგ ნაბიჯებს გამოაცხადებენ - მათ შორის „შუალედურ შესაძლებლობას“, რასაც შესაძლო სარაკეტო თავდასხმებისგან ნატოს წევრი ქვეყნების სრული დაცვისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯად მიიჩნევენ.

გეგმის რა ნაწილს გამოაცხადებენ ჩიკაგოში და რა მოხდება შემდეგ

ჩიკაგოს სამიტზე ლიდერები გამოაცხადებენ, რომ დასრულებულია პირველი ეტაპი იმ ოთხიდან, რომელთაც ევროპაში ანტისარაკეტო სისტემის აგების აშშ-ის ხელმძღვანელობით შემუშავებული პროექტი ითვალისწინებს.

პირველი ეტაპი მოიცავს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა „ეჯისით“ (Aegis) შეიარაღებული ამერიკული ხომალდების განთავსებას ხმელთაშუაზღვისპირეთში და კოორდინირებულ მუშაობას გერმანიაში, რამშტაინის ამერიკულ საჰაერო ბაზაზე მოქმედ ცენტრთან. ამ ეტაპის დასრულების შემდეგ, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ევროპას გაუჩნდება „პირველადი შესაძლებლობა ახლო აღმოსავლეთიდან მომდინარე საფრთხისგან თავდაცვის გარკვეული დონის უზრუნველსაყოფად“.

მეორე ეტაპით გათვალისწინებულია „ეჯისის“ სისტემის განთავსება რუმინეთში, რომელსაც ამ სისტემის მიღებაზე წინასწარი თანხმობა უკვე ნათქვამი აქვს. ეს ფაზა 2015 წლისთვის უნდა დასრულდეს.

2018 წლისთვის ნატო გეგმავს დაასრულოს მესამე ეტაპი, რომელიც გულისხმობს რაკეტების ინტერცეპტორი ბაზის აგებას პოლონეთში.

ბოლო ფაზა 2020 წლისთვის უნდა დამთავრდეს. ამ ეტაპზე განთავსდება გაზრდილი შესაძლებლობების ინტერცეპტორი რაკეტები, რომლებსაც წინააღმდეგობის გაწევა შეეძლებათ უკვე არა მხოლოდ საშუალო რადიუსზე მოქმედი რაკეტებისთვის, არამედ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტებისთვისაც, რომლებსაც აშშ-მდე ჩაღწევის პოტენციალი ექნებათ. გეგმამ შესაძლოა ასევე მოიცვას სატელიტზე დაფუძნებული ელემენტები.

რა ჯდება პროექტი

ევროპის ანტისარაკეტო სისტემის პროგრამის მთლიანი ღირებულების განსაზღვრა ძნელია, მაგრამ, სხვადასხვა შეფასებით, ის 9 მილიარდ ამერიკულ დოლარს აღწევს. აშშ-ის თავდაცვის მრჩეველთა საბჭოს ცნობით, სატელიტზე დაფუძნებულმა ელემენტებმა შესაძლოა ეს რიცხვი გაასამმაგოს.

14 მაისს „უილ სტრიტ ჯორნალში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ხაზგასმით წერს, რომ პროგრამაში „სრულად არიან ჩართული ევროპელი მოკავშირეები“, რომლებიც მას „ფინანსურად უჭერენ მხარს, ინაწილებენ ღირებულებას და მნიშვნელოვანი შენატანი შეაქვთ“. რასმუსენის თანახმად, ჰოლანდიამ, საფრანგეთმა და გერმანიამ ახლახან გამოაცხადეს, რომ იწყებენ ანტისარაკეტო სისტემასთან დაკავშირებულ პროგრამებს; თურქეთმა, რუმინეთმა, პოლონეთმა და ესპანეთმა კი თანხმობა განაცხადეს სისტემის ამერიკული ელემენტების თავიანთ ტერიტორიებზე განთავსებაზე.

რასმუსენი დასძენს, რომ მომავალი თვეების და წლების მანძილზე ამ შინაარსის სხვა განცხადებებსაც მოელის.

რა ძირითადი საფრთხეებისგან დაცვას ითვალისწინებს ანტისარაკეტო სისტემა

ნატოს თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით 30 ქვეყანაზე მეტს აქვს ან ამ ეტაპზე იძენს ბალისტიკური რაკეტების შესაძლებლობებს. ალიანსი თვლის, რომ მისი მისიის ნაწილია ამგვარი შეიარაღების გავრცელების გათვალისწინება.
უფრო ზუსტად, როგორც მთლიანად ნატო, ისე კონკრეტულად აშშ პოტენციურ საფრთხედ ირანს განიხილავენ. ვაშინგტონი აცხადებს, რომ ირანს 2015 წლისთვის შეეძლება ევროპას ჩვეულებრივი შეიარაღებული რაკეტებით დაემუქროს. 2011 წლის სექტემბერში, ირანის სარაკეტო შესაძლებლობებზე საუბრისას, რასმუსენმა განაცხადა - „ეს პოტენციალი რეალური საფრთხეაო“.
თუმცა მოსკოვი ევროპულ ანტისარაკეტო სისტემას მისი ბირთვული შესაძლებლობებისთვის შექმნილ საფრთხედ აღიქვამს და ამის გამო ცდილობს სიმწვავე დაუქვეითოს ირანისგან მომდინარე საფრთხეს. თუმცა მოსკოვში დაფუძნებული სამხედრო ანალიტიკოსის პაველ ფელგენჰაუერის აზრით,მოსკოვის პოზიცია „იმდენად მტკიცებულებას არ ეფუძნება, რამდენადაც არარსებულის რეალურად წარმოჩენის სურვილს“.

ამ თვალსაზრისს იზიარებს სამხედრო ჟურნალისტი ალექსანდრ გოლცი:
„რუსეთი ჯიუტად ამტკიცებს, რომ ირანისგან არანაირი საფრთხე არ მომდინარეობს და რომ ამერიკული ანტისარაკეტო სისტემა რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული. ირანისგან მომდინარე საფრთხის აღიარება მთელი ამ კონცეფციის დანგრევას გამოიწვევს.“

კონკრეტულად რას ამტკიცებს რუსეთი

რუსეთი თვლის, რომ ევროპაში ანტისარაკეტო სისტემის პროგრამა - განსაკუთრებით მისი გვიანდელი ეტაპები, რომლებიც მაღალი დონის ინტერცეპტორებს და, შესაძლოა, კოსმოსში გაშვებულ კომპონენტებს მოიცავს - მის სტრატეგიულ ბირთვულ არსენალს უქმნის საფრთხეს და პოტენციურად დესტაბილიზაციის მოტანა შეუძლია.

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრ ვერშბოუმ ახლახან მოსკოვში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე თქვა, კრემლს განსაკუთრებით გეგმის გვიანდელი ეტაპები აშფოთებსო, და იმედი გამოთქვა, რომ ამ წლების განმავლობაში გაზრდილმა თანამშრომლობის ხარისხმა შესაძლოა ეს შეშფოთება გაფანტოს და ნდობის გაჩენა მოიტანოს:

„ჩვენ საკმარისზე მეტი დრო უნდა გვქონდეს საიმისოდ, რომ რუსეთი სრულად ჩავრთოთ პროცესში და შევქმნათ სიტუაცია, რომელშიც რუსეთი სრულფასოვანი პარტნიორი იქნება მანამ, სანამ ნატოს სისტემის გვიანდელი ეტაპები ამოქმედდებოდეს - ეტაპები, რომლებიც რუსეთს ყველაზე მეტად აშფოთებს.“

აქვს თუ არა პერსპექტივა მოსკოვთან ამ საკითხზე თანამშრომლობას

მოსკოვი თვლის, რომ ამჟამინდელი სტრატეგიული წესრიგის დესტაბილიზაციის თავიდან აცილების ერთადერთი გზა რუსეთსა და ნატოს შორის ერთი, ერთობლივად შედგენილი და კონტროლირებული ანტისარაკეტო სისტემის აგებაა.

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა მოსკოვში გამართულ კონფერენციაზე ისიც კი თქვა, რუსეთი მზადაა წვლილი შეიტანოს ამ პროექტის დაფინანსებაშიო:

„ამ საკითხთან მიმართებით ჩვენ იმდენად შორს წასასვლელად ვიყავით მზად, რამდენადაც საამისო მზაობას ნატოს მხარე გამოიჩენდა. ამ შესაძლო ერთობლივ პროექტში, სხვა ყველაფრის გარდა, ადეკვატურ ფინანსებსაც შევიტანდით, მაგრამ ჩვენი წინადადებების მიმართ არა და არ გაჩნდა ინტერესი.“

თუმცა, ანალიტიკოსების აზრით, ანტისარაკეტო სისტემის სფეროში ასეთი მჭიდრო თანამშრომლობა ძნელი წარმოსადგენია, თუკი გავითვალისწინებთ, რომ 1990-იანი წლების შემდგომ პერიოდში რუსეთსა და აშშ-ს შორის ანტისარაკეტო სფეროში ბევრად უფრო დაბალი რანგის თანამშრომლობის მცდელობები დიდად წარმატებული არ ყოფილა. 2004 წელს, მაგალითად, პენტაგონმა გააუქმა 1997 წელს დაარსებული რუსულ-ამერიკული სატელიტური ობსერვატორიის ცენტრი, რომელსაც არანაირი შედეგი არ მოუტანია.

ამის ნაცვლად, ნატო, ალექსანდრ ვერშბოუს სიტყვებით, რუსეთს სთავაზობს „ჩვენს ცალკეულ ანტისარაკეტო სისტემებს შორის თანამშრომლობას“.

მოსკოვში გამართულ კონფერენციაზე ვერშბოუმ თქვა: „ჩვენი ხედვა ეფუძნება ერთი მიზნის მქონე ორ კოორდინირებულ სისტემას - ორ სისტემას, რომელიც ინფორმაციას გაცვლის და კოორდინირებულად შეიმუშავებს გეგმებს, რათა როგორც ნატოს, ისე რუსეთის ტერიტორიის დაცვა უფრო ეფექტიანი გახდეს.“

არის თუ არა სხვა პოლიტიკური ფაქტორები

გარკვეული პოლიტიკური ძალები როგორც რუსეთში, ისე დასავლეთში თავიანთი ქმედებებით ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ სურთ ჩაშალონ ანტისარაკეტო სფეროში ნებისმიერი სახის თანამშრომლობა.

აშშ-ში, სადაც ნოემბერში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება, კონსერვატორი რესპუბლიკელები თეთრ სახლს მოუწოდებენ წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ანტისარაკეტო სისტემის საკითხთან მიმართებით. „უოლ სტრიტ ჯორნალში“ 15 მაისს გამოქვეყნებულ სტატიაში რესპუბლიკელი სენატორი ჯონ კილი, რომელიც არიზონას შტატს წარმოადგენს, ამბობს: „ამგვარი სისტემა ძირითადად ირანისგან თავდაცვაზეა მიმართული, თუმცა, სამომავლო პროცესების გათვალისწინებით, ის, შესაძლოა, ეფექტური აღმოჩნდეს რუსეთის რაკეტების წინააღმდეგაცო“.

2011 წლის ივლისში დმიტრი როგოზინმა - ტლანქი ლაპარაკით გამორჩეულმა ნაციონალისტმა, რომელიც მაშინ ნატოში რუსეთის ელჩი იყო, შემდეგ კი ანტისარაკეტო სისტემის საკითხებში პრეზიდენტის წარმომადგენლად დაასახელეს - შეხვედრა გამართა კილთან და რესპუბლიკელ სენატორ მარკ კირკთან, რომელიც ილინოისის შტატს წარმოადგენს. „ჩემს წინ ცივი ომის ორი ურჩხული იჯდა, რომელიც თვალებით კი არა, მიზანში ამომღები მზერით მიყურებდაო“, - განაცხადა როგოზინმა მოგვიანებით.

რუსი სამხედრო ჟურნალისტი გოლცი ფიქრობს, რომ კონსერვატიული ძალები მოსკოვშიც ამჯობინებენ ნატოსთან დაძაბულობა შენარჩუნდეს და არა განიმუხტოს:

„ერთიანი ანტისარაკეტო სისტემის შექმნა, როგორც ტექნიკური თვალსაზრისით, ისე პოლიტიკური მოსაზრებებით, სავარაუდოდ, შეუძლებელი იქნება. ამიტომ ნატოს სახელმწიფოები ცდილობენ რუსეთს რამდენიმე შეთავაზებით მოუფონონ გულს. რუსეთი კი საერთოდ არ არის დაინტერესებული საკითხის გადაჭრით. მის ინტერესში შედის მოლაპარაკების მაქსიმალურად გაჭიანურება. ამ მოლაპარაკებამ, მოსკოვის კონფერენციის მსგავსად, უნდა აჩვენოს, რომ ყველას ესმის - რუსეთი ის ქვეყანაა, რომელსაც აშშ-ის განადგურება შეუძლია. რაც უფრო მეტხანს ილაპარაკებენ რუსეთის რაკეტების შესაძლებლობაზე ჩააღწიონ ლოს-ანჯელესამდე ან სან-ფრანსისკომდე - ეს სწორედ იმ ნარატივს ქმნის, რომლის წყალობითაც, რუსი ლიდერების აზრით, რუსეთის საერთაშორისო ავტორიტეტი იზრდება.“
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG