Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს თემა ნატოს მინისტრების შეხვედრის ფარგლებში


18-19 აპრილს ბრიუსელი მასპინძლობდა ნატოს წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების შეხვედრებს და ეს პროცესი მნიშვნელოვან ფაზად განიხილებოდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ჩიკაგოს სამიტის წინ. მაისის სამიტს ნატოსთან კიდევ უფრო დაახლოების იმედით ელოდება საქართველო. მართალია, ამ მიმართულებით ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე ოფიციალური საჯარო დაპირებები არ გახმაურებულა, მაგრამ 19 აპრილს საქართველოს საკითხი ნატომ რუსეთთან ”პრინციპულ შეუთანხმებლობად” დაასახელა და იქვე გამომჟღავნდა რუსეთის ”დაძაბულობაც”.

შეხვედრები ბრიუსელში 2 დღის განმავლობაში ძირითადად დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა და სრულფასოვნად ძნელია იმის თქმა, თუ რა კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღეს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მინისტრებმა ჩიკაგოს სამიტისთვის მოსამზადებელ მნიშვნელოვან ეტაპზე.

თუმცა ცნობილია, რომ თავყრილობის მთავარი თემა იყო ავღანეთი და იმ სქემის შემდგომი ეტაპების შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ალიანსის წევრმა თუ პარტნიორმა სახელმწიფოებმა 2014 წლის დეკემბრისთვის უსაფრთხოების მართვის სადავეები მთლიანად უნდა გადააბარონ ადგილობრივ ძალებს. პარტნიორი ქვეყნები თანხმდებიან, რომ მნიშვნელოვანია ამ პროცესის წარმატებით დაგვირგვინება და რომ, შედეგების მდგრადობის მიზნით, მხარდაჭერა ავღანეთმა 2014 წლის შემდეგაც უნდა მიიღოს. ეს პროცესი, ცხადია, შეეხება საქართველოსაც, რომელიც საყოველთაოდ აღიარებული ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ქვეყანაა ISAF-ის ოპერაციაში შეტანილი წვლილის მასშტაბის თვალსაზრისით. შესაბამისად, 19 აპრილს გამართულ შეხვედრაზე ნატოს სამშვიდობო მისიაში მონაწილე 50 ქვეყანას შორის წარმოდგენილი იყო საქართველოც, რომლის დელეგაციასაც საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ხელმძღვანელობდა.
არის კონსენსუსი იმის შესახებ, რომ უნდა იყოს დაფიქსირებული მკაფიო და არაორაზროვანი პროგრესი საქართველოს ინტეგრაციის კუთხით; აგრეთვე აუცილებლად იქნება საქართველო ასპირანტ ქვეყნებს შორის მოხსენიებული ...
თორნიკე გორდაძე

თუმცა, ავღანეთის საკითხის გარდა, ჩიკაგოს სამიტის წინ საქართველოს ინტერესის საგანს ბუნებრივად წარმოადგენს საკუთარი ბედი და შესაბამისი შეკითხვა - რას შეიძლება მოელოდეს ნატოსგან ჩიკაგოში? დიდწილად სწორედ ამ ინტერესს უკავშირდებოდა არაერთი შეხვედრა, რომელთაც 18 და 19 აპრილს ბრიუსელში მართავდა საქართველოს დელეგაცია.

შედეგად, ქართული მხარე მომავალ სამიტთან დაკავშირებულ კონკრეტულ მოლოდინზე ლაპარაკობს და, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თორნიკე გორდაძემ აღნიშნა 19 აპრილს სატელევიზიო ეთერში გაკეთებულ კომენტარში, ალიანსის წევრ სახელმწიფოებს შორის მიღწეულია კონსენსუსი საქართველოს საკითხის გარშემო:

”არის კონსენსუსი იმის შესახებ, რომ უნდა იყოს დაფიქსირებული მკაფიო და არაორაზროვანი პროგრესი საქართველოს ინტეგრაციის კუთხით; აგრეთვე აუცილებლად იქნება საქართველო ასპირანტ ქვეყნებს შორის მოხსენიებული (საქართველო და სამი ბალკანური სახელმწიფო) და აუცილებლად იქნება საკმაოდ მკაფიო გზავნილი რუსეთის მიმართ - კიდევ ერთხელ იქნება რუსეთის მიმართ მოწოდება, რომ შეწყვიტოს არალეგალური სამხედრო ყოფნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და უკან გაიწვიოს თავის მიერვე მიღებული ამ რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა.”

ის, რაზეც თორნიკე გორდაძე ლაპარაკობს, ნატოს წარმომადგენელების მხრიდან ოფიციალურად არავის გაუხმაურებია ბრიუსელში და მათ შორის არც ნატოს გენერალურ მდივანს, რომელიც ბოლო ორი დღის განმავლობაში არაერთხელ წარდგა მედიის წინაშე. თუმცა 19 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველო რუსეთთან უთანხმოების კონტექსტში ახსენა. ნატოს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ ნატო-რუსეთის თანამშრომლობა, პრობლემების მიუხედავად, მაინც წინ მიიწევს და ეფექტიანია, მაგალითად, ტერორიზმთან ბრძოლისა თუ ავღანეთში მშვიდობის დამყარების მიმართულებებით. თუმცა კვლავინდებურად იჩენს თავს ”პრინციპული შეუთანხმებლობა”, რაც, მაგალითად, ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ევროპაში განთავსების საკითხს უკავშირდება და ამავე კატეგორიაში განიხილება საქართველოს საკითხიც:
ის, რომ ჩვენი ნატოელი პარტნიორები თავიანთ შიდა დოკუმენტებში საქართველოს ეგრეთ წოდებულ ასპირანტებს შორის მოიხსენიებენ, ეს ჩვენს გაოცებას და, გულახდილად რომ ვთქვათ, დაძაბვას იწვევს ...
სერგეი ლავროვი

”საქართველოა ერთი ასეთი საკითხი, სადაც ნატო კვლავაც ინარჩუნებს მხარდაჭერას ამ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში.”

ეს განცხადება ანდერს ფოგ რასმუსენმა 19 აპრილს ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის წინ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, ოდნავ მოგვიანებით კი მედიის წინაშე ცალკე წარდგა თავად სერგეი ლავროვი, რომელმაც თქვა, რომ ნატოს სახელმწიფოების მიერ გაწვრთნილი საქართველოს არმია მათ მიერვე მიწოდებული იარაღით ხოცავდა ადამიანებს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს პროცესი კვლავაც გრძელდება:

”ის, რომ ჩვენი ნატოელი პარტნიორები თავიანთ შიდა დოკუმენტებში საქართველოს ეგრეთ წოდებულ ასპირანტებს შორის მოიხსენიებენ, ეს ჩვენს გაოცებას და, გულახდილად რომ ვთქვათ, დაძაბვას იწვევს, რადგანაც საქართველოს ხელახალი მილიტარიზაცია, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ძალიან სწრაფად მიმდინარეობს.”

”ასპირანტობა” - ნატოს წევრობისკენ სწრაფვით გამორჩეული ქვეყნის სტატუსი, რომელიც ასე აღიზიანებს სერგეი ლავროვს, საქართველომ 2011 წლის დეკემბერში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებით მიიღო და სწორედ ეს სტატუსი დაასახელა ანდერს ფოგ რასმუსენმა აპრილის დასაწყისში იმ სამ მიმართულებას შორის, რომლებიც, მისი თქმით, მაისის ბოლოს ნატოს ჩიკაგოს სამიტზე ასახავენ ალიანსის ”განსაკუთრებულ პარტნიორობას” საქართველოსთან. ამავე ჩამონათვალშია ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში საქართველოს მიერ შეტანილი ”ერთ-ერთი უდიდესი წვლილი” და ასევე ”უდიდესი წვლილი”, რომელიც საქართველოს ”შეაქვს ზოგადად ტრანსატლანტიკურ თანამშრომლობაში”.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG