ნატოს წევრი ქვეყნები მზად არიან – კონკრეტული ნაბიჯები გადადგან წარმომადგენლობის გასაზრდელად შავი ზღვის რეგიონში, რასაც საფუძვლად უდევს ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება. ჯერჯერობით, უცნობია კონკრეტული გეგმა და დეტალები, მაგრამ – უდავოა, რომ ალიანსის ძალისხმევა რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკის წინააღმდეგ არის მიმართული. ამ კონტექსტში საქართველოც ახსენა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 26 ოქტომბერს, თავდაცვის მინისტერიალის პირველი სამუშაო დღის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გასაძლიერებელი გეგმებისთვის ნატოს მიმართ მადლიერებას გამოხატავენ თბილისში. განამტკიცებს თუ არა ნატოს ახალი ჩანაფიქრი საქართველოს უსაფრთხოებას და შეძლებს თუ არა ეს ინიციატივა რუსეთის აგრესიის შეკავებას? თემას ლელა კუნჭულია განავრცობს.
„ნატო ყოველთვის ასრულებს თავის სიტყვას“ – განაცხადა ოთხშაბათის პრესკონფერენციაზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა და ჟურნალისტებს ამცნო, რომ უკვე დაიწყო ხორცშესხმა ვარშავის სამიტზე (ივლისში) მიღებულმა გადაწყვეტილებამ – შავი ზღვის რეგიონში ალიანსის ყოფნის გაძლიერებასთან დაკავშირებით. იენს სტოლტენბერგი განმარტავს, რომ საუბარია როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო და საჰაერო ყოფნის გაძლიერებაზე და რომ პროცესში მონაწილეობისთვის უკვე მზადაა 6 ქვეყანა:
„მოხარული ვარ, დაგიდასტუროთ, რომ რამდენიმე ქვეყანამ უკვე გამოხატა მზაობა – წვლილი შეიტანონ ჩვენი წარმომადგენლობის უზრუნველყოფაში შავი ზღვის რეგიონში – ხმელეთზე, ზღვაში თუ ცაში. ეს ქვეყნებია: კანადა, გერმანია, ნიდერლანდი, პოლონეთი, თურქეთი და შეერთებული შტატები. ამ პროცესში წვლილის შეტანის შესაძლებლობებზე ასევე ფიქრობენ ნატოს სხვა წევრი სახელმწიფოებიც“.
ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, ბევრი რამ უკვე შეთანხმებულია, მაგრამ აქტიური მუშაობა მიმდინარეობს შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებული ერთიანი გეგმის დამუშავებაზე, რომლის განხილვა, სავარაუდოდ, შესაძლებელი იქნება თებერვალში, ალიანსის თავდაცვის მინისტრების მომავალ თავყრილობაზე.
მანამდე კი, როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა 26 ოქტომბერს, მინისტერიალის პირველ დღეს, მან და ნატოს თავდაცვის მინისტრებმა იმსჯელეს ნატოს საზღვრების სიახლოვეს რუსეთის მიერ განხორციელებულ სამხედრო აქტივობაზე, მათ შორის, სამხედრო სწავლებაზე – „კავკასია 2016“ და რუსეთის მიერ „ისკანდერის“ ტიპის სარაკეტო კომპლექსების განლაგებაზე კალინინგრადში. ოთხშაბათის პრესკონფერენციაზე სტოლტენბერგმა რუსეთთან დიალოგისთვის დატოვებულ გზებზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთთან დიალოგი შედგება, მაგრამ, პარალელურად, საჭიროა ფიქრი თავდაცვისა და შეკავების მექანიზმზე:
„ნატოს არ სურს დაპირისპირება რუსეთთან. ჩვენ არ გვინდა ახალი ცივი ომი, არ გვინდა გამალებული შეიარაღება და ამიტომ, რასაც ნატო აკეთებს, ეს მხოლოდ თავდაცვითი, დამაბალანსებელი ზომებია. ამავე დროს, ნატოს მართებს რეაგირება, როდესაც ჩვენ, უკვე დიდი ხანია ვხედავთ, რომ რუსეთი არსებითად ზრდის თავის სამხედრო წარმომადგენლობას, აახლებს საბრძოლო შესაძლებლობებს და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ვხედავთ მათ მზაობას – გამოიყენონ სამხედრო ძალა მეზობლების წინააღმდეგ: (იგულისხმება) უკრაინის ყირიმი და ასევე საქართველოც მომსწრეა მუქარისშემცველი რიტორიკისა რუსეთის მხრიდან. ასე რომ, ნატო ვალდებულია უპასუხოს და განაგრძოს საიმედო შეკავების უზრუნველყოფა უსაფრთხოების ახალ გარემოში და ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მიზეზი, რის გამოც ნატო ძლიერია, არის არა ის, რომ ჩვენ კონფლიქტის პროვოცირებას ვცდილობთ, არამედ ის, რომ ჩვენ გვინდა კონფლიქტის აღკვეთა, – ხოლო ამის გასაკეთებლად ყველაზე სწორი გზაა, რომ ვიყოთ ძლიერი, ერთიანი და გვქონდეს მტკიცე პასუხი“.
ის, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე საუბრისას იენს სტოლტენბერგმა საგანგებოდ ახსენა საქართველო, არ გაჰკვირვებიათ ანალიტიკოსთა წრეში. მაგალითად, როგორც ჟურნალ „არსენალის“ მთავარმა რედაქტორმა ირაკლი ალადაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ნატო ახლო წარსულში დაშვებული შეცდომის გამოსწორებას ცდილობს:
„ნატოს გამოეპარა ის მომენტი, როდესაც რუსეთმა დაიწყო გაძლიერება შავ ზღვაში. სწორედ ეს მომენტი დადგა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როდესაც რუსეთმა განახორციელა აგრესია საქართველოს წინააღმდეგ და მათ შორის, შავი ზღვის მიმართულებიდან, როდესაც საზღვაო დესანტი გადმოსხა ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ – ოჩამჩირის რაიონში... მაშინ რუსეთიც მიხვდა, რომ მისი სადესანტო საშუალებები უკვე ძალიან ჩამორჩენილი და მოკრძალებული იყო და ამის შემდეგ დაიწყო მისი განვითარება, რაც გამოჩნდა უკრაინის ყირიმის ანექსიის დროს“.
ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს იმავე პოლიტიკას, რასაც აქამდე ატარებდა – მოზომილი განცხადებებით და მოზომილი აქტიურობით და მოზომილი ჩართულობით ნატოს ღონისძიებებში. ასეთი იქნება, ჩემი აზრით, ოფიციალური თბილისის პოლიტიკა ამ მიმართულებით...ზაალ ანჯაფარიძე
თუმცა ირაკლი ალადაშვილის თქმით, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, ნატოს ჩანაფიქრის ხორცშესხმა, დიდწილად, დამოკიდებული იქნება თურქეთის პოზიციაზე. მართალია, თურქეთიც გამოხატავს მზადყოფნას ნატოს გეგმების განხორციელების პროცესში, მაგრამ ანალიტიკოსების დიდი ნაწილი ბოლო პერიოდში საკმაოდ შემაშფოთებლად მიიჩნევს ანკარისა და მოსკოვის უჩვეულო დამეგობრებას – რის მიღმაც შესაძლოა, არცთუ სახარბიელო პროცესები იმალებოდეს.
ანალიტიკოსებისთვის ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია, თუ როგორი რეაქცია ექნება რუსეთს ნატოს ახალი ჩანაფიქრის განხორციელების კვალდაკვალ. თუკი ერთნი თვლიან, რომ ეს შესაძლოა რუსეთის აგრესიის შემაკავებელ ფაქტორად იქცეს და საქართველოს უსაფრთხოებაც განამტკიცოს, სხვათა მოსაზრებით, – ამან შესაძლოა, კიდევ უფრო გაზარდოს რუსეთიდან მომავალი აგრესიის ნაკადი. თუმცა, ანალიტიკოსების შეფასებით, ყველაფერი მაინც იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა დოზით ჩაერთვება საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესებში. როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ვარაუდობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, საქართველოს აქტივობა ამ პროცესში „ძალიან მოზომილი“ იქნება:
„ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს იმავე პოლიტიკას, რასაც აქამდე ატარებდა – მოზომილი განცხადებებით და მოზომილი აქტიურობით და მოზომილი ჩართულობით ნატოს ღონისძიებებში. ასეთი იქნება, ჩემი აზრით, ოფიციალური თბილისის პოლიტიკა ამ მიმართულებით“.
საქართველო მიესალმება ნატოს მიერ ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ხორცშესხმას. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აღნიშნავს 27 ოქტომბერს გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში, „საქართველო, საკუთარი ფორმატების ფარგლებში, მონაწილეობს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ალიანსის დისკუსიებში“ და, თავის მხრივ, საქართველო მზად არის „განაგრძოს საკუთარი წვლილის შეტანა ევრო-ატლანტიკური სივრცისა და მისი განუყოფელი ნაწილის, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში“. საგარეო საქმეთა მინისტრი მისასალმებელს უწოდებს იმ ფაქტს, რომ „ნატო არა მხოლოდ გააძლიერებს თავის სამხედრო ყოფნას და აქტივობებს შავი ზღვის რეგიონში, არამედ ასევე მხარს დაუჭერს სანაპირო ქვეყნების ძალისხმევას რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.“