Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს მესიჯები საქართველოს ვარშავის სამიტისთვის მზადების პროცესში


ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში დამტკიცებული დეკლარაცია, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უსაფრთხოების ინტერესებსა და გამოწვევებს ასახავს, მოკავშირეების გარდა, პარტნიორ ქვეყნებსაც შეეხება. დეკლარაციაში გამოხატულია მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ნახსენებია სიტყვა „ოკუპაცია“ საქართველოში რუსეთის ქმედებების ჭრილში, დაგმობილია რუსეთის აგრესია და კიდევ ერთხელ დადასტურებულია ბუქარესტის სამიტის დაპირება, რომ საქართველო ერთ დღეს გახდება ალიანსის წევრი. დეკლარაციის ტექსტი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს – გაწევრიანების სამოქმედო გეგმის - მეპის (MAP) - მიღების აუცილებლობას ნატოსკენ მიმავალ გზაზე.

დეკლარაციაში, რომელიც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატებმა 30 მაისს ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში დაამტკიცეს, საქართველო თავდაპირველად შესავალშია ნახსენები – სწორედ იქ, სადაც განსაკუთრებული ადგილი ეთმობა რუსეთის აგრესიასა და დესტრუქციულ ქმედებებს:

„ბოლო ორი წლის მანძილზე სტრატეგიულმა გარემომ ძირეული ცვლილებები განიცადა. უკრაინის წინააღმდეგ მიმართული აგრესიით, ყირიმის უკანონო ანექსიითა და ასევე საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთის) -განგრძობადი უკანონო ოკუპაციით რუსეთმა უხეშად მოუღო ბოლო ალიანსის 25-წლიან მცდელობას ჩამოეყალიბებინა ჭეშმარიტი სტრატეგიული პარტნიორობა. რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებებიც ასევე გულისხმობს მეზობელი ქვეყნების დასაშინებელ სხვა ფორმებსაც - სახიფათო ქმედებებს, მოკავშირეების წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციებს, საერთაშორისო სამართლის მოთხოვნათა მრავალგზის ხელყოფასა და ინტენსიური გადაიარაღების პროგრამას“.

ორშაბათს დამტკიცებული დოკუმენტით ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერთა ყურადღების მიპყრობას ცდილობს სამიტის წინ, რომელსაც 8–9 ივლისს პოლონეთის დედაქალაქი ვარშავა უმასპინძლებს. ამ სამიტს უკავშირდება საქართველოს მოლოდინიც, რომ ქვეყანას სათანადოდ დაუფასდება ერთგული პარტნიორობა და ალიანსისკენ მონდომებით გადადგმული ნაბიჯები. მართალია, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში არაფერი კონკრეტდება საქართველოს მოლოდინთან დაკავშირებით, მაგრამ დეპუტატები ალიანსის ლიდერებს ასპირანტი ქვეყნების წინაშე გასულ წლებში აღებულ ვალდებულებებს შეახსენებენ და მათ შორის არის საქართველოც:

„(საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნების ლიდერებს) მიიღონ ჩერნოგორიის გაწევრიანების პროტოკოლი; კვლავაც დაადასტურონ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, გაწევრიანების სამოქმედო გეგმით (MAP), როგორც ამ პროცესის განუყოფელი ნაწილით; მხარი დაუჭირონ ბოსნია-ჰერცეგოვინის ძალისხმევას 2010 წლის აპრილში დამტკიცებულ მოთხოვნათა შესრულების პროცესში, რათა შეძლებისდაგვარად სწრაფად გააქტიურდეს მისი პირველი MAP–ი; კვლავაც უნდა დადასტურდეს ნატოს მიერ აღებული ვალდებულება, რაც გულისხმობს იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკის – მაკედონიის – ევროატლანტიკურ ინტეგრაციას მაშინვე, როგორც კი გაეროს ფარგლებში მიღწეული იქნება ყველასთვის მისაღები გადაწყვეტილება ამ ქვეყნის სახელთან დაკავშირებით“.

ერთი მხრივ, ალიანსი ამბობს, რომ იგი ერთგულია თავისი ვალდებულების გახადოს საქართველო ნატოს წევრი და, მეორე მხრივ, ალიანსი ასევე აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას – და აქ, ვფიქრობ, გაცემულია პასუხი იმ კითხვაზე, რომელიც ისმის ნატოს სკეპტიკოსების მხრიდან, რომ რა ეშველება ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, თუკი ნატო დათანხმდება საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას...
გიორგი გობრონიძე

ასამბლეის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) ხსენება არ გაჰკვირვებია ანალიტიკოსების ერთ ნაწილს და მათ შორის არისსაერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი გობრონიძეც. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ის იხსენებს, რომ ეს არ არის პირველი განცხადება ნატოს მხრიდან, რომელიც საქართველოს MAP-ის მიღების აუცილებლობას შეგვახსენებს და რომელიც, წესით, წერტილს უნდა უსვამდეს დისკუსიას საქართველოს შიდაპოლიტიკურ სარბიელზე, თუმცა პერიოდულად კვლავაც ჩაღდება კამათი თემაზე – ესაჭიროება თუ არა ქვეყანას MAP–ი, თუ ისედაც შეძლებს ის ალიანსში გაწევრიანებას.

როგორც გიორგი გობრონიძე ვარაუდობს ჩვენთან საუბრისას, ვარშავის სამიტზე საქართველოსა და უკრაინას შესთავაზებენ ალიანსთან ურთიერთობის გაღრმავების კონკრეტულ მექანიზმებს და ეს ყველაფერი რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკიდან გამომდინარეობს. ხოლო ალიანსთან საქართველოს შემდგომი დაახლოების პროცესები, ანალიტიკოსის აზრით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ხარისხზე იქნება დამოკიდებული.

ხოლო რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, გიორგი გობრონიძე შენიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიების რუსეთის მიერ ოკუპაციის თემა დოკუმენტში წინა პლანზეა წამოწეული და ამით ალიანსი სათანადოდ პასუხობს სკეპტიკოსთა უსაფუძვლო ეჭვებსაც:

„ერთი მხრივ, ალიანსი ამბობს, რომ იგი ერთგულია თავისი ვალდებულების გახადოს საქართველო ნატოს წევრი და, მეორე მხრივ, ალიანსი ასევე აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას – და აქ, ვფიქრობ, გაცემულია პასუხი იმ კითხვაზე, რომელიც ისმის ნატოს სკეპტიკოსების მხრიდან, რომ რა ეშველება ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, თუკი ნატო დათანხმდება საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას. ბოლო პერიოდში ცალკეული პოლიტიკოსებიც ამბობდნენ, რომ ნატოში წევრობის სანაცვლოდ საქართველოს შესაძლოა მოუწიოს უარის თქმა თავის ტერიტორიულ მთლიანობაზე. ეს, ცხადია, ასე არ არის“.

დეკლარაციის ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ შავი ზღვა რჩება ევროატლანტიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვან კომპონენტად, უსაფრთხოების სიტუაცია მაქსიმალურად უნდა გაკონტროლდეს და რომ ეს საჭიროებს თანამშრომლობას საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდავეთთან.

უსაფრთხოების საკითხებთან მიმართებით საქართველო ორშაბათს ვარშავაშიც ახსენეს. ჩვენ ვიზრუნებთ სტაბილურობაზე ალიანსის ფარგლებს გარეთაც, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 30 მაისს, ვარშავაში, მას შემდეგ, რაც მან პოლონეთის პრეზიდენტთან ანჯეი დუდასთან ნატოს მომავალი სამიტისთვის მოსამზადებელი საკითხები განიხილა. მან თქვა, რომ სტაბილურობის განსამტკიცებლად გაფართოვდება ძალისხმევა და, სხვა ქვეყნების მსგავსად, ალიანსი კვლავაც დაეხმარება აღმოსავლეთით უკრაინას, საქართველოსა და მოლდავეთს. დახმარების ფორმებს შორის დასახელებულია თავდაცვის სფეროს ინსტიტუტების გაძლიერება და, შეიარაღებული ძალების შესაბამისად გაწვრთნის გზით, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG