Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო-საქართველო: გაწევრიანების შანსი და გზა


რუსეთის პოლიტიკის გათვალისწინებით, აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი „ფასეულად“ და „რეალისტურად“ მიიჩნევს საქართველოს ნატოში გაწევრიანების იმგვარ გზას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით ალიანსის წესდების მე-5 მუხლის დროებით შეჩერებას გულისხმობს.

ლუკ კოფის იდეის შესახებ

  • ნატოში საქართველოს გაწევრიანების შესახებ ლუკ კოფის ნაშრომში ასახული იდეა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ალიანსის წესდების მეხუთე მუხლის დროებით გაუვრცელებლობის დათქმას გულისხმობს.
  • ლუკ კოფის 29 იანვრით დათარიღებულ ნაშრომში ასახული იდეის თანახმად, საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მეხუთე მუხლის მოქმედება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ უნდა გავრცელდეს.
  • აშშ-ის ელჩისთვის საქართველოში, იან კელისთვის ლუკ კოფის იდეა ფასეულია იმის გამო, რომ ის ნატოს გაფართოების საკითხისადმი „ახლებურ მიდგომას უწყობს ხელს“. ​

ლაპარაკია „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ (The Heritage Foundation) ანალიტიკოსის, საგარეო პოლიტიკის ალისონის ცენტრის დირექტორის, ლუკ კოფის ნაშრომში ასახულ იდეაზე, რომელმაც ბოლო თვეებში საქართველოში აქტიური დისკუსიები და აზრთა სხვადასხვაობაც გამოიწვია. საქართველოს ნატოში გაწევრიანების „მოკლე გზად“ მიჩნეულ ამ იდეას რეალისტურ შანსად განიხილავენ საქართველოს ანალიტიკურ წრეებშიც. ეს საკითხი კიდევ უფრო მეტად აქტუალური ხდება გასულ კვირაში ალიანსის მიერ ასპირანტ ქვეყნად უკრაინის აღიარებისა და ნატოს ივლისის სამიტის კონტექსტში. რას შეიძლება მოელოდეს საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების უმაღლესი პირების სამიტისგან?

ნატოში საქართველოს გაწევრიანების შესახებ ლუკ კოფის ნაშრომში ასახული იდეა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ალიანსის წესდების მეხუთე მუხლის დროებით გაუვრცელებლობის დათქმას გულისხმობს, იან კელისთვის, აშშ-ის ელჩისთვის საქართველოში, ფასეულია იმის გამო, რომ ის ნატოს გაფართოების საკითხისადმი „ახლებურ მიდგომას უწყობს ხელს“. რადიო თავისუფლების შეკითხვის საპასუხოდ, 15 მარტს ელჩმა ისიც აღნიშნა, რომ იდეა, მისი თვალთახედვით, „ძალიან რეალისტურია“, მეზობლების მიმართ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გათვალისწინებით:

„საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის ყველაზე დიდი ხელის შემშლელი ფაქტორი არის რუსეთი. ორი ქვეყანაა პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელსაც ნატოში გაწევრიანება სურს და ორივეს ტერიტორიის ნაწილი წაგლეჯილი აქვს და მათი საზღვრები დარღვეულია. რაც შეეხება მე-5 მუხლის გავრცელების საკითხსა და შესაძლო შეჭრის შემთხვევას, ალიანსის მიერ დასაცავი ტერიტორიის განსაზღვრას, ამაზე უნდა იფიქროთ. არიან ქვეყნები, რომლებსაც ნატოში შესვლისას ჰქონდათ სასაზღვრო დავა და გაწევრიანებამდე შეუდგნენ მის მოგვარებაზე ზრუნვას. ესენია: საბერძნეთი, თურქეთი, გერმანია. კონკრეტულ მომენტში, საქართველოს მოუწევს იგივე გააკეთოს“.

ელჩი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ ლუკ კოფის ნაშრომში მთავარი სიტყვები იყო „დროებითი შეჩერება“, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ „საქართველომ არასდროს უნდა დათმოს ტერიტორიული მთლიანობა!“ და „არ უნდა თქვას უარი ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი საქართველოს პრინციპზე!“ მისი თქმით, ლაპარაკია „ერთიანობის პრინციპის“ მხოლოდ დროებით დათმობაზე, როგორც ეს ერთ დროს გერმანიამ გააკეთა.

ნატოს წესდების მეხუთე მუხლის მიხედვით, ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა მთელ ალიანსზე თავდასხმას ნიშნავს და, შესაბამისად, მისი უსაფრთხოების დაცვის ვალდებულება ალიანსის ყველა წევრს ეკისრება. ლუკ კოფის 29 იანვრით დათარიღებულ ნაშრომში ასახული იდეის თანახმად, საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მეხუთე მუხლის მოქმედება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ უნდა გავრცელდეს მანამდე, ვიდრე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება. მიუხედავად ამისა, იდეის მოწინააღმდეგეთა პოზიციით, შესაძლოა, ასეთი მიდგომით გარკვეული საფრთხე შეექმნას სამომავლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, თუმცა საქართველოში ექსპერტთა უდიდესი ნაწილი ამას სრულიად ფუჭ შეშფოთებად აღიქვამს.

როგორც "თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს" წარმომადგენელმა შორენა ლორთქიფანიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, იდეაზე, რომელიც ლუკ კოფის ნაშრომშია ასახული, ბოლო ათი წლის განმავლობაში სხვადასხვა ფორმით არაერთხელ წამოჭრილა ლაპარაკი. მაგრამ ახლა ამ იდეამ თითქოს უფრო კონცეპტუალური სახე მიიღო და ის უყურადღებოდ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა სულ უფრო იკვეთება დასავლეთის დაპირისპირება რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკის წინააღმდეგ.

შორენა ლორთქიფანიძე
შორენა ლორთქიფანიძე

„ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობა უფრო მეტი სერიოზულობით უნდა მიუდგეს ამ წინადადებას და ქვეყნის შიგნით უფრო ღია და ფართო დისკუსიებიც უნდა წარიმართოს. ეს შემოთავაზება დასავლეთიდან მოდის და, შესაძლოა, სწორედ ეს იყოს ის ტალღა, რომელსაც უნდა ავყვეთ იმისათვის, რომ შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნას საქართველოსთვის. თანაც, ახლოვდება ნატოს სამიტი. საერთაშორისო ურთიერთობებში ძალიან სწრაფად იცვლება ყველაფერი და ხშირად გრძელვადიანი და საშუალოვადიანი პროგნოზების გაკეთებაც ჭირს. დღეს დასავლეთის პოლიტიკა არჩევანის შემოთავაზებას გულისხმობს და ის ჯიუტი გზავნილებით არ გამოირჩევა. შესაბამისად, უნდა ვეცადოთ, რომ შანსი არ გავუშვათ ხელიდან“, - უთხრა რადიო თავისუფლებას შორენა ლორთქიფანიძემ.

„ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ (The Heritage Foundation) ანალიტიკოსის, ლუკ კოფის ნაშრომში ასახული იდეის განხილვა თებერვლის დასაწყისში თბილისში თავად ავტორის მონაწილეობით გაიმართა. განხილვა წარმომადგენლობითი იყო და მასში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც მონაწილეობდა. ანალიტიკოსებისთვის ცხადია, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების „მოკლე გზად“ აღიარებული იდეა საქართველოს მთავრობის დღის წესრიგში არ მოხვდა და ის მათი მხრიდან არც საჯარო განხილვის საგნად ქცეულა. ბევრისთვის საკითხისადმი დამოკიდებულებას ასახავს კომენტარი, რომელიც თებერვლის დასაწყისში გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ:

„აქ არანაირ ალტერნატიულ სცენარებზე საუბარი არ შეიძლება იყოს. საქართველოს აქვს განსაზღვრული კონკრეტული ხაზი, აქვს შესაბამისი ინსტრუმენტები, რომლებზეც მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მხრიდან და, ასევე, ალიანსის მხრიდან და რომლებსაც ჩვენ მივყავართ წევრობამდე“.

უმაღლესი დონის სამიტს ნატო 2018 წლის 11-12 ივლისს გამართავს და ამ მოვლენასთან მიმართებით ბევრი ანალიტიკოსისთვის საყურადღებო ფაქტია უკრაინისთვის ასპირანტი ქვეყნის სტატუსის მინიჭება. საქმე ის არის, რომ 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტზე უკრაინისა და საქართველოს წყვილმა ერთად მიიღო დაპირება, რომ ეს ორი ქვეყანა ერთ დღეს აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. ჯერჯერობით არავინ იცის ზუსტი პასუხი შეკითხვაზე, თუ რა მოხდება 11-12 ივლისს ბრიუსელში.

იენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი

15 მარტს, ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დასმულ შეკითხვას ზოგად ჭრილში უპასუხა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა:

„მოველი, რომ ნატოს ბრიუსელის სამიტზე აღიარებული იქნება საქართველოს პროგრესი რეფორმების სფეროში და აგრეთვე აღიარებული იქნება საქართველოს წვლილი, ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი ნატოს მისიებსა და ოპერაციებში, განსაკუთრებით - ავღანეთში. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს პოლიტიკურ მხარდაჭერას, პრაქტიკულ მხარდაჭერას: წვრთნაში, რეფორმებში შესაძლებლობების განვითარებისთვის. ჩვენთვის შთამბეჭდავია რეფორმები, რომელთა განხორციელებაც საქართველომ შეძლო. შთამბეჭდავია ის ფაქტიც, რომ საქართველოს შესწევს უნარი ჩაერთოს რუსეთთან დიალოგში სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად“.

ნატოს ივლისის სამიტს საქართველოს პოზიტიური მოლოდინი უკავშირდება როგორც მიღწეული პროგრესის, ასევე შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვის კუთხით - ამ შინაარსის განაცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ, გააკეთა რამდენიმე კვირის წინ, პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას.

მისი თქმით, 2018 წლის სამიტზე მოხდება ასპირანტი ქვეყნების შეფასება და განვლილი ათი წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესის გაზომვა.

„10 წელი გავიდა ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ და ჩვენ მოველით, რომ მოხდება შესაბამის დონეზე ამ პერიოდის შეფასება და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა. ასევე მოველით, რომ შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა, რა თქმა უნდა, მოხდება ნატოს ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში. ასევე ჩვენ ვმუშაობთ პრაქტიკული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე, რომელიც უკავშირდება ნატოსთან ჩვენს თანამშრომლობას შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

პაატა გაფრინდაშვილი
პაატა გაფრინდაშვილი

ნატოს სამიტის წინ, „შედარებით უფრო ხელსაყრელი საერთაშორისო ურთიერთობების ფონზე“, გასააქტიურებელია საქართველოს მიერ ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მიღების მოთხოვნა და ამის მიღწევა შესაძლებელი უნდა იყოს, - განაცხადა 16 მარტს რადიო თავისუფლების გადაცემა „დილის საუბრებში" სტუმრობისას საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) დირექტორმა პაატა გაფრინდაშვილმა.

„ეს არ არის პანაცეა. ეს არის სწორედ ის ტაქტიკური ნაბიჯი, რომელზეც უნდა იმუშაოს საქართველომ. მაგრამ, თუკი არ მოხდება MAP-ის მიღების საკითხის ასახვა ნატოს გადაწყვეტილებაში, მაშინ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ნატოს ქვეყნებმა აღიარონ, რომ საქართველოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმის გარეშე შეუძლია გახდეს ნატოს წევრი. ამას ისინი რიტორიკულად ამბობენ ხოლმე, მაგრამ ჯერჯერობით არც ერთ დოკუმენტში არ ასახულა“, - განაცხადა პაატა გაფრინდაშვილმა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG