რუსეთის როსტოვის ოლქის დონეცკის საქალაქო სასამართლოში, სადაც დღეს დაიწყო განაჩენის გამოცხადება უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს საქმეზე, სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარემ ლეონიდ სტეპანენკომ აღნიშნა, რომ განსასჯელმა „სიძულვილისა და მტრობის მოტივით“ წინასწარგანზრახვით ჩაიდინა ორი ჟურნალისტის მკვლელობა. შესვენების შემდეგ სასამართლოში არ შეუშვეს უკრაინის დელეგაცია. ვარაუდობენ, რომ განაჩენის კითხვა ორ დღეს გასტანს და სასჯელს სასამართლო სხდომის ბოლოს გამოაცხადებს.
როსტოვის ოლქის დონეცკის სასამართლოში განაჩენის წაკითხვა 21 მარტს უსაფრთხოების უპრეცედენტო პირობებში დაიწყო. სასამართლოს შენობისა და ახლომდებარე სახლების სახურავებზე მორიგეობდნენ სნაიპერები, მოწმდებოდა სადარბაზოები და სხვენი, ხოლო ქუჩებში მოძრაობდა პოლიციის გაძლიერებული პატრული. თავად სასამართლო შენობის წინ მიმდინარეობდა ხელისუფლების მიერ ორგანიზებული პიკეტი, რომლის მონაწილეებიც მხარს უჭერდნენ რუსეთის მართლმსაჯულებას, ნადეჟდა სავჩენკოს მომხრეები კი ხარკოვში რუსეთის საკონსულოს შენობის წინ არიან შეკრებილნი.
„დღესდღეობით აშკარაა, რომ მთელი საქმე მისი შეპყრობის, მოტაცებისა და სასამართლო პროცესის ინიცირების შესახებ არის სრული ფიქცია. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის ხელისუფლება და ვლადიმირ პუტინი მხოლოდ ერთადერთი მიზნის მიღწევას, უკრაინელი ხალხის დაშინებას ესწრაფვის“, - განაცხადა ხარკოვში მიმდინარე აქციის ორგანიზატორმა ვალერი დუდკომ.
ნადია სავჩენკომ რუსი ჟურნალისტების ანტონ ვოლიშინისა და იგორ კორნელიუკის მკვლელობა წინასწარგანზრახვით ჩაიდინა სიძულვილისა და მტრობის მოტივით, პირთა ჯგუფთან ერთად...ლეონიდ სტეპანენკო
სავჩენკოს ბრალად ედება მონაწილეობა ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში ლუგანსკთან 2014 წლის ზაფხულში. რუსეთის როსტოვის ოლქის დონეცკის საქალაქო სასამართლოში, სადაც უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს საქმეზე დღეს დაიწყო განაჩენის გამოცხადება, სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარემ ლეონიდ სტეპანენკომ განსასჯელის მიერ მკვლელობის განზრახ ჩადენაზე გაამახვილა ყურადღება.
„ნადია სავჩენკომ რუსი ჟურნალისტების ანტონ ვოლიშინისა და იგორ კორნელიუკის მკვლელობა წინასწარგანზრახვით ჩაიდინა სიძულვილისა და მტრობის მოტივით, პირთა ჯგუფთან ერთად“, - მოსამართლე სტეპანენკომ დასძინა, რომ განსასჯელი დამნაშავეა ასევე რუსეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთაში.
განაჩენის წაკითხვის დროს, ფაქტობრივად, მოსამართლემ უცვლელად გაიმეორა ის ბრალდებები, რომლებიც პროკურატურამ წინასწარი გამოძიების ეტაპზე დადასტურებულად მიიჩნია და რომელთაც თავად ნადეჟდა სავჩენკო პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. უკრაინელი მფრინავი ქალის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ილია ნოვიკოვმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მთავარია ის გადაწყვეტილება, რომელსაც მოსამართლის განაჩენის შემდეგ კრემლი მიიღებს:
„ერთმანეთისაგან უნდა გავარჩიოთ განაჩენი და საბოლოო გადაწყვეტილება, რადგან განაჩენი სასამართლოს გამოაქვს, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კრემლი იღებს. განაჩენისაგან ჩვენ არაფერს განსაკუთრებულს არ მოველით. პროკურატურამ მასზე მოითხოვა 23 წლით თავისუფლების აღკვეთა სავჩენკოსათვის. ალბათ, 20 წელიწადს ან ამის მსგავსს მიუსჯიან. 10 წელიწადი იქნება თუ 15, ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ეს არ არის მთავარი“.
21 მარტს სასამართლოში, შესვენების შემდეგ, არ შეუშვეს უკრაინის დელეგაცია. როგორც დელეგაციის წევრი, უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი სვიატოსლავ ცეგოლკო იუწყება, დარბაზში ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე აღარ შეუშვეს აღარც თავად ის და აღარც უკრაინის პარლამენტის დეპუტატები. შესვენებამდე ცეგოლკო გააფრთხილეს იმისთვის, რომ მან ფოტოს გადაღება სცადა.
ვარაუდობენ, რომ განაჩენის კითხვა ორ დღეს გასტანს და სასჯელს სასამართლო სხდომის ბოლოს გამოაცხადებს.