Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

„მტკვარჰესთან“ დაკავშირებულ პრობლემებს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი შეისწავლის


ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველის მოსახლეობა საჩივრების შეტანას პარლამენტში, პროკურატურასა და სახელისუფლებო პარტიის შტაბში აპირებს. ადგილობრივები „კავკაზუს ენერჯს“, რომელიც „მტკვარჰესის“ მშენებლობას ახორციელებს, 41 ჰექტარი მიწის ფართობის მითვისებაში ადანაშაულებენ. ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველის მოსახლეობა კუთვნილი მიწების დაკანონებას ითხოვს. მოსახლეობა ამბობს, რომ მათმა ნაწილმა ტერიტორიის სანაცვლოდ კომპენსაცია ვერ მიიღო. მათი ტერიტორია უკანონოდ რომ იყო გასხვისებული, ძველელებმა მაშინ გაიგეს, როცა ერთ-ერთმა მოსახლემ, ალექსი ზედგინიძემ, კუთვნილი მიწის ფართობის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია გადაწყვიტა. როგორც აღმოჩნდა, ტერიტორია ,,მტკვარჰესის’’ საკუთრებაში იყო გადაცემული. ალექსი ზედგინიძის მსგავს მდგომარეობაში ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველის 40-მდე ოჯახი აღმოჩნდა.

ძველელების თქმით, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები კომპანიას 2009 წელს გადაეცა საკუთრებაში მათთან შეუთანხმებლად. მათი მტკიცებით, მიწის ნაკვეთები კუთვნილებაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანხმობით ჰქონდათ გადაცემული. რაც შეეხება საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, მოსახლეობამ მიწების სამართლებრივად დაკანონება საჭირო თანხის უქონლობის გამო ვერ მოახერხა. ასპინძის მუნიციპალიტეტში ჰიდრო ელექტროსადგურის სათავე ნაგებობის მშენებლობა 2007 წლიდან დაიწყო. „კავკაზუს ენერჯის“ თავმჯდომარე ბიძინა ბეჟაშვილი სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ „მტკვარჰესს“ ყველა ტერიტორია კანონიერად აქვს გაფორმებული.

სოფელ ძველში კომპენსაციის ნაწილი მხოლოდ რამდენიმე ოჯახმა მიიღო და ისიც არასრული რაოდენობით. ძველელების თქმით, პრივატიზაციის დროს ,,მტკვარჰესმა“ ის ტერიტორიაც მიითვისა, სადაც საცხოვრებელი სახლები იყო აშენებული. მოსახლეობა ახალი მთავრობისგან ყურადღებასა და კუთვნილი კომპენსაციის მიღებას მოითხოვს. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კომპანია „კავკაზუს ენერჯის“ მიერ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველის მოსახლეობის მიწების მითვისების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. „მტკვარჰესზე“ ამ დროისათვის სამუშაოები შეჩერებულია. ამის მიზეზად საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კომპანიაში ფინანსურ პრობლემებს ასახელებს. კახი კალაძე იმედოვნებს, რომ მშენებლობა ახლო მომავალში განახლდება.

ჯერ კიდევ 2012 წლისთვის საქართველოს პრეზიდენტი სამცხე-ჯავახეთში 5-მდე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავდა, თუმცა რეგიონში მხოლოდ ორი პროექტის – „ფარავანჰესისა“ და „მტკვარჰესის“ - განხორციელება დაიწყო. ამ დროისათვის სამშენებლო სამუშაოები მხოლოდ „ფარავანჰესზე“ მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG