13 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამთავრობო ცვლილებების პროექტი წარადგინა. პროექტის თანახმად, 18 სამინისტრო 14-მდე შემცირდება: უქმდება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, ენერგეტიკის სამინისტრო, სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. მათი ფუნქციები და კომპონენტები კი სხვადასხვა სამინისტრომ გადაინაწილა. კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო, მინისტრის პოსტს კი დიმიტრი ქუმსიშვილი დაიკავებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, მინისტრის პოსტს ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე შეინარჩუნებს. ცვლილებების თანახმად, გარემოს დაცვის სამინისტრო შეუერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ამ უწყებას უხელმძღვანელებს ლევან დავითაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფუნქციებს კი კულტურისა და განათლების სამინისტროები გადაინაწილებენ. კულტურის მინისტრის პოსტზე რჩება მიხეილ გიორგაძე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კი ახალი ხელმძღვანელი ეყოლება - მიხეილ ჩხენკელი. მინისტრს შეიცვლის შს სამინისტროც. ამ პოსტზე გიორგი მღებრიშვილს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია ჩაანაცვლებს, გიორგი მღებრიშვილი კი ახლად შექმნილ საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს ჩაუდგება სათავეში. ფინანსთა მინისტრის პოსტს დაიკავებს მამუკა ბახტაძე, რომელიც ამჟამად „საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორია. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ცვლილებების პაკეტი მთავრობის უახლოეს სხდომაზე დამტკიცდება, რის შემდეგაც ის განსახილველად პარლამენტს წარედგინება. პრემიერ-მინისტრი გამოთქვამს იმედს, რომ ახალი მთავრობის ფორმირების პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1