Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურამ განცხადებით უპასუხა გიგი უგულავას


საქართველოს პროკურატურამ განცხადებით უპასუხა გიგი უგულავას მიერ 23 დეკემბერს ღამით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გერმანიაში გასამართლებული იყო ყაჩაღური ქურდობისთვის. „პატიმარ ვანო მერაბიშვილთან შეხვედრაში დადანაშაულების შემდეგ, ოთარ ფარცხალაძის ყაჩაღად შერაცხვა ემსახურება ერთადერთ მიზანს, მთავარი პროკურორი ნებისმიერი ხერხით ჩამოაცილონ დაკავებულ თანამდებობას და დისონანსი შეიტანონ პროკურატურის გამართულ საქმიანობაში“ - ნათქვამია განცხადებაში. ნაციონალური მოძრაობის ქმედებებს პროკურატურა უკავშირებს პარტიის ლიდერთა წინააღმდეგ რეზონანსულ სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების გააქტიურებას და აცხადებს, რომ ბრალდებულთა ხელმძღვანელობით დაიწყო და ახალ ფაზაში შევიდა პოლიტიკური შანტაჟის და დისკრედიტაციის მიზანმიმართული კამპანია საქართველოს მთავარი პროკურორის წინააღმდეგ. პროკურატურის განცხადებითვე, ის აუცილებლად განაგრძობს კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას, საზოგადოებაში გაჩენილ ყველა შეკითხვას კი ამომწურავი პასუხი გაეცემა. გასულ ღამით გიგი უგულავამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აუგსბურგის რაიონული სასამართლოს განაჩენით, რომელიც 2001 წლის მარტიდან ამოქმედდა, ოთარ ფარცხალაძეს მისჯილი ჰქონდა პატიმრობა 1 წლით და 3 თვით და დამატებითი სასჯელის სახით პასიური საარჩევნო და გარკვეული თანამდებობის დაკავების უფლებები ჩამოერთვა 2016 წლის აგვისტომდე. ამ ინფორმაციის საფუძველზე უგულავამ ფარცხალაძისთვის მთავარი პროკურორის უფლებამოსილების შეჩერება მოთხოვა.

ნაციონალურ მოძრაობაში ირწმუნებიან, რომ ინფორმაცია საქართველოს მთავარი პროკურორის ნასამართლეობის შესახებ „ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციებისგან“ მიიღეს. „გამომდინარე იქიდან, რომ ეს ადამიანები შეშფოთდნენ მთავარი პროკურორის ბოლოდროინდელი თავზეხელაღებული მოქმედებებით, მათ მოგვაწოდეს ძალიან კონკრეტული ფაქტები, რომელთა გადამოწმება ადვილია“ - განაცხადა დღეს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გივი თარგამაძემ. მისივე თქმით, გერმანიაში სასჯელის გარკვეული ვადის მოხდის შემდეგ მოხდა ფარცხალაძის საქართველოში ექსტრადიცია. გივი თარგამაძემ საქართველოს იუსტიციის მინისტრს მოუწოდა, ოთარ ფარცხალაძის შესახებ გერმანიიდან ინფორმაცია ოფიციალურად გამოითხოვოს.
XS
SM
MD
LG