Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგი უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერება დავის საგანია


გიგი უგულავა
გიგი უგულავა
შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი იზიარებს სამოქალაქო საზოგადოების წუხილს იმის გამო, რომ სასამართლომ გადაწყვიტა გიგი უგულავასთვის თბილისის მერის უფლებამოსილება შეეჩერებინა. გიგი უგულავას ადვოკატები სასამართლოს ამ გადაწყვეტლებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. თავის მხრივ, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ნაცვლად 50 ათას ლარიან გირაოს შეფარდების საკითხს გაასაჩივრებს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი კი გიგი უგულავას მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც მოსამართლემ გადაწყვეტილება ზეწოლის შედეგად მიიღო.

„ვიზიარებთ სამოქალაქო საზოგადოების წუხილს არჩეული თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით და ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას“, – ნათქვამია საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის რიჩარდ ნორლანდის განცხადებაში, რომელიც ასე გრძელდება:

„კვლავ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ზედმიწევნით და გამჭვირვალედ უზრუნველყოს კანონით გათვალისწინებული პროცედურები და კანონის უზენაესობა“.
ცალსახად, როდესაც ღამის საათებში ხდება ერთი ხელის მოსმით პირდაპირი წესით არჩეული მერისთვის, რომელიც მეორე თანამდებობის პირია პრეზიდენტის შემდეგ, რომელსაც ამ წესით ირჩევს საქართველოს მოსახლეობა, წინააღმდეგობაში მოდის მთლიანად ევროპულ ღირებულებებთან...
გიორგი ტუღუში

თავის მხრივ, გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ხელმოწერილ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ და „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“, ნათქვამია, რომ თუმცა საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დალი მეტრეველს არჩეული თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეჩერების უფლება ჰქონდა „გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული საქმისადმი არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, - საქმე ეხება პირდაპირი არჩევნებით არჩეული თბილისის მერის თანამდებობას და ამ განჩინების მიღებამდე რამდენიმე საათით ადრე იმავე მოსამართლემ მხარეთა დასწრებით განიხილა პროკურატურის სხვა შუამდგომლობა, - უმჯობესი იქნებოდა თანამდებობიდან გადაყენების შესახებ შუამდგომლობა ასევე მხარეთა დასწრებით განხილულიყო და დაცვის მხარეს საკუთარი არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობა მისცემოდა“.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარის გიორგი ტუღუშის სიტყვებით, რამდენიმე წლის წინ, ევროპის საბჭოს მოთხოვნით, თბილისის შესახებ კანონიდან ამოიღეს ჩანაწერი, რომელიც გარკვეულ გარემოებებში არჩეული მერისთვის უფლებამოსილების შეჩერების შესაძლებლობას იძლეოდა, რაც კიდევ ერთი დასტურია გიორგი ტუღუშისთვის, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება:

„ცალსახად, როდესაც ღამის საათებში ხდება ერთი ხელის მოსმით პირდაპირი წესით არჩეული მერისთვის, რომელიც მეორე თანამდებობის პირია პრეზიდენტის შემდეგ, რომელსაც ამ წესით ირჩევს საქართველოს მოსახლეობა, წინააღმდეგობაში მოდის მთლიანად ევროპულ ღირებულებებთან“.

მოსამართლის მიმართ ზეწოლის შესახებ არაფერი სმენია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კონსტანტინე კუბლაშვილს:

კონსტანტინე კუბლაშვილი
კონსტანტინე კუბლაშვილი
„კანონიერად გააკეთა სასამართლომ ის, რომ რაც კანონში წერია, მან გამოიყენა ეს უფლება და ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო ეს გადაწყვეტილება. ახლა თუ ვინმე იტყვის, რომ მე ან სასამართლოს რომელიმე თავმჯდომარეს უნდა გვეთქვა, რომ იცი, ეს საკითხი მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, ამიტომ ასე კი არ გააკეთო, ისე გააკეთე, აი ამას თუ ვინმე მეტყვის, ძალიან შეცდება, იმიტომ რომ ეს არის სწორედ ჩარევა მოსამართლის დამოუკიდებლობაში“.

მოსამართლის მიმართ ზეწოლის შესახებ გიგი უგულავა გასული კვირის შაბათს საუბრობდა, სანამ სასამართლო დაიწყებოდა. შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას ბრალდება ორი ეპიზოდისგან შედგება. პროკურატურის განცხადებით, ორივე ეპიზოდი უკავშირდება დედაქალაქის განვითარების ფონდიდან 48.18 მლნ ლარის სახელმწიფო სახსრების გამოყენებას „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა ხარჯების დასაფარად 2011–2012 წლებში. გიგი უგულავამ მოსამართლეზე ზეწოლის შესახებ განცხადება დღესაც გაიმეორა:

„სანამ პროცესი დაიწყებოდა, ვთქვი ის შედეგი, რომელიც იყო გამიზნული და რომელიც დადგა. პროკურატურა სულ სხვა მოთხოვნით იყო შესული და დადგა სულ სხვა შედეგი, ის შედეგი, რომელიც მე ვთქვი. საიდან ვიცი მაშინ ეს შედეგი? ჩიტმა მომიტანა ამბავი, მტრედით მივიღე, საფოსტო ბარათით თუ როგორ მივიღე? ასე რომ, ნუ დავამკვიდრებთ იმ ტრადიციას, რომ სირაქლემასავით ნუ დავდგებით და ნუ დავიწყებთ იმის ძახილს, რომ არაფერი არ ვიცი. ვისაც ეხება, იმან გამოიძიოს“.
ერთი მხრივ, როდესაც საუბარია ისეთ გადაწყვეტილებებზე, რომელიც მოსწონთ ჩვენს ოპონენტებს, მაშინ არის სასამართლოს დამოუკიდებლობაზე საუბარი. მეორე მხრივ, როცა არ მოსწონთ ეს გადაწყვეტილება, სასამართლო თურმე არის ზეწოლის ქვეშ...
ირინე იმერლიშვილი

„ნაციონალური მოძრაობა“ ამ საკითხის შესასწავლად საპარლამენტო კომისიის შექმნას მოითხოვდა, რაც არ გაიზიარა საპარლამენტო უმრავლესობამ. ამასთან, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სასამართლოს ზოგიერთი გადაწყვეტილება მოსაწონია, ზოგიც - არა, ამბობს უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და, მისი სიტყვებით, სწორედ ამით ფასდება სასამართლოს დამოუკიდებლობა:

„სასამართლოს ნამდვილად კანონმდებლობა არ დაურღვევია. მოსამართლეს ჰქონდა იმის უფლება, რომ ზეპირი განხილვის გარეშე მიეღო გადაწყვეტილება. ერთი მხრივ, როდესაც საუბარია ისეთ გადაწყვეტილებებზე, რომელიც მოსწონთ ჩვენს ოპონენტებს, მაშინ არის სასამართლოს დამოუკიდებლობაზე საუბარი. მეორე მხრივ, როცა არ მოსწონთ ეს გადაწყვეტილება, სასამართლო თურმე არის ზეწოლის ქვეშ“.

საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ გიგი უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერებით ხელისუფლება ცდილობს ნიადაგი მოუმზადოს თავის სასურველ მერობის კანდიდატს.

დღის ბოლოს კი თბილისის მერიას გიგი უგულავას უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე საქალაქო სასამართლოს განჩინება ჩაბარდა. როგორც თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აღნიშნული განჩინების აღსრულება მოსამართლემ მთავარი პროკურატურის პროკურორს მალხაზ კაპანაძეს დაავალა. მერიისთვის გაუგებარია, რომელი კანონის საფუძველზე უნდა მოხდეს განჩინების აღსრულება, ვინაიდან, როგორც მერიაში აცხადებენ, კანონმდებლობის იმ მუხლით, რომლითაც მოსამართლემ იხელმძღვანელა, თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი, ანუ პირი, რომელმაც ადამიანი მიიღო სამსახურში, დანიშნა ან აირჩია. თბილისის მერი კი არჩეულია საყოველთაოდ, პირდაპირი არჩევნების გზით. იგი თანამდებობაზე განმწესებულია ხალხის გადაწყვეტილებით. შესაბამისად, არ არის ცნობილი, თუ როგორ უნდა მოხდეს თბილისის მერის გადაყენება.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG