Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კონკურსი, რომელიც ფიქციად იქცა“


ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, სტრასბურგი
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, სტრასბურგი

2016 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევა გაუმჭვირვალედ, საქართველოს მთავრობის სპეციალური დადგენილებით გაწერილი ნორმების გვერდის ავლით მოხდა - ამის თაობაზე კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წარმომადგენლებმა, საგანგებო განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, 4 აგვისტოს უკვე სპეციალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. მათი განმარტებით, დადგენილება ფორმალობად და ფიქციად იქცა მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ 28 ივლისის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, ევროსასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე კანდიდატთა სამპირიან სიაში, ნანა მჭედლიძის ნაცვლად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე შეეყვანა. რა დარღვევებს ხედავენ მთავრობის გადაწყვეტილებაში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და რა არგუმენტებით უპასუხებს მათ იუსტიციის სამინისტრო?

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ საქართველოს მთავრობის 28 ივლისის გადაწყვეტილებას, შეიძლება ითქვას, მყისიერად გამოეხმაურა და მასში რამდენიმე გადაცდომის შესახებ მიუთითა, მათ შორის, არამარტო მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის მარეგულირებელი დადგენილების დარღვევისა და მის საფუძველზე შექმნილი კომისიის გადაწყვეტილებათა უგულებელყოფის მიმართულებით. კრიტიკა გამოითქვა იმის გამოც, რომ საქართველოს მთავრობამ დაარღვია ევროსასამართლოს საკონსულტაციო ორგანოს გადაწყვეტილების კონფიდენციალურობა, როდესაც გაახმაურა ის დეტალები, რომლებიც ეგრეთ წოდებული ფილტრაციის საკონსულტაციო ორგანოსგან მიიღო რეკომენდაციის სახით.

კონკურსი წარიმართა ღია ინტერესთა კონფლიქტის პირობებში და არაფერი ამ დადგენილებაში, რომლის საფუძველზეც კომისია მუშაობდა, არ არეგულირებდა, მაგალითად, ინტერესთა კონფლიქტის აცილებისა და თვითაცილების საკითხებს...
ანა ნაცვლიშვილი

იუსტიციის სამინისტრომ ევროპის საბჭოს საქართველოდან ასარჩევი 3 კანდიდატურა, ალექსანდრე ბარამიძის, ნანა მჭედლიძისა და გიორგი ბადაშვილის სახით, მაისში წარუდგინა. სამინისტროს თანახმად, ექსპერტების შეფასების შედეგად გამოვლინდა, რომ ალექსანდრე ბარამიძე სრულად აკმაყოფილებს ევროპული კონვენციით დადგენილ კრიტერიუმებს, გიორგი ბადაშვილისთვის 11-წლიანი გამოცდილება მისი პროფესიული კარიერის მთავარი დადებითი ნაწილია და სასურველია ფლობდეს სხვა პროფესიულ გამოცდილებასაც, ხოლო ნანა მჭედლიძის კანდიდატურასთან დაკავშირებით ითქვა, რომ კარიერული წინსვლის ამ ეტაპზე იგი აშკარად ვერ აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, მართლმსაჯულების სისტემის ფარგლებში სათანადო გამოცდილების უქონლობის გამო. შესაბამისად, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ნანა მჭედლიძის კანდიდატურა ევა გოცირიძის კანდიდატურით ჩაენაცვლებინა. ზოგადად, განვითარებული პროცესების ფონზე, კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ფიქრობს, რომ დისკრედიტირებულია საქართველოდან ევროსასამართლოში ასარჩევი მოსამართლეების კანდიდატთა შერჩევის ის წესი, რომელიც, თავისთავად, პროგრესული სიახლე იყო (კანდიდატებს ირჩევდა კომისია, რომლის შემადგენლობაშიც, სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებსა და სახალხო დამცველთან ერთად, შედიოდნენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც). კომისიის წევრი კოალიციის სახელით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ კითხვის ნიშნებს ბადებს როგორც მოსამართლეობის კანდიდატთა შეფასების კრიტერიუმები და მოსამართლის ჩანაცვლების პრინციპის დარღვევა, ისე ინტერესთა კონფლიქტი:

“კონკურსი წარიმართა ღია ინტერესთა კონფლიქტის პირობებში და არაფერი ამ დადგენილებაში, რომლის საფუძველზეც კომისია მუშაობდა, არ არეგულირებდა, მაგალითად, ინტერესთა კონფლიქტის აცილებისა და თვითაცილების საკითხებს. განსაკუთრებით სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, რომლებიც იყვნენ კომისიის წევრები, მათი შეფასებები არ იყო დაფუძნებული რეალურ მცდელობას, რომ კრიტერიუმებთან კანდიდატების შეფასება შეემოწმებინა“.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი არ გამორიცხავს, რომ ხარვეზიანი, გაუმართავი პროცედურით მიღებული შედეგების ლეგიტიმაცია სადავო გახდეს. „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ თავმჯდომარე ნინო ელბაქიძე, თავის მხრივ, კანდიდატის შეცვლის პროცედურის არარსებობის პირობებში, მთავრობის მიერ ევა გოცირიძის ერთპიროვნულად წარდგენის ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას:

“რატომ მოხდა ასე და ხომ არ აქვს ადგილი რაიმე სახის წინასწარ შეთანხმებას? ამას, ალბათ, დრო გვაჩვენებს, ამაზე კითხვებს, ალბათ, პასუხები გაეცემა, თუმცა დღეს ფაქტია: ის პროცესი, რაც წარიმართა, არ არის ობიექტური, არ არის სამართლიანი და არ არის გამჭვირვალე. ვითომდა, გამჭვირვალობის საბაბით შექმნილი კომისია, საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ იყო მხოლოდ ფორმალური ინსტრუმენტი იმისა, რომ თავი გავიმართლოთ, რომ ამ ფორმით შევარჩიეთ კანდიდატები. შესაბამისად, ყველაფერი წესრიგშია. ეს ასე არ არის, რეალურად კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშნები გააჩინა ამ ყველაფერმა“.

ნინო ელბაქიძე
ნინო ელბაქიძე

როგორც ნინო ელბაქიძე განმარტავს, საქართველოს მთავრობის დადგენილებაში არ არის გაწერილი კანდიდატის შეცვლის პროცედურა, ანუ, დადგენილების თანახმად, თუ სამკაციანი სიის დამტკიცება ვერ ხდება, კომისიის ფარგლებში ხელახალი განხილვა უნდა დაიწყოს. დადგენილების განმარტების ამგვარ ვერსიას არ ეთანხმება იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი:

“დადგენილების თანახმად, კომისიას, რომელიც, მართლაც, უპრეცედენტოდ მონაწილეობითი იყო, უნდა შეერჩია ხუთი კანდიდატი. ეს ხუთი კანდიდატი შეირჩა და კონკურსის თავიდან ჩატარების ვალდებულება დაუდგება მთავრობას, თუკი სტრასბურგი ევა გოცირიძესაც დაიწუნებს და შემდეგ ასევე დაიწუნებს ანა დოლიძეს. მანამდე ეს ვალდებულება ჩვენ არ გვაქვს. კონკურსის შედეგად ხუთი კანდიდატი გვყავს და ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ ხუთი კანდიდატიდან სტრასბურგისთვის მისაღები კანდიდატები გავგზავნოთ“.

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“, თავის მხრივ, ეჭვობს, რომ ევა გოცირიძის სამ კანდიდატს შორის მოქცევის გადაწყვეტილება მთავრობამ პოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით მიიღო და რომ კანდიდატი არ იმსახურებს სამოქალაქო სექტორის ნდობას. მთავრობის განმარტებით კი, კომისიის მიერ შერჩეული ხუთი კანდიდატიდან ევა გოცირიძეს, იმავე ანა დოლიძესთან შედარებით, უპირატესობა ძირითადად გამოცდილების ნიშნით მიენიჭა. დადგენილი სტანდარტით სამპირიანი სია ვარგისია, თუ სამი კანდიდატიდან ერთ-ერთი მაინც არის განსხვავებული სქესის. მოსამართლეს საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე წლის ოქტომბერში აირჩევენ.

XS
SM
MD
LG