13 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლოში განახლდა ე.წ. „კაბელების საქმის“ სასამართლო პროცესი. ამჯერად დაცვის მხარე სასამართლოს წინაშე სააპელაციო საჩივრითა და შესავალი სიტყვით წარდგა. საქმის ადვოკატები კვლავაც აცხადებენ, რომ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ხუთი თანამშრომელი უდანაშაულოა და მათ გათავისუფლებას მოითხოვენ.
„კაბელების საქმის“ მორიგ სასამართლო პროცესს 13 ოქტომბერს „თავისუფალი დემოკრატების“ უკვე ყოფილი ლიდერი, ირაკლი ალასანია, და გუნდის წევრებიც ესწრებოდნენ. ალასანიას თავდაცვის მინისტრობის დროს სამსახურიდან დათხოვნილ და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ხუთ ადამიანს 7-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. საქმეზე უკვე 50-ზე მეტი სასამართლო პროცესია გამართული. ადვოკატ ლევან სამუშიას განცხადებით, საქმეში არ მოიპოვება არც ერთი, თუნდაც სულ მცირე, დეტალი, რომელიც დაკავებულთა ბრალეულობას დაადასტურებდა. ჯერ ერთი, საქმეში არ იკვეთება დაკავებულთა მოტივი, რომლის არსებობაც აუცილებელია ბრალის დასამტკიცებლად და, მეორე, მათ ხელი არ მიუწვდებოდათ პროკურატურის მიერ გაფლანგულად დასახელებულ თანხაზე. 13 ოქტომბერს ადვოკატმა განაცხადა, რომ, მიუხედავად სასამართლო სისტემის მიმართ კრიტიკული განწყობისა, მაინც იმედი აქვთ, რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს:
ჩვენი სააპელაციო საჩივარი ასგვერდიანია და იქ დეტალურად წერია, თუ რატომ არის მოსამართლის გადაწყვეტილება უსაფუძვლო. ვითხოვთ ყველა მსჯავრდებულის გათავისუფლებას...სოსო ბარათაშვილი
„პროცესი გრძელდება. როდის დასრულდება, ძნელი სათქმელია. ჩვენ სურვილი გვაქვს, რომ სასამართლო იყოს თავისუფალი და ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს, მაგრამ, დღევანდელი სასამართლო სისტემიდან გამომდინარე, ამის იმედი ნაკლებად გვაქვს. იქნებ ჩვენი სკეპტიციზმი არ გამართლდეს და სასამართლომ მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება“.
„კაბელების საქმის“ კიდევ ერთი ადვოკატი კი, სოსო ბარათაშვილი, ამბობს, რომ სააპელაციო საჩივარში დეტალურად არის დასაბუთებული პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უსაფუძვლობაც:
„ჩვენი სააპელაციო საჩივარი ასგვერდიანია და იქ დეტალურად წერია, თუ რატომ არის მოსამართლის გადაწყვეტილება უსაფუძვლო. ვითხოვთ ყველა მსჯავრდებულის გათავისუფლებას“.
გავიხსენოთ, რომ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს - ნუგზარ კაიშაურს, დავით წიფურიას, არჩილ ალავიძეს, გიორგი ლობჟანიძესა და გიზო ღლონტს - გამოძიება სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ლარის გაფლანგვას ედავებოდა. 2016 წლის 16 მაისს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ხუთივეს 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავებისუფლება 2 წლის ვადით ჩამოართვა.ბრალდებულები, რომლებიც ე. წ. „კაბელების საქმეზე“ 2015 წლის 19 ივნისის შემდეგ გირაოს სანაცვლოდ თავდებით იყვნენ გათავისუფლებულნი, მოსამართლის მიერ განაჩენის გამოქვეყნებისთანავე სხდომათა დარბაზშივე დააპატიმრეს.
სასამართლო სხდომაზე მისულმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რო ის და მისი გუნდი ბოლომდე იბრძოლებს უდანაშაულო ადამიანების პოლიტიკური პატიმრობიდან გამოსახსნელად:
„გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ ფორმას და ჩვენი საზოგადოებრივი საქმიანობაც იმისკენ იქნება მიმართული, რომ ბიჭები, რომლებიც არიან უდანაშაულოები და მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით მოხდა მათი ციხეში გაშვება, მალე დაუბრუნდნენ ოჯახებს. ეს არის ის საქმე, რაშიც ყველა ვართ ერთსულოვანი“.
13 ოქტომბერს, სასამართლო სხდომაზე განსაკუთრებული მოლოდინით არ მისულა „თავისუფალი დემოკრატების“ უკვე ყოფილი წევრი, ალექსი პეტრიაშვილი, თუმცა, მისი თქმითაც, იქ ყოფნა უდანაშაულო ადამიანების მხარდასაჭერად მისი, როგორც მოქალაქის, ვალია:
„მე აქ მოვედი ისე, როგორც რიგითი მოქალაქე, რათა ხუთ უდანაშაულო ადამიანს მხარი დავუჭირო. იმედი მაქვს, რომ, საბოლოო ჯამში, ისინი გამართლდებიან, დატოვებენ საპატიმროს და თავიანთ ოჯახებს და ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმს დაუბრუნდებიან“.
ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ ადვოკატებს არ გააჩნიათ მყარი არგუმენტები, რითიც პატიმრების უდანაშაულობას დაამტკიცებდნენ. უცვლელია პროკურორ ნინო აღლემაშვილის პოზიციაც:
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც პირველმა ინსტანციამ გამოიტანა, ძალაში დარჩება ყველა ინსტანციაში“.
ბრალდების მხარეს სააპელაციო სასამართლო 20 ოქტომბერს მოუსმენს.