Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვიდწლიანი სასჯელით დასრულებული „კაბელების საქმე“


ე. წ. „კაბელების საქმე“ დასრულდა. 7-წლიანი პატიმრობა და საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების 2 წლის ვადით ჩამორთმეული უფლება ხუთივე ბრალდებულს - მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა გადაწყვეტილება 16 მაისს დახურულ კარს მიღმა გამოაცხადა.

თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს - ნუგზარ კაიშაურს, დავით წიფურიას, არჩილ ალავიძეს, გიორგი ლობჟანიძესა და გიზო ღლონტს - გამოძიება სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ლარის გაფლანგვას ედავებოდა. განაჩენის გამოცხადებას სასამართლოს დარბაზში დამსწრეთა მხრიდან ხმაური მოჰყვა. დაცვის მხარემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება, თავისუფალმა დემოკრატებმა კი შაბათისთვის საპროტესტო აქცია დაგეგმეს.

16 მაისს საქალაქო სასამართლოში ხმაური მოჰყვა მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის მიერ ე. წ. „კაბელების საქმის“ დასკვნით სხდომაზე ხუთიდან ერთ-ერთი ბრალდებულის, გიზო ღლონტის, განაჩენის გამოცხადებას. შვიდწლიანი პატიმრობა მას და მის კიდევ ოთხ კოლეგას - ნუგზარ კაიშაურს, დავით წიფურიას, არჩილ ალავიძეს, გიორგი ლობჟანიძეს - თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთაც პროკურატურა სახელმწიფოს ბიუჯეტიდან 4 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავებოდა.

ბრალდებულები, რომლებიც ე. წ. „კაბელების საქმეზე“ 2015 წლის 19 ივნისის შემდეგ გირაოს სანაცვლოდ თავდებით იყვნენ გათავისუფლებულები, მოსამართლის მიერ განაჩენის გამოქვეყნებისთანავე სხდომათა დარბაზშივე დააპატიმრეს. „გადაწყვეტილება უსამართლოა და შემდგომ ინსტანციაში აუცილებლად გასაჩივრდება“, - განუცხადა სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ბრალდებულთა ადვოკატმა ლევან სამუშიამ. „დანაშაული არ არსებობს“, - თქვა მან:

ეს არის მხოლოდ უზენაესი ხელისუფალის სურვილი, მეტი არაფერი.
ლევან სამუშია

„ამ ხალხს ჯილდოები ეკუთვნით იმისთვის, რომ საქვეყნო საქმე გააკეთეს. არანაირი საფუძველი მათი დაპატიმრების არ არსებობს. ეს არის მხოლოდ უზენაესი ხელისუფალის სურვილი, მეტი არაფერი. მოსამართლე სამოტივაციო ნაწილში იმას თუ დაწერს, რომ ‘უბრძანეს და გააკეთა’“.

16 მაისს თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა, თავდაცვის ყოფილმა მონისტრმა ირაკლი ალასანიამ თავის პოლიტიკურ გუნდთან ერთად საგანგებო ბრიფინგიც გამართა და მომხდარი ასე შეაფასა:

„დღეს ივანიშვილმა მოსამართლე ბუგიანიშვილის ხელით 35 წელი მიუსაჯა უდანაშაულობას, სამშობლოს პატიოსან სამსახურს. უსამართლობა და ცინიზმი ისევ მთელი ძალით ბოგინობს ჩვენს ქვეყანაში. შეიცვალა მხოლოდ ამ საშინელი სისტემის მთავარი არქიტექტორი და ის ახლა არის ბიძინა ივანიშვილი. ვიდრე პროკურატურის და სასამართლოს პოლიტიკურ ინსტრუმენტებად გამოყენების მანკიერ წრეს არ გავწყვეტთ, ჩვენ უსამართლობის მსხვერპლნი ვიქნებით. როცა სამართლიანობა არ არის, არაფერი რჩება ღირებული, რასაც შეიძლება ადამიანი ჩაეჭიდოს, რამაც შეიძლება მისცეს მის ცხოვრებას აზრი.

მოსამართლე ბუგიანიშვილმა დამნაშავედ ცნო ადამიანები, რომლებსაც არ ჰქონდათ ჩადენილი დანაშაული, არ გააჩნდათ მოტივი, ადამიანები, რომლებმაც სახელმწიფოსთვის ყველაზე მომგებიანი და ხარისხობრივად უნაკლო კონტრაქტი გააფორმეს და ადამიანები, რომლებიც არ განკარგავდნენ იმ თანხას, რომელთა გაფლანგვაშიც მათ ბრალს სდებენ”.

თავდაცვის სამინისტროს ხუთივე თანამშრომელი სწორედ ალასანიას თავდაცვის მინისტრობის დროს მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში. მას შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობით, ამ საქმეზე 50 სასამართლო პროცესი გაიმართა. ირაკლი ალასანიამ 16 მაისს ასეევ განაცხადა, რომ ივანიშვილი ქვეყნის მართვის ყველა ძალოვან ბერკეტს დაეპატრონა, მის პარტიაში კი ერთი ადამიანიც არ არის ისეთი, ვინც ამ ყველაფერს შეეწინააღმდეგებოდა. ამიტომ, აცხადებს ირაკლი ალასანია, თავისუფალი დემოკრატები ბრძოლის ახალ რელსებზე გადადიან და ეცდებიან ყველა კანონიერი გზით ციხიდან დაიხსნან, მისი თქმით, უდანაშაულო ადამიანები:

ამ საქმეში მტკიცებულებები იყო დოკუმენტები, რომელთაც, როგორც წესი, აქვს უტყუარობის უმაღლესი ხარისხი.
ნინო აღლემაშვილი

„ჩვენ, კონსტიტუციური ნორმების სრული დაცვით და კანონიერი გზით, - მათ შორის აქციებით, - ვიბრძოლებთ სამართლიანობის აღდგენისთვის. ხუთი ადამიანის მიმართ ჩადენილი დანაშაული, რა თქმა უნდა, ცვლის ჩვენი პარტიის დღის წესრიგს. დღეს, ხვალ, ზეგ ჩვენ გვექნება შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან, მივაწვდით ამ ბოროტმოქმედების შესახებ ინფორმაციას ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და ყველა მეგობარი ქვეყნის დედაქალაქს. თუ საქართველოს ამ უსამართლობაში დავტოვებთ, შედეგიც უმძიმესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის“.

მძაფრი იყო „თავისუფალი დემოკრატების“ სხვა წევრების შეფასებებიც. ნინო გოგუაძემ ივანიშვილს განაჩენის გამოცხადების შემდეგ „პირადი მტერიც“ კი უწოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე. წ. „კაბელების საქმეზე“ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. მასში ვკითხულობთ, რომ, საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულებმა თავდაცვის სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად განიზრახეს სს „სილქნეტის’’ სასარგებლოდ, სახელმწიფოს ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვა. დანაშაულებრივი განზრახვის დაფარვის მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის დებულების მოთხოვნათა უგულებელყოფით, გადაწყვიტეს ფიქტიურად მოეხდინათ ბაზრის კვლევა, მიმწოდებლის მოძიება, შესაძენი ქონების, საქონლის, მომსახურების პირობებისა და ღირებულების დადგენა.
16 მაისს მოსამართლის გადაწყვეტილებას ასევე გამოეხმაურა ე.წ. „კაბელების საქმის“ პროკურორი, ნინო აღლემაშვილიც, რომელმაც განაცხადა, რომ „სასამართლოს გადაწყვეტილება დასტურია იმისა, რომ მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანო ქვეყანაში ადეკვატურად პასუხობს საჯარო მოხელეების მიერ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას:

„ამ საქმეში მტკიცებულებები იყო დოკუმენტები, რომელთაც, როგორც წესი, აქვს უტყუარობის უმაღლესი ხარისხი. სწორედ ეს დოკუმენტური მტკიცებულებები გახდა მოსამართლის განაჩენის საფუძველი. და ამ დოკუმენტებს ჩაუტარდა არაერთი ექსპერტიზა და ჩვენ ძალიან კვალიფიციური ექსპერტები წარვადგინეთ კიდევ სასამართლოში“.

პროკურორმა აღლემაშვილმა შენიშნა, რომ სახელმწიფო ბრალდების ხელში იმდენად უტყუარი მტკიცებულებები იყო, რომ გამამტყუნებელ განაჩენს ალტერნატივა არ ჰქონდა.

„კაბელების საქმის“ განაჩენი ოპოზიციური პარტიების მიერ უკვე შეფასდა როგორც პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, რასაც მმართველ გუნდში არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ არ შეიძლება ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს გადააბრალონ. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვოლსკიმ, 16 მაისს განაცხადა, რომ არასწორია ამ საქმის პოლიტიკურ გადაწყვეტილებად შეფასება:

„დღეს მოდაშია, რომ ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს მიაწერო. შეფასება რთულია - ასეთი მაღალი სასჯელი ნებისმიერი ადამიანისთვის დიდ ემოციებთან არის დაკავშირებული და ხშირად ემოცია უფრო მეტია ხოლმე, ვიდრე საქმესთან დაკავშირებული განსჯა. ამაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი. არსებობს სასამართლო სისტემა, მისი გადაწყვეტილებები და არსებობს გასაჩივრების შესაძლებლობაც“.

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა კი შეფასებისას განაცხადა, რომ დასაწყისიდანვე ამ საქმის გარშემო არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობდა:

„ჩვენ ვლაპარაკობდით პროცედურულ დარღვევებზეც, კერძოდ, იმის თაობაზე, რომ საქმეს გრიფი „საიდუმლო“ დაედო, რამაც ადვოკატებს საქმის მასალებზე წვდომა შეუზღუდა. აუცილებლად გავეცნობით ამ საქმეს და შევისწავლით, რამდენად იყო მოსამართლის გადაწყვეტილება დასაბუთებული“.

ამ საქმეზე დაკავებული პირები არიან უდანაშაულოები
საიას განცხადებიდან

ე. წ. „კაბელების საქმეს“ გამოეხმაურა სამოქალაქო სექტორიც - კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტის ვახუშტი მენაბდის თქმით, ამ საქმის პროცედურული მიმდინარეობა და პოლიტიკოსთა განცხადებები სასამართლოზე ხელისუფლების ზეწოლის დამადასტურებელია.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ვკითხულობთ, რომ მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის მიერ გამოტანილი განაჩენი არის „უსამართლო, უკანონო და დაუსაბუთებელი“ და რომ საიას მიაჩნდა და მიაჩნია, რომ „ამ საქმეზე დაკავებული პირები არიან უდანაშაულოები. ბრალდების დაუსაბუთებლობას ადასტურებს საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულების და არაერთი მოწმისა და ექსპერტის მიერ მიცემული ჩვენება, ასევე წერილობითი მტკიცებულება“. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იმედს გამოთქვამს, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს ეყოფა გამბედაობა - საქმის განხილვისას იმსჯელებს მხოლოდ სამართლებრივად და გამოიტანს ერთადერთ სამართლიან განაჩენს და უდანაშაულო პირებს გაამართლებს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG