Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მორიგი აქცია „არა გაზპრომს“


„არა გაზპრომს“ - მიუხედავად 4 მარტს „სოკართან“ დადებული ხელშეკრულებისა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კვირას მაინც გამართა აქცია რუსული გაზის წინააღმდეგ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათ მთავრობის ნდობა არა აქვთ და, შესაბამისად, სურთ თავიანთი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ გამოხატონ.

აქცია „არა გაზპრომს“ 6 მარტს, 2 საათზე დაიწყო და დაახლოებით ერთ საათში დასრულდა. აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყო ორგანიზებული. აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს მთავრობის კანცელარიის შენობიდან რუსეთის საელჩომდე. მათ ხელში ეჭირათ პლაკატები და ლურჯი ბუშტები.

მსგავსი აქციები პერმანენტულად იმართებოდა ბოლო თვეების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ გაზის დამატებითი მოცულობის შესასყიდად მოლაპარაკებები დაიწყო როგორც აზერბაიჯანის კომპანია „სოკართან“, ასევე რუსეთის კომპანია „გაზპრომთანაც“. საზოგადოების ერთი ნაწილი „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების წინააღმდეგ გამოვიდა იმ მიზეზით, რომ ეს ქვეყანას რუსეთზე დამოკიდებულს გახდის.

საბოლოოდ, 4 მარტს საქართველოს მთავრობამ აზერბაიჯანულ მხარესთან გააფორმა ხელშეკრულება და გადაწყდა, რომ „სოკარი“ საქართველოს დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მოაწვდის.

ამ შეთანხმების შემდეგ არსებობდა მოლოდინი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი აქცია აღარ გაიმართებოდა, მაგრამ ის მაინც ჩატარდა. აქციის მონაწილე ირმა თედეიშვილი ამ ფაქტს ასე ხსნის:

„ბოლომდე მაინც არ გვჯერა. რატომღაც გვგონია, რომ ხელისუფლება ისევ გააგრძელებს ფარულ მოლაპარაკებებს. ჩვენ დარაზმულები უნდა ვიყოთ და კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ, რომ რუსეთი ოკუპანტია და არა ‘გაზპრომს’ “.

იგივე გაიმეორეს აქციის სხვა მონაწილეებმა გიორგი შალიკაშვილმა და ნიკა ნიჟარაძემ:

გიორგი შალიკაშვილი: „ჩვენ ვეწინააღმდეგებით რუსულ გაზს, რადგან აზერბაიჯანი იმდენ გაზს მისცემს საქართველოს, რამდენიც სჭირდება. მაინც ტარდება, რადგან დაგეგმილი იყო ეს აქცია ორი კვირის წინ. რა თქმა უნდა, დაიდო ხელშეკრულება, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა დავანახოთ ხელისუფლებას, რომ რუსული გაზი არ გვინდა“.

ნიკა ნიჟარაძე: „ჩვენ რუსულ გაზს ვუთხარით უარი 2006 წელს და მას შემდეგ ჩვენ ვართ დამოუკიდებლები რუსული ენერგომატარებლებისგან. მაგრამ ამ მთავრობას უნდა, რომ ისევ დამოკიდებულებები გავხდეთ და, შესაბამისად, ვიყოთ მათი შემყურე და როდის ჩაგვიჭრიან და როდის ჩაგვირთავენ, მათი გადასაწყვეტი იყოს. ამიტომ ხალხმა გააპროტესტა ეს და ტარდება აქცია მოკლე სახელწოდებით ‘არა „გაზპრომს’ “.

მორიგი აქცია „არა გაზპრომს“
please wait

No media source currently available

0:00 0:01:25 0:00

რაც შეეხება „სოკართან“ მიღწეულ შეთანხმებას, ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ამბობენ, რომ რომ არა მათი ძალისხმევა, მთავრობა ამ დათმობაზე არ წავიდოდა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, საბოლოო გამარჯვება უკვე ახლოსაა:

„ჩვენ ძალიან ახლოს ვართ საბოლოო გამარჯვებასთან. ის ფაქტი, რომ ჩვენ ხელისუფლება ვაიძულეთ, უარი ეთქვა „გაზპრომზე“ ნიშნავს იმას, რომ ამ აქციამ თავის მიზანს თითქმის მიაღწია, თითქმის იმიტომ, რომ საბოლოო მიზანს მივაღწევთ მაშინ, როცა დავრწმუნდებით ჩვენ, ქართული საზოგადოება, ჩვენი უცხოელი პარტნიორები, რომ საბოლოოდ უარი ვათქმევინეთ ხელისუფლებას საქართველოს დაბრუნებაზე რუსული გავლენის, „გაზპრომის“ და რუსული წყვდიადის ეპოქაში“.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG