ბუნებრივი აირი - შეიძლება ითქვას, რომ გასულ კვირაში პოლიტიკოსების, მედიისა თუ, ზოგადად, საზოგადოების განხილვის მთავარი თემა სწორედ ეს იყო. უფრო ზუსტად კი ის, თუ საიდან იღებს, როგორ იღებს, საიდან უნდა მიიღოს თუ როგორ უნდა მიიღოს საქართველომ ბუნებრივი აირი. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომი“ საქართველოს, სომხეთისკენ გატარებული გაზის 10%-ის ნაცვლად, ფულად ანაზღაურებას სთავაზობს, 11 იანვარს დაადასტურა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, 13 იანვარს კი საქართველოს ეწვია აზერბაიჯანული ნავთობკომპანია „სოკარის“ ხელმძღვანელობა, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და ენერგეტიკის მინისტრს დახურულ კარს მიღმა შეხვდა. შეხვედრიდან გამოსულმა მხარეებმა მედიასთან საუბრისას აქცენტი გააკეთეს აზერბაიჯანიდან საქართველოსთვის გაზის მიწოდების მხრივ დღეს არსებულ ტექნიკურ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე. შეხვედრის დასრულების შემდეგ თითქმის არ გაკეთებულა განცხადება რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომთან“ ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობასა და ახალი მოკლევადიანი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე. მედიისათვის კომენტარი კახა კალაძემ და მაჰირ მამედოვმა, „სოკარ საქართველოს“ ხელმძღვანელმა, გააკეთეს. ენერგეტიკის მინისტრის განმარტებით, შეხვედრაზე მხარეებმა იმ ტექნიკურ პრობლემებსა და დისბალანსზე ისაუბრეს, რომელიც ე. წ. პიკურ - ზამთრის - პერიოდში საქართველოსთვის აზერბაიჯანიდან გაზის მოწოდების საკითხს შეეხება. სწორედ ამ საკითხზე საუბრისას თქვა რამდენიმე სიტყვა კახა კალაძემ „გაზპრომისა“ და საქართველოსთვის იქიდან მიღებული გაზის თაობაზე:
„ერთი წლის ჭრილში მთლიანი მოწოდების პრობლემა არ არსებობს, თუმცა გვაქვს პიკური მოხმარების თვეები, - განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში, - როდესაც ხდება რუსული გაზით დაბალანსება. ჩვენ ვისაუბრეთ, რომ წლების მანძილზე ეს ასეა და ამ დეფიციტს ჩვენ წლების მანძილზე ვავსებდით „გაზპრომის“ გაზით. ეს წლების განმავლობაში ასე ხდებოდა და მომავალშიც, ალბათ, ასე მოხდება. თუმცა, რეალურად, ტექნიკურად არის იმის შესაძლებლობა, რომ ამ პრობლემების მოგვარება მოხდეს. გასაკეთებელი იქნება დამატებითი ინვესტიციები. კომპრესორები იქნება დამატებით გასაკეთებელი, რომ ჩვენ მილსადენებით მივიღოთ აირის დამატებითი მოცულობები“.
კვირის მანძილზე „გაზპრომთან“ დაკავშირებულ მოლაპარაკებას რამდენიმე ბრიფინგი მიუძღვნეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა. ისინი ფიქრობენ, რომ ამგვარი გარიგება შესაძლოა გადაიქცეს უმძიმეს საშიშროებად საქართველოს ენერგეტიკული სტაბილურობისა და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის.
როგორც ჩანს, „სოკარს“, მართლაც, აქვს მომარაგების მხრივ პრობლემა და ამიტომაც ჩვენ იძულებულები ვართ „გაზპრომს“ ველაპარაკოთ. ან, მე ვფიქრობ, შეიძლება იყოს მეორე ვარიანტი: „სოკარი“ საქართველოში კომერციულ ობიექტებზე გაზს საკმაოდ ძვირად ყიდის და „გაზპრომის“ შემოყვანით, როგორც ჩანს, ცდილობენ „სოკარს“ დააკლებინონ ფასი...თორნიკე შარაშენიძე
ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხები განიხილეს გასულ კვირაში ენერგეტიკის მინისტრთან შეხვედრაზე პოლიტოლოგებმა და დარგის ექსპერტებმა. რადიო თავისუფლება ესაუბრა თორნიკე შარაშენიძეს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელს. ის, სხვა პოლიტოლოგებსა და დარგის ექსპერტებთან ერთად, 12 იანვარს იმყოფებოდა შეხვედრაზე ენერგეტიკის მინისტრთან. თორნიკე შარაშენიძეს შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ რამდენიმე კითხვა დარჩა, მათ შორის ის, თუ რატომ ისმოდა ამ დრომდე მთავრობის მხრიდან უამრავი ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადება:
„ხან ამბობენ, რომ არ ვაპირებთ „სოკარის“ ჩანაცვლებას, ხან ამბობენ, რომ „სოკარს“ გაზი არ ჰყოფნის. კითხვები გვიჩნდებოდა ჩვენ, ჟურნალისტებს, პასუხად კი იყო აგრესია და დაცინვა. გუშინდელ შეხვედრას, კახა კალაძის გარდა, ესწრებოდნენ მისი მოადგილეები, ნავთობკომპანიის წარმომადგენლები და სხვა უწყებები. ისეთი ადამიანები იყვნენ, რომლებსაც დიდი ხანია ვიცნობ და ვენდობი, პროფესიონალები არიან და არ არიან პოლიტიკური ფიგურები და რაც მოვისმინე, ისეთი სურათი გამოიკვეთა, როგორც ჩანს, „სოკარს“, მართლაც, აქვს მომარაგების მხრივ პრობლემა და ამიტომაც ჩვენ იძულებულები ვართ „გაზპრომს“ ველაპარაკოთ. ან, მე ვფიქრობ, შეიძლება იყოს მეორე ვარიანტი: „სოკარი“ საქართველოში კომერციულ ობიექტებზე გაზს საკმაოდ ძვირად ყიდის და „გაზპრომის“ შემოყვანით, როგორც ჩანს, ცდილობენ „სოკარს“ დააკლებინონ ფასი“.
„გაზპრომთან“ ურთიერთობების შესაძლო გაღრმავების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია გახდა მიზეზი იმისა, რომ 16 იანვარს საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან სხვადასხვა საზოგადოებრივი გაერთიანების ინიციატივით გაიმართა აქცია „არა გაზპრომს!“
კიდევ ერთი თემა, რომელიც გასულ კვირაში საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა, იყო აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას სიტყვა, რომლითაც ის 12 იანვარს კონგრესის წინაშე წარდგა. ანალიტიკოსების ნაწილისთვის არ აღმოჩნდა მოულოდნელი ის ფაქტი, რომ თავის სიტყვაში აშშ-ის პრეზიდენტს საქართველო არ უხსენებია, თუმცა რაკი თავის გამოსვლაში რამდენჯერმე ახსენა უკრაინა, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, მას საქართველოს შესახებაც უნდა ესაუბრა. სწორედ ამიტომ გაჩნდა კიდევ ერთხელ კითხვა, ხომ არ არის ეს ნიშანი საერთაშორისო დღის წესრიგიდან საქართველოს საკითხის გაქრობისა.
იქ, სადაც უკრაინა ახსენა, ბარაკ ობამას აუცილებლად უნდა ეხსენებინა საქართველოც, – უთხრა რადიო თავისუფლებას საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა ნიკა ჩიტაძემ:
„ჩვენ აუცილებლად უნდა ვეხსენებინეთ, ბუნებრივია, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ამერიკას აქვს თავისი გეოპოლიტიკური, გეოეკონომიკური, გეოსტრატეგიული ინტერესები საქართველოში და სამხრეთ კავკასიის რეგიონში. საქართველო უშუალოდ ესაზღვრება რუსეთს და მდებარეობს ძალზედ ახლოს ირანთან, ანუ ამერიკის მთავარ გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგეებთან, მით უმეტეს, როდესაც საქართველო იმყოფება ომის მდგომარეობაში რუსეთთან“.
ბარაკ ობამასგან საქართველოს ხსენებას არ მოელოდა „ევროპული კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი. მისთვის ნათელია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ყურადღება მხოლოდ მწვავე საკითხებზე გაამახვილა. როგორც მან რადიო თავისუფლების ჟურნალისტს უთხრა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველო უმნიშვნელოა სტრატეგიული პარტნიორისთვის:
„სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირების საკითხი ჩამცხრალია და მისი აქტუალობა, ასე ვთქვათ, მთლიანობაში, ახლა იმდენად მნიშვნელოვანი აღარ არის საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. ბევრად უფრო აქტუალური გახდა უკრაინა, იმიტომ რომ უკრაინის საკითხი უკავშირდება მთელი რეგიონის სტაბილურობას... და სირიას, რა თქმა უნდა, რომელიც გლობალური სტაბილურობის საკითხია“.
ჩვენი მიზანია დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში უფრო ეფექტური შედეგები და უსაფრთხოების კიდევ უფრო მაღალი სტანდარტების დამკვიდრება. ხაზგასმით ვაცხადებ: არანაირი შეღავათი, არანაირი მოწოდება და თხოვნა, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ეს, არ იქნება გათვალისწინებული, როდესაც საქმე გვაქვს სამართალდამრღვევთან და დამნაშავესთან...გიორგი მღებრიშვილი
შეგახსენებთ, რომ დისკუსია საერთაშორისო „რადარებიდან“ საქართველოს საკითხის გაქრობის თაობაზე გასული წლის შემოდგომაზე მას შემდეგ გააქტიურდა, რაც 28 სექტემბერს, გაეროს გენასამბლეის 70-ე სესიაზე გამოსვლისას, პრეზიდენტმა ობამამ არ ახსენა საქართველო, როცა მან უკრაინის პრობლემატიკასა და რუსეთის აგრესიაზე ილაპარაკა.
სამი ახალი მოადგილე წარუდგინა 14 იანვარს საზოგადოებას შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა. ერთ-ერთ მიზეზად „ძირეული საკადრო და სისტემური“ ცვლილებებისა მინისტრმა კრიმინალთან უფრო შედეგიანი ბრძოლა დაასახელა:
„ჩვენი მიზანია დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში უფრო ეფექტური შედეგები და უსაფრთხოების კიდევ უფრო მაღალი სტანდარტების დამკვიდრება. ხაზგასმით ვაცხადებ: არანაირი შეღავათი, არანაირი მოწოდება და თხოვნა, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ეს, არ იქნება გათვალისწინებული, როდესაც საქმე გვაქვს სამართალდამრღვევთან და დამნაშავესთან“.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებას უკავშირებს შს სამინისტროს აქცენტს კრიმინალური მდგომარეობის გამოსწორებაზე პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია. მისი აზრით, ხელისუფლება ამომრჩევლის გულის მოგებას ცდილობს:
„იქიდან გამომდინარე, რომ ბანკების დაყაჩაღება, ფაქტიურად, ყოველდღიურ მოვლენად იქცა და კრიმინალის გამოვლინებებმა იმატა, საზოგადოება საკმაოდ შეშფოთებულია ამის გამო და ეს, ბუნებრივია, არც მმართველ პარტიას აწყობს წინასაარჩევნოდ. ამიტომ ისინი ცდილობენ რამდენიმე მესიჯი გააჟღერონ და, მაგალითად, წინა ხელისუფლებას დააბრალონ, რომ ეს მაშინაც ასე ხდებოდა, მაგრამ, უბრალოდ, ფაქტები მიჩქმალული იყო, რაც, შეიძლება, ნაწილობრივ მართალიც იყოს, მაგრამ ეს თავის დაძვრენას უფრო ჰგავს, ვიდრე რეალურად იმ პრობლემის მოგვარებას, რაზეც ხელისუფლება მიუთითებს... ხელისუფლება ცდილობს, რომ კრიმინალის თემა რაღაცნაირად დაიჩრდილოს და ეს არ იყოს ნეგატიური თემა წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას“.
გასული კვირის კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხად უნდა გამოვყოთ იუსტიციის სამინისტროს კანონპროექტი, რომელიც მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა 15 იანვარს და რომელიც ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების უფლებების დაცვას ეხება. კანონპროექტის მიხედვით, შემოდის სტატუსი ”მიუსაფარი ბავშვი", რომელზეც მთელი რიგი საჯარო სერვისები იქნება მიბმული, მათ შორის - მიუსაფარი ბავშვებისათვის დოკუმენტაციის მოწესრიგება.
ერთ-ერთი საკითხი, რომელიც, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, კანონში შეტანილი ცვლილებით უნდა დარეგულირდეს, შეეხება მიუსაფარი ბავშვებისათვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შექმნას. ეს საკითხი წლების მანძილზე არაერთხელ გამხდარა ბავშვების უფლებათა დამცველების განხილვისა და კრიტიკის საგანი. ამ დრომდე ბავშვების იდენტიფიკაციაზე პასუხისმგებელნი არიან მშობლები ან სხვა სრულწლოვანი კანონიერი წარმომადგენლები, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, შესაბამის სტრუქტურებს არ მიმართავენ დოკუმენტაციის მოსაწესრიგებლად, რის გამოც, თეა წულუკიანის თქმით, ბავშვები იდენტიფიკაციის პროცესის მიღმა რჩებიან:
„ჩვენი ყველას - სახელმწიფოსა და საზოგადოების - ტკივილია ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები. ყველა ბავშვს აქვს განვითარების უფლება, ამიტომაც პარტნიორ ორგანიზაციებსა და კოლეგა სამინისტროებთან ერთად შევიმუშავეთ ცვლილებების პაკეტი, რომელიც მთავრობამ დღეს ერთხმად დაამტკიცა და რომელიც ემსახურება ქუჩაში მყოფი და მომუშავე ბავშვების უკეთესად დაცვას. პირველი ცვლილების მიხედვით, საქართველოს კანონში შემოვა ახალი ცნება – "მიუსაფარი ბავშვი", ამ სტატუსზე კი მიბმული იქნება მთელი რიგი საჯარო სერვისებისა. ამ რეფორმის შედეგად, ჩვენ მივცემთ მზრუნველობის ორგანოებს, ანუ სახელმწიფოს, ჩვენდამი მომართვის უფლებას და ეს საკითხი აღარ იქნება დამოკიდებული მშობელზე ან სხვა კანონიერ წარმომადგენელზე“.
კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც, მინისტრის თქმით, მიუსაფარ ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობას გააუმჯობესებს, არის სოციალური მუშაკებისათვის უფლებამოსილებათა გაფართოება.
ანა აბაშიძე, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას მიესალმება მთავრობის ინიციატივას შეიმუშაოს კანონი ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან დაკავშირებით, მაგრამ საკითხავია, რამდენად შეესაბამება ეს კანონპროექტი იმ რეალურ მოთხოვნებს, რომლებზეც უკვე წლებია ლაპარაკობენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და უფლებადამცველები. მისი თქმით, ქუჩაში მცხოვრები ბავშვების მთავარი პრობლემაა არა სოციალური სიდუხჭირე, არამედ დანაშაულებრივ მოქმედებათა შედეგი - ქუჩაში მყოფი ბავშვების დიდი ნაწილი იძულებით მუშაობს, რასაც მათ მშობლები ან მესამე პირები აიძულებენ:
„ეს არის უფროსების ორგანიზებული დანაშაული. ჩვენ მას ვუწოდებთ თანამედროვე მონობას. შეიძლება ეს იყოს ტრეფიკინგი თუ სხვა ტიპის დანაშაულებები და სწორედ ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს სახელმწიფომ. ერთი შემთხვევაც რომ დაფიქსირდეს ამგვარ დანაშაულზე პასუხისგების, დამერწმუნეთ, რომ ძალიან ბევრი, ძალიან ბევრი დანაშაულის პრევენციას განვახორციელებთ“.