ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში, ე.წ. „მოხის კომისიის“ გადაწყვეტილებით, მუსლიმ მრევლს მეჩეთის ასაშენებლად ადგილი გამოეყო სოფლის ცენტრიდან, დაახლოებით, 50 მეტრის დაშორებით . რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებულმა კომისიამ ამ გადაწყვეტილებით მუშაობა დაასრულა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე მოლაპარაკების შედეგად მიღწეულ კონსენსუსზე ლაპარაკობს.
პრობლემა გადაჭრილად მიაჩნია საქართველოს მუფთ ბეგლარ ქამაშიძეს.
1400 კვადრატული მეტრის ტერიტორია ადგილობრივმა მკვიდრმა ოთარ მიქელაძემ სამუფთო სამმართველოს საკუთარი ნებით გადასცა. მუსლიმი მრევლის წარმომადგენელი ფიქრობს, რომ ეს გადაწყვეტილება სოფელში ორად გაყოფილ მოსახლეობას შორის არსებულ დაძაბულობას მოხსნის.
კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენის იმედი აქვთ ადგილობრივ მართლმადიდებლებსაც. ლევან რეხვიაშვილი ფიქრობს, რომ გადაწყვეტილება ორივე მხარისთვის მისაღები უნდა იყოს.
მოხეში მოსახლეობა ორად მას შემდეგ გაიყო, რაც ხელისუფლებამ სოფლის ცენტრში არსებულ შენობაში ბიბლიოთეკის განთავსება გადაწყვიტა. მუსლიმთა მტკიცებით, იგი მეჩეთია და სხვა დანიშნულებით მისი გამოყენება არ შეიძლება. მეტიც, ისინი შენობის მათთვის გადაცემას ითხოვდნენ. მართლმადიდებლების აზრით კი, სალოცავი ნაეკლესიარზე აიგო, რის გამოც იქ მუსლიმთა ლოცვას არ დაუშვებდნენ. პრობლემის მოსაგვარებლად შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ ორი წლის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო, რის საფუძველზეც სადავო შენობა კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევა და მასზე სააგენტო იზრუნებს, აცხადებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე.
კომისიის გადაწყვეტილების მიუხედავად, სოციალურ ქსელში მუსლიმი მრევლის ნაწილმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც კატეგორიულად აპროტესტებენ ყოფილი მეჩეთის ისტორიულ სადავო საკულტო ნაგებობად დაკონსერვებას და ახალი მეჩეთის მშენებლობის იდეას. ,,მუსლიმი მრევლი აგრძელებს ღია ცის ქვეშ ლოცვის რიტუალის შესრულებას მანამ, სანამ სახელმწიფო არ მიიღებს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას და ისტორიულ სალოცავს არ დაუბრუნებს ადგილობრივ მუსლიმებს“, – ნათქვამია განცხადებაში.