Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოხის სკოლის მუსლიმი მოსწავლეები მართლმადიდებელი დირექტორის წინააღმდეგ


მოხის საჯარო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქცია
მოხის საჯარო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქცია

მოხის საჯარო სკოლაში გაკვეთილებს, ორი დღეა, მხოლოდ მართლმადიდებლები ესწრებიან. მუსლიმმა მოსწავლეებმა, დირექტორის გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყეს. აქციის მონაწილეების თქმით, სასწავლო დაწესებულებაში უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ სკოლის დირექტორმა ერთ-ერთ მოსწავლეს თავსაბურავის მოხსნა მოსთხოვა. მოსწავლეები აცხადებენ, რომ ისინი გაკვეთილებს მხოლოდ დირექტორის გადადგომის შემთხვევაში დაესწრებიან.

სკოლის დირექტორი მოსწავლეთა ბრალდებას უარყოფს. ნათია რეხვიაშვილი ამბობს, რომ მას მუსლიმი გოგონასთვის თავსაბურავის მოხდა არ მოუთხოვია.

მართლმადიდებელი თემი აქციას პროვოკაციად და გარედან მართულ პროცესად მიიჩნევს. სოფელში ამბობენ, რომ დირექტორის გადადგომის მოთხოვნა უსაფუძვლოა.

სოფლის მუსლიმი მოსახლეობა ამბობს, რომ თანასოფლელებს შორის ურთიერთობა ბოლო ხანებში დაიძაბა. ისინი სიტუაციის განსამუხტად ხელისუფლებისგან დროულ რეაგირებას ითხოვენ.

კიდევ ერთი გამოწვევა, რომელიც უფრო მეტად დაძაბავს ურთიერთობას და გააღვივებს რელიგიურ კონფლიქტს – ასე შეაფასა მიმდინარე მოვლენები სამცხე-ჯავახეთის მუფთმა. მამუკა ვაშაყმაძე აქციის მონაწილეებს შეხვდა. სასულიერო ლიდერი განათლების მინისტრს მოხეში დაუყოვნებლივ ჩასვლისკენ მოუწოდებს.

მუსლიმი მოსწავლეების საპროტესტო აქციას ზარზმის მონასტრის წინამძღვარი გამოეხმაურა. მამა ნიკოლოზი ფიქრობს, რომ სკოლაში გადასაწყვეტი საკითხი რელიგიურ დაპირისპირებაში არ უნდა გადაიზარდოს.

მოხის ქრისტიანი დირექტორის წინააღმდეგ მუსლიმმა მოსწავლეებმა პირველად პროტესტი 23 დეკემბერს გამოთქვეს. თეონა ბერიძის თანაკლასელები, სოლიდარობის ნიშნად, სკოლაში თავსაფრებით მივიდნენ. მოსწავლეები განათლების სამინისტროს უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

XS
SM
MD
LG