Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი ორი სასამართლოს ყურადღების ცენტრში


მიხეილ სააკაშვილი. 3 იანვარი 2018 წ.
მიხეილ სააკაშვილი. 3 იანვარი 2018 წ.

3 იანვარს უკრაინისა და საქართველოს დედაქალაქებში ერთდროულად მიმდინარეობდა მიხეილ სააკაშვილის საქმეების განხილვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე განაჩენის გამოსატანად, სათათბიროდ გავიდა. ხოლო კიევში 11 იანვრისთვის გადაიდო სხდომა სააკაშვილისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების განსახილველად. ამასთან, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი და უკრაინაში დაფუძნებულ პარტია „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერი აცხადებს, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელი ურევია კიევის სასამართლო პროცესზე მის წინააღმდეგ სამხილების გაყალბებაში. სააკაშვილი ამ ბრალდებით გამოვიდა კიევის სააპელაციო სასამართლოში, სადაც პროკურორებმა მოითხოვეს მისთვის შინაპატიმრობის შეფარდება მისი უარის გამო, პასუხი გაეცა უკრაინის უშიშროების სამსახურის მთავარი სამმართველოს შეკითხვებზე.

ეს მაგონებს ძველ საბჭოთა სტილს, როცა ხელისუფლება ამტკიცებდა იმ ყველაფრის უტყუარობას, რასაც თვითონ აცხადებდა.
მიხეილ სააკაშვილი

უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო სააკაშვილს ადანაშაულებს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ხელმძღვანელობით მოქმედ „კრიმინალურ ჯგუფთან“ კავშირში. იანუკოვიჩი რუსეთს აფარებს თავს 2014 წლის თებერვლიდან. პრორკურორები ასევე აცხადებენ, რომ უკრაინაში სააკაშვილის თაოსნობით გამართული საპროტესტო გამოსვლები არის კიევში მთავრობის დასამხობად რუსეთის გეგმის ნაწილი. სამხილებად წარდგენილ მასალებს შორის არის სატელეფონო საუბარი, თითქოსდა, სააკაშვილსა და რუსეთში მყოფ უკრაინელ ბიზნესმენს, კრემლის მხარდამჭერ სერგეი კურჩენკოს შორის. ლუცენკო აცხადებს, რომ კურჩენკომ სააკაშვილს შესთავაზა ფული საპროტესტო აქციების მოსაწყობად და არეულობის წასაქეზებლად და რომ სააკაშვილმა მიიღო ნახევარი მილიონი დოლარის შეთავაზება.

10 წუთის წინ ჩემს წინააღმდეგ პროცესი დაიწყო თბილისში - იმავე დროს, როგორც კიევში. გგონიათ ეს შემთხვევით ხდება?
მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც კიევში სასამართლოს 3 იანვრის სხდომას ცოლთან და უმცროს ვაჟიშვილთან ერთად დაესწრო, ყველა ბრალდებას უარყოფს. სააკაშვილის თქმით, მისი საწინააღმდეგო სამხილები ფალსიფიცირებულია უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ, რუსეთის უშიშროების სამსახურის მონაწილეობით. „ეს მაგონებს ძველ საბჭოთა სტილს, როცა ხელისუფლება ამტკიცებდა იმ ყველაფრის უტყუარობას, რასაც თვითონ აცხადებდა“, აღნიშნა სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ახსენა ასევე 3 იანვარს საქართველოში გამართული სასამართლოს სხდომაც: „10 წუთის წინ ჩემს წინააღმდეგ პროცესი დაიწყო თბილისში - იმავე დროს, როგორც კიევში. გგონიათ ეს შემთხვევით ხდება?“ - იკითხა სააკაშვილმა კიევის სასამართლოში. მას სჯერა, რომ უკრაინის ხელისუფლება ცდილობს, „შექმნას პირობები“ ქვეყნიდან მის გასაძევებლად და თბილისასთვის გადასაცემად.

XS
SM
MD
LG