Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილმა „პროცესუალური ნორმების დარღვევის“ გამო უარი თქვა ჩვენების მიცემაზე


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ექს-პრეზიდენტი და უკრაინაში ოპოზიციური ძალის - „ახალი ძალების რუხის“ - ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი, 26 დეკემბერს უკრაინის უშიშროების სამსახურის შენობასთან მივიდა, მაგრამ შიგნით დაკითხვაზე არ შევიდა. მას წაყენებული აქვს ბრალდება მუხლით, რომელიც კვალიფიცირდება, როგორც „დანაშაულებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელთა ხელშეწყობა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვა“.

სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდებები

  • თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესახებ.
  • მიხეილ სააკაშვილი პროკურატურის მიერ ბრალდებულია დეპუტატ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის, 2007 წლის ნოემბერში თბილისში დემონსტრანტებისა და ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის და პირადი მიზნებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეებზე.

როგორც 26 დეკემბერს განაცხადა სააკაშვილის ადვოკატმა, რუსლან ჩერნოლუცკიმ, დაკითხვაზე მისი კლიენტის გამოუცხადებლობის მიზეზი არის უშიშროების მიერპროცესუალური ნორმების დარღვევით შედგენილი დაკითხვის უწყება. „ერთ უწყებაში მითითებულია ორი საგამოძიებო მოქმედება - დაკითხვა და ექსპერტიზისათვის საჭირო ნიმუშების მიღება, რაც, კანონის თანახმად, ერთდროულად არ უნდა წარიმართოს“.

გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ინფორმაციით, რუსლან ჩერნოლუცკი აპირებს შუამდგომლობით მიმართოს უკრაინის უშიშროების სამსახურს საგამოძიებო მოქმედებების გადატანის თაობაზე.

2017 წლის ივლისში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილ მეთაურს, მიხეილ სააკაშვილს. იგი 10 სექტემბერს პოლონეთის ტერიტორიიდან სასაზღვრო რეჟიმის დარღვევით გადავიდა უკრაინაში, რის გამოც ლვოვის პოლიციამ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. 8 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილი დააკავეს და მოათავსეს უკრაინის უშიშროების სამსახურის დროებითი დაკავების იზოლატორში. უკრაინის პროკურატურაში ამტკიცებენ, რომ სააკაშვილი გაურიგდა უკრაინის დევნილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის, მომხრე ოლიგარქ სერგეი კურჩენკოს უკრაინის მასშტაბით საპროტესტო აქციების დაფინანსების თაობაზე. მიხეილ სააკაშვილი ბრალდებას უარყოფს და მის წინააღმდეგ დაწყებულ პოლიტიკურ დევნაზე ლაპარაკობს. პროკურატურა ითხოვს სააკაშვილისათვის თავისუფლების აღკვეთას, სადღეღამისო შინაპატიმრობის სახით.

11 დეკემბერს კიევის პეჩერსკის რაიონულმა სასამართლომ დაკავებული მიხეილ სააკაშვილის მიმართ არ გამოიტანა თავისუფლების აღკვეთის გადაწყვეტილება და იგი გამოძიების მიმდინარეობის პროცესში გაათავისუფლა. განხილვა უკრაინის პროკურატურის აპელაციისა, რომელიც სააკაშვილისათვის კვლავ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას ითვალისწინებს, 3 იანვრისათვის გადაიდო. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, შინაპატიმრობის შემთხვევაში საკუთარ საცხოვრებელ სახლში ეკრანის დაყენებას აპირებს, რათა ხალხთან ურთიერთობა განაგრძოს. ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს26 დეკემბერს განუცხადა. „თუ მე ჩამკეტავენ შინაპატიმრობით, თქვენ იცით ჩემი აივნის მისამართი. ჩემი საცხოვრებელი სახლის სახურავზე ეკრანის დაყენებას ვაპირებ. მექნება ხმის სისტემა. ამ ეკრანს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდანაც დაინახავენ“, - განაცხადა სააკაშვილმა უკრაინის უშიშროების სამსახურის შენობის წინ, სადაც ცნობილი გახდა, რომ იგი უარს ამბობს დაკითხვაში მონაწილეობაზე. თუმცა „ახალი ძალების რუხის“ ლიდერი მზად არის მიიღოს ახალი უწყება და გამოცხადდეს ცალკე დაკითხვაზე და ცალკე ექსპერტიზისათვის საჭირო სინჯების აღებაზე.

ნიშანდობლივია, რომ სწორედ 3 იანვარს განახლდება სასამართლო პორცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე განხილება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესახებ. საქმე ეხება სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულთა შეწყალებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხი ყოფილი თანამშრომელი, რომლებსაც 2006 წლის ივლისში სასამართლომ შვიდი და რვა წლით პატიმრობა მიუსაჯა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2008 წელს შეიწყალა.

მიხეილ სააკაშვილი აქციაზე კიევში
მიხეილ სააკაშვილი აქციაზე კიევში

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, უარი თქვა ადვოკატებზე, რომლებიც მის ინტერესებს იცავდნენ ეროვნულ სასამართლოში. 13 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაცვის მხარეს უნდა ეთქვა დასკვნითი სიტყვა, თუმცა ნაცვლად ამისა ადვოკატებმა მოსამართლეს გააცნეს მიხეილ სააკაშვილის პოზიცია, რომ ის უნდობლობას უცხადებს ქართულ მართლმსაჯულებას.

სამშობლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი პროკურატურის მიერ ბრალდებულია სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების, დეპუტატ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის, 2007 წლის ნოემბერში თბილისში დემონსტრანტებისა და ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის და პირადი მიზნებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეებზე.

XS
SM
MD
LG