Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა მიქაუტაძის საქმეზე კითხვები მრავლდება


შსს-ს შენობა
შსს-ს შენობა
მამუკა მიქაუტაძის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 16 ივლისს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კითხვები აქვს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივას“. ორგანიზაციის გამგეობის წევრის გიორგი მშვენიერაძის სიტყვებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული კადრები არ ცვლის მომხდარის მიმართ დამოკიდებულებას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გამოქვეყნებული დასკვნა, რომლის მიხედვითაც, მიქაუტაძეს სხვა ფიზიკური დაზიანებები, გარდა ჩამოხრჩობით მიღებული ტრავმისა, არ ეტყობოდა. სამინისტრომ ასევე გაავრცელა კადრები, სადაც, სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის სიტყვებით, მკაფიოდ ჩანს, რომ მიქაუტაძეს ფიზიკური ზემოქმედების კვალი არ ეტყობა. შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია იძიებს საქმეს მამუკა მიქაუტაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტთან დაკავშირებით. მამუკა მიქაუტაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვის შემდეგ, 6 ივლისს, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
თუ ყველაფერი ტყუილი თქვა და მე მომატყუა, რომ იყო ფიზიკური ზეწოლა და ისე დაწერა ჩვენება, მაშინ რატომ მოხდა ეს ყველაფერი, რატომ მოკვდა?..
ზიზი ეძგვერაძე

გარდაცვლილი მამუკა მიქაუტაძის მეუღლე ზიზი ეძგვერაძე გამოძიებას და სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას, რომლის შესახებაც 16 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი საუბრობდა, უნდობლობას არ უცხადებს. მანამდე, გარდაცვლილის ოჯახის თანხმობით, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ დაქირავებულმა ექსპერტმაც გამოაქვეყნა დასკვნა. ექსპერტიზის ორ დასკვნას შორის სხვაობაა. დამოუკიდებელი ექსპერტიზის ბიურო „ვექტორის“ დასკვნაში წერია, რომ გვამს ცხვირის მარცხენა ნესტოზე ეტყობა სისხლნაღვენთი, რაც არის ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანების შედეგი, მაშინ როცა სახელმწიფო ექპერტიზის ბიუროს დასკვნაში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი. ამას გარდა, როგორც ნინო გიორგობიანმა განაცხადა, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მამუკა მიქაუტაძის მიმართ ფიზიკური ზეწოლის ფაქტს ადგილი არ ჰქონია:

„ამრიგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მამუკა მიქაუტაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე დაადგინა, რომ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მამუკა მიქაუტაძის მიმართ ფიზიკური ზეწოლის ფაქტს ადგილი არ ჰქონია... გარეგნული დათვალიერებისა და შინაგანი გამოკვლევის შედეგად, დადგენილია, რომ მამუკა მიქაუტაძეს სხეულზე კისრის არეში დაზიანების გარდა, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია, სხვა ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნებოდა. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილის სხეულზე გამოხატულია მხოლოდ გვამური ლაქები“.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე გამოძიებას ენდობა, რადიო თავისუფლებას გარდაცვლილი მამუკა მიქაუტაძის მეუღლე ზიზი ეძგვერაძე ეუბნება, რომ პოლიციაში დაკითხვიდან შინ დაბრუნებული მამუკა მიქაუტაძე საუბრობდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაზეც. ამასთან, ზიზი ეძგვერაძის სიტყვებით, მამუკა მიქაუტაძე შეშინებულიც იყო, თუმცა ვისი ეშინოდა, მას ამის თქმა უჭირს:

„თუ ყველაფერი ტყუილი თქვა და მე მომატყუა, რომ იყო ფიზიკური ზეწოლა და ისე დაწერა ჩვენება, მაშინ რატომ მოხდა ეს ყველაფერი, რატომ მოკვდა? აი, ამ „რატომზე“ ველოდები გამოძიებისგან პასუხს. ვიღაცის ეშინოდა, მაგრამ მე არ შემიძლია და არც ვარ კომპეტენტური ვთქვა, რომ ეს იყო მაინცდამაინც სამართალდამცავების ზარი თუ ვიღაცის ზარი იყო, არ ვიცი. ფაქტი იყო, რომ ვიღაცის ეშინოდა და ტელეფონს არ რთავდა, რაც არასდროს არ გაუკეთებია“.
რატომღაც გელა მანჯავიძემ გადაწყვიტა ეღიარებინა ის დანაშაული, რაც მას, ფაქტობრივად, არ უმტკიცდებოდა და რატომ უნდა აკეთებდნენ ადამიანები ამას, ამაზე ჩნდება კითხვები...
კახა კოჟორაძე

ამასთან, ზიზი ეძგვერაძეს კითხვები აქვს მამუკა მიქაუტაძის მეგობრის გელა მანჯავიძის მიერ ჩვენების შეცვლასთან დაკავშირებით. ის შეცვლილ ჩვენებაში აღიარებს, რომ ნარკოტიკული ნივთიერება, მარიხუანა, მას ეკუთვნოდა, რასაც თავდაპირველად უარყოფდა. გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ამას მოწმის სახით დაკითხული მამუკა მიქაუტაძე ადასტურებდა მხოლოდ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცლებული ინფორმაცია და გელა მანჯავიძის მიერ საკუთარი თავის საზიანოდ შეცვლილი ჩვენება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელს კახა კოჟორაძეს მრავალ კითხვას უჩენს:

„გელა მანჯავიძემ თავდაპირველად უარყო ყველანაირი დანაშაული და აცხადებდა, რომ მას ნარკოტიკული ნივთიერება არ ჰქონდა და არაფერი არ მომხდარა იმ მომენტში და შემდეგ, როდესაც გარდაიცვალა მამუკა მიქაუტაძე. მამუკა მიქაუტაძე გელა მანჯავიძის წინააღმდეგ სასამართლოში ჩვენებას ვეღარ მისცემს, ხომ? შესაბამისად, მოწმე საქმეში, რომელიც გელა მანჯავიძის დამნაშავეობას დაადასტურებს, არ არსებობს. გელა თავად უარყოფდა. ფაქტობრივად, სხვა მტკიცებულება გამოძიებას არ ჰქონდა და, ფაქტობრივად, გელა მანჯავიძის წინააღმდეგ გამოძიებას არ დარჩა არანაირი მტკიცებულება. ის გირაოთი გამოუშვა სასამართლომ და ამის შემდეგ რატომღაც გელა მანჯავიძემ გადაწყვიტა ეღიარებინა ის დანაშაული, რაც მას, ფაქტობრივად, არ უმტკიცდებოდა და რატომ უნდა აკეთებდნენ ადამიანები ამას, ამაზე ჩნდება კითხვები“.

გელა მანჯავიძის ადვოკატი ამირან გიუნაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ჩვენების შეცვლის პროცესს ის არ დასწრებია. თავად მანჯავიძესთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა. თუმცა, გარდა მანჯავიძის მიერ შეცვლილი ჩვენებისა, გამოძიების პროცესში რამდენიმე მიმართულებით აქვს კითხვები არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ გამგეობის წევრს, გიორგი მშვენიერაძეს. მისი სიტყვებით, პრობლემა მაშინვე გაჩნდა, როცა მათი მიმართვისა და კანონის მოთხოვნის მიუხედავად, პროკურატურამ საქმის გამოძიებაზე უარი განაცხადა და საქმეს ის უწყება იძიებს, სადაც, სავარაუდოდ, მოხდა დანაშაული. ეს, მშვენიერაძის სიტყვებით, მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევაა. ამასთან, გიორგი მშვენიერაძისვე სიტყვებით, დარღვეულია მიქაუტაძის მოწმედ დაკითხვის წესი და ის, რომ საგამოძიებო უწყებაში ის ზურგზე ხელებდაწყობილი შეჰყავთ, უფრო იმას მოწმობს, რომ ის დაკავებული იყო და არ იკითხებოდა როგორც მოწმე:
გიორგი მშვენიერაძე
გიორგი მშვენიერაძე

„ის რა ფაქტებსაც უყვებოდა საკუთარი ოჯახის წევრებს, უყვებოდა ახლობლებს, ამას არანაირად არ აბათილებს ის ვიდეოჩანაწერები, რომლებიც გავრცელდა. ვიდეოჩანაწერები ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ მამუკა მიქაუტაძეს ჰქონდა თავისუფლება შეზღუდული, ანუ იყო დაკავებული. მისი გადაადგილების პროცესი, ანუ ზურგზე ხელებშემოწყობილი თვისებრივად დამახასიათებელია დაკავებული პირებისათვის. მეორე საკითხი, ეს არის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ გამოაქვეყნა და ჩემთვის ძალიან გასაკვირია, თუ როგორ ვერ დააფიქსირა სიცოცხლისდროინდელი დაზიანება მამუკა მიქაუტაძის სხეულზე სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ, როცა ეს თვალნათლივ დააფიქსირა ალტერნატიულმა ექსპერტმა და მიუთითა, რომ დაზიანება იყო სიცოცხლისდროინდელი“.

მთავარ პროკურატურაში ამბობენ, რომ საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია კი იძიებს, მაგრამ პროკურატურა უწევს ზედამხედველობას, ხოლო რა იქნება მომავალში, ამაზე საუბარი უჭირთ. მამუკა მიქაუტაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე გამოძიება გრძელდება. მისი მეუღლე ზიზი ეძგვერაძე გამოძიების დასრულებას დაელოდება, თუმცა არ გამორიცხავს, რომ, კითხვების არსებობის შემთხვევაში, თავისი გარდაცვლილი მეუღლის ხელახალი ექსპერტიზა მოითხოვოს.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG