Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოხვდება თუ არა მესხური პროდუქტი ევროპის ბაზარზე


მესხური ღვინო, თუთის არაყი, კარტოფილი, ვაშლი, კომბოსტო, ტენილი ყველი, კალმახი, თაფლი – ეს იმ პროდუქტების არასრული ჩამონათვალია, რომლის ევროპულ ბაზარზე გატანაც სამცხე-ჯავახეთს შეუძლია.

ადგილობრივი პროდუქციის უცხოურ ბაზრებზე დასამკვიდრებლად მთავარი პირობა მაღალი ხარისხი და უსაფრთხოების ნორმების დაცვაა. მოხვდება თუ არა მესხური პროდუქტი ევროპაში – ახალციხელებისთვის ჯერჯერობით გაურკვეველია.

სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა, ბრენდირება, ეტიკეტირება, წარმოების სერტიფიცირება, სასაქონლე ვიზუალის შექმნა – ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის თაობაზე შეთანხმება ქართველ ფერმერს არაერთ ვალდებულებას აკისრებს. აგროკონსულტანტი ნუგზარ კაველიძე, ფიქრობს, რომ რეგიონი დღეისათვის აღნიშნულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.

სამცხე-ჯავახეთს პროდუქციის უცხოურ ბაზრებზე გატანის გამოცდილება აქვს, თუმცა მეთოდები მოძველებულიაო, ამბობენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალურ სამმართველოში. ახალი წესები ფერმერებისგან დამატებით ადგილწარმოების დოკუმენტაციას და პროდუქციის სტაბილურ მიწოდებასაც ითხოვსო, აცხადებს სამმართველოს უფროსის მოადგილე მამუკა თამარაძე.

რეგიონალურ სამმართველოში განმარტავენ, რომ მესხეთში ამ ეტაპზე წინამოსამზადებელი პროცესი მიმდინარეობს. ფერმერები კოოპერატიულ გაერთიანებებს აყალიბებენ და დოკუმენტაციას აწესრიგებენ. უწყებაში მიიჩნევენ, რომ ევროპულ ბაზარზე მოხვედრის პერსპექტივა, პირველ რიგში, ადგილობრივი წარმოების თაფლს, ღვინოს და მესხურ ტენილ ყველს აქვს.

XS
SM
MD
LG