Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერი ძველ მერიას გარიგებაში ადანაშაულებს


თბილისის მერი დავით ნარმანია დედაქალაქის წინა მთავრობას „ლიბერთი ბანკთან“ გარიგებასა და დედაქალაქის ბიუჯეტისთვის 10 მილიონი ლარის ზარალის მიყენებაში ადანაშაულებს. მოძიებულ დოკუმენტაციას თბილისის მერია შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოებს უგზავნის, თავად მერი კი არ გამორიცხავს, რომ გარიგებაში მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების კორუფციული ქმედებების ნიშნებიც გამომჟღავნდეს.

თბილისის მერის დავით ნარმანიას თანახმად, საქმე ეხება თბილისის მერიასა და „ლიბერთი ბანკს“ შორის 2010 წლის 26 აპრილს გაფორმებულ ხელშეკრულებას საბანკო მომსახურების შესახებ, რომლისთვისაც „ლიბერთი ბანკი“ მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე შეირჩა. ამ ხელშეკრულების ძალით, ბანკი მერიის ანგარიშებზე არსებულ მიმდინარე ნაშთებს ლარში არსებულ თანხებზე სარგებელს წლიური 16,05%-ის ოდენობით არიცხავდა. საპროცენტო განაკვეთი დოლარში არსებულ თანხებზე 11% იყო, ევროში არსებულ თანხებზე კი - 8 %. დავით ნარმანია განმარტავს, რომ მოგვიანებით ხელშეკრულებაში განხორციელდა ცვლილება, რომელმაც ბიუჯეტს, საპროცენტო შემოსავლების სახით, სოლიდური ზარალი მიაყენა:

“2013 წლის 17 აპრილს თბილისის მერიასა და ბანკს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში შეტანილ იქნა ცვლილებები და დამატებები, რომლის მიხედვითაც საპროცენტო განაკვეთების დარიცხვა შემცირდა და განისაზღვრა შემდეგნაირად: მინიმალური ზღვრის, 40 მილიონი ლარის, ქვემოთ არსებულ თანხებს ერიცხება 16, 05%, ხოლო 40 მილიონ ლარზე ზემოთ არსებულ თანხებს, ნაცვლად ადრე არსებული 16,05 %-ისა, ერიცხება 4%. დოლარში არსებულ თანხებს ერიცხება 2%, ნაცვლად 11%-ისა, ხოლო ევროში არსებულ თანხებს - ასევე 2%“.

არანაირი დანაშაულებრივი სქემა მას არ გაუშიფრავს. ეს არის, ზოგადად საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, განხორციელებული ცვლილება. კარგი იქნებოდა, როგორც სხვა შემთხვევაში, მას უკეთესი მრჩევლები ჰყავდეს...
ირაკლი აბესაძე

თბილისის მერი აზუსტებს, რომ მერიასა და ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ცვლილებების შედეგად, თბილისის მერიას, საპროცენტო შემოსავლების სახით, 2013 წლის 17 აპრილიდან 2014 წლის 14 აგვისტომდე დაახლოებით 10 მილიონ 500 ათასი ლარი დააკლდა.

ამ დასკვნას აბსურდულად მიიჩნევენ ყოფილი მთავრობის, ამჟამად კი თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, წევრები. ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ ცვლილება მერიასა და ბანკს შორის არსებულ ხეშეკრულებაში საბანკო სექტორში შექმნილმა ვითარებამ განაპირობა. შესაბამისად, საკრებულოს დეპუტატი ფიქრობს, რომ თბილისის მერმა თავი სასაცილო მდგომარეობაში ჩაიყენა.

“არანაირი დანაშაულებრივი სქემა მას არ გაუშიფრავს. ეს არის, ზოგადად საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, განხორციელებული ცვლილება. კარგი იქნებოდა, როგორც სხვა შემთხვევაში, მას უკეთესი მრჩევლები ჰყავდეს, ან საბანკო სექტორისთვის მაინც ეკითხა ჭკუა და ამის შემდგომ გაეკეთებინა კომენტარი“, აღნიშნავს ირაკლი აბესაძე.

თბილისის მერის ყოფილი მოადგილე დავით ალავიძე კი, როგორც ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირი, თბილისის მერის ბრალდებას სპეციალური განცხადებით გამოეხაურა. განცხადებაში იგი დავით ნარმანიას დაუსაბუთებელ ცილისწამებაში ადანაშაულებს, ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ფიქრობს, რომ, მისი რეპუტაციის შელახვის გარდა, საბანკო სექტორის რეპუტაციაც შეილახა.

„ამ ტიპის განცხადება დამანგრეველია საბანკო სექტორის რეპუტაციისთვის, რასაც ჩინოვნიკი ნარმანია უნდა აცნობიერებდეს“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელშიც დავით ალავიძე 2013 წელს ხელშეკრულების პირობების შეცვლის მიზეზს განმარტავს:

თბილისის საკრებულო ორშაბათსვე ჩაატარებს შესაბამის კომისიას, სადაც ჩვენ მოვიწვევთ ქალაქის ვიცე-მერს, ქალაქის საფინანსო სამსახურის უფროსს, სადაც ვთხოვთ, რომ საკრებულოს წინაშე გაასაჯაროონ აღნიშნული დოკუმენტი, გამომდინარე იქიდან, რომ ამ დოკუმენტში არის კონფიდენციალობის მუხლი...
ჯაბა სამუშია

„საბანკო სექტორში არსებული საპროცენტო განაკვეთები მნიშვნელოვნად იყო შემცირებული ამ პერიოდისათვის. შესაბამისად, „ლიბერთი ბანკმა“ არ ისურვა თბილისის მერიასთან ხელშეკრულების გაგრძელება იმავე პირობებით. საქართველოში მოქმედმა სხვა კომერციულმა ბანკებმა თბილისის მერიას შესთავაზეს არა უმეტეს 8 პროცენტის სარგებლის დარიცხვა. საბოლოო ჯამში, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდგომ ისევ „ლიბერთი ბანკთან“ მოხერხდა იმ დროს ბაზარზე არსებული საუკეთესო პირობებით ხელშეკრულების გაფორმება, რაც გულისხმობდა ანგარიშზე არსებულ 40 მილიონ ლარზე კვლავ 16 პროცენტი სარგებლის დარიცხვას და ამის ზემოთ არსებულ ნაშთებზე - 4 პროცენტის“.

დავით ალავიძის ამ განმარტების პასუხად, თბილისის მერმა განაცხადა, რომ თბილისის ძველი მთავრობის მიერ დაშვებული შეცდომების გასაჯაროების ციკლი გაგრძელდება და დანარჩენ საკითხებს პასუხს გამოძიება გასცემს. თავის მხრივ, თბილისის მერიასა და „ლიბერთი ბანკს“ შორის დადებული ხელშეკრულების გასაჯაროებას ითხოვს საკრებულოს საფინანსო კომისია, რომელიც მომავალ კვირას ამ საკითხზე სამსჯელად საგანგებოდ შეიკრიბება. საფინანსო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია განმარტავს:

“თბილისის საკრებულო ორშაბათსვე ჩაატარებს შესაბამის კომისიას, სადაც ჩვენ მოვიწვევთ ქალაქის ვიცე-მერს, ქალაქის საფინანსო სამსახურის უფროსს, სადაც ვთხოვთ, რომ საკრებულოს წინაშე გაასაჯაროონ აღნიშნული დოკუმენტი, გამომდინარე იქიდან, რომ ამ დოკუმენტში არის კონფიდენციალობის მუხლი და, ბუნებრივია, საზოგადოებისათვის უნდა იყოს ნათელი, რასთან გვაქვს საქმე“.

თბილისის მერის ბრალდებებს გამოეხმაურა „ლიბერთი ბანკიც“. გამოხმაურებაში სინანულია გამოთქმული იმის გამო, რომ თბილისის მერმა საკითხის დეტალური ანალიზისა და დაზუსტების გარეშე გააკეთა განცხადება მერიასა და „ლიბერთი ბანკის“ გარიგების შესახებ. ბანკის ვრცელ განმარტებაში აღნიშნულია, რომ 2013-2014 წლებში, სხვა ქართული ბანკების მსგავსად, ბაზარზე არსებული ტენდენციის შესაბამისად, „ლიბერთი ბანკმაც“ საპროცენტო დარიცხვა შეამცირა 30-მდე სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციასთან. შესაბამისად, თბილისის მერია გამონაკლისს არ წარმოადგენდა.

XS
SM
MD
LG