Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

მელიქ რაისიანი საქართველოშია


ახალქალაქი
ახალქალაქი
საქართველოში კიდევ ერთი პოლიტდევნილად მიჩნეული პირი დაბრუნდა. მელიქ რაისიანი რვა თვის განმავლობაში თავს სომხეთს აფარებდა. 2012 წლის მაისის თვეში მას გამოძიებამ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. „ქართული ოცნების“ წევრები ირწმუნებიან, რომ საქართველოს პარლამენტის დეპუტატის მდგომარეობა ყოფილ ხელისუფლებასთან მას შემდეგ გართულდა, რაც რაისიანმა კოალიციაში გაწევრიანება გადაწყვიტა.

,,ქართული ოცნების“ ახალქალაქის ოფისის ხელმძღვანელი მელიქ რაისიანი, თაღლითობის ბრალდებით, დაუსწრებლად გაასამართლეს და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 21 იანვარს იგი სომხეთის საბაჟოდან საქართველოში შემოვიდა. ამბობს, რომ პოლიტიკიდან წასვლაზე არასდროს უფიქრია და წასვლას არც ახლა აპირებს.

მელიქ რაისიანს ბრალად ედებოდა მოქალაქე მალვინა მატარაძისთვის 38 ათასი ლარის გამოძალვა. გამოძიების ინფორმაციით, რაისიანი 38 ათასი ლარის სანაცვლოდ მატარაძეს, პარლამენტის წევრის ავტორიტეტის გათვალისწინებით, მფარველობასა და გადასახადების დამალვაში დახმარებას დაჰპირდა. მის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე იყო აღძრული: გამოძიება მას „ქართული ოცნებისათვის" ახალქალაქის ოფისის შეღავათიან ფასად მიქირავებას ედავებოდა. ყოფილ პატიმარს, როგორც რაისიანი საკუთარ თავს უწოდებს, საქართველო-სომხეთის საბაჟოზე „ქართული ოცნების“ წევრი ბეჟან გუნავა დახვდა. მედიასთან საუბრისას გუნავამ განაცხადა, რომ საქართველოს მორიგი პოლიტიკური დევნილი დაუბრუნდა.

საქართველოში დაბრუნებული რაისიანი ფიქრობს, რომ ქვეყანა და განსაკუთრებით ჯავახეთი არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. ჯავახეთის არაქართველი მოსახლეობის მთავარი პრობლემა კი, მისი აზრით, ის არის, რომ სომხური მოსახლეობა ქართულ საზოგადოებასთან ინტეგრირებული არ არის.

ახალქალაქში არ გამორიცხავენ, რომ თაღლითობისთვის ძებნილმა მელიქ რაისიანმა მუნიციპალიტეტის გამგებლის პოსტი დაიკავოს. იგი საქართველოს პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატი იყო. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2004 წელს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მელიქ რაისიანი "ნაციონალური მოძრაობის" სახელით შევიდა.
XS
SM
MD
LG