Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიის გამოწვევა - Sexy Story და ნამდვილი ამბავი


რამდენად თანმიმდევრულად აშუქებს მედია ამა თუ იმ ამბავს, რამდენად ღრმად იჭრებიან ჟურნალისტები ამბის არსში, რამდენად მნიშვნელოვანია მედიის როლი მნიშვნელოვანი თემების, მათ შორის, კონფლიქტების, სოციალური საკითხებისა თუ სხვა ამბების წინ წამოწევაში? ჟურნალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ხშირად მედიაორგანიზაციებს ფინანსური და ადამიანური რესურსი არ ჰყოფნით, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ხშირად ჟურნალისტები თემებისათვის პრიორიტეტის მინიჭებაში ცდებიან.

აგვისტოს ომი, ევრომაიდანი, კრიზისი ერაყში, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ჟურნალისტების სიკვდილით დასჯა, „შარლი ებდო“ - ეს იმ თემების მცირე ნაწილია, რომელთაც სხვადასხვა დროს საერთაშორისო მედია ძალიან აქტიურად აშუქებდა. სხვადასხვა მედიის ასობით რეპორტიორი ცხელი წერტილებიდან განუწყვეტლივ იტყობინებოდა ახალ ამბებს, თუმცა დროთა განმავლობაში ამ თემების მიმართ ყურადღება მინელდა.

ბრიტანული ტელეკომპანია „ბი-ბი-სის“ რეპორტიორი ნატალია ანთელავა ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში მედიაკომპანიებს ფინანსები არ ჰყოფნით იმისათვის, რომ ამბები დიდი ხნის განმავლობაში თანმიმდევრულად გააშუქონ, თუმცა არის სხვა მნიშვნელოვანი პრობლემებიც:

„პირველ რიგში, ფინანსური პრობლემაა. შემდეგ არის ე. წ. Workload, იმიტომ რომ ჩვენ ცოტანი ვართ, სამუშაო კი ძალიან ბევრია. ასევე არის გაფანტული ყურადღება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ ხდება, ძალიან ბევრ რამეს შეიძლება ხელი მოჰკიდო, ძალიან ბევრი „გაყვითლდა“...

შესაბამისად, როგორც ნატალია ანთელავა დასძენს, რედაქციები აშუქებენ ეგრეთწოდებულ „მაგარ ამბებს“ - ამბებს, რომლებიც ყველაზე მეტად მიიზიდავს აუდიტორიას.

ბრიტანელი ჟურნალისტი ონიკ ჯეიმს კრიკორიანი, რომელიც კავკასიის კონფლიქტებზე მუშაობს, მიიჩნევს, რომ ხშირ შემთხვევაში ყურადღების მიღმა რჩება ამ ამბების შედეგები და როგორც კი ახალი „მაგარი ამბავი“ გამოჩნდება, მსოფლიო მედიის ყურადღება უკვე იქით მიემართება. გარდა ამისა, ესა თუ ის ხმაურიანი ამბავი ხშირად ფარავს სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან თემას. ამის მაგალითად მას პარიზში „შარლი ებდოს“ რედაქციაზე თავდასხმა მოჰყავს:

„ცოტა ხნის წინ „შარლი ებდოს“ რედაქციას თავს დაესხნენ. იმავე დღეს იემენში, ტერორისტ კამიკაძის თავდასხმის შედეგად, დაახლოებით სამჯერ მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე პარიზში; ასეთივე შემთხვევა მოხდა თურქეთშიც; ნიგერიაში ლამის მთელი სოფელი განადგურდა, თუმცა ეს ამბები ძალიან სუსტად გაშუქდა. ამიტომაც, საკითხავია, რატომ არჩევს მედია ამა თუ იმ საკითხის გაშუქებას. „შარლი ებდოს“ შემთხვევაში, ალბათ, იმიტომ, რომ ეს საფრანგეთში მოხდა და არა, ვთქვათ, იემენში ან ნიგერიაში“.

ამბების შერჩევისა და თანმიმდევრულად გაშუქების საკითხი ქართულ მედიაშიც მნიშვნელოვანია. როგორც სტუდია „მონიტორის“ რედაქტორი, გამომძიებელი ჟურნალისტი ნინო ზურიაშვილი ამბობს, ძალიან დიდი პრობლემაა, როდესაც ხშირად ჟურნალისტები თავად კი არ ირჩევენ ამბავს გასაშუქებლად, არამედ მიჰყვებიან იმ ამბებს, რომელთაც მათ პოლიტიკოსები სთავაზობენ:

ნინო ზურიაშვილი
ნინო ზურიაშვილი

„ქართული ჟურნალისტიკა თითქოს უფრო მიჰყვება არა ექსკლუზიურ მასალებს, რომელსაც თვითონ გადაწყვეტს, მოძებნის, ამოიღებს, არამედ თითქოს ხელისუფლებისა და მთავრობის გაწვრთნილი PR სპეციალისტების მიერ დაყრილ საკენკს კენკავს“.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თოქ-შოუ „რეალური სივრცის“ პროდიუსერი ქეთი კაპანაძე მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი თემები სწორედ ისაა, რომლებიც ძალიან ხშირად მედიის ყურადღების მიღმა რჩება:

„დადიხარ, ხედავ, ეძებ, გაინტერესებს... ქუჩაში, ავტობუსში, მეტროში გესმის. ეს არის თემები. კონკრეტული ადამიანის კონკრეტულ პრობლემაზე აკეთებ და ასეთივე პრობლემა აქვს სხვა ადამიანს. ასეთ თემებს არავინ გთავაზობს, ამას შენ სწევ, როგორც მედია“.

„რეალური სივრცის“ პროდიუსერი დასძენს, რომ ამბის მხოლოდ ერთხელ გაშუქება და შემდეგ დავიწყება ნიშნავს, რომ ამ ამბავს აღარასდროს აღარავინ გაიხსენებს. თემა მნიშვნელოვანი მაშინ ხდება, როდესაც მას ხშირად უბრუნდები:

„რაღაც კონკრეტულ გადაცემას შედეგი რომც არ ჰქონდეს, როდესაც თემას ააქტიურებ, ეს უკვე მნიშვნელოვანია. ანუ იძულებულს ხდი პასუხისმგებელ, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ადგილობრივ თუ ცენტრალურ ხელისუფლებას, რომ ამ თემაზე იფიქრონ“.

ნინო ზურიაშვილს მედიის მიერ მიღწეული შედეგის მაგალითად 1970-იან წლებში უოტერგეიტის სკანდალი მოჰყავს. 1972 წელს „ვაშინგტონ პოსტის“ მიერ დაწერილ სტატიას ძალიან ბევრი გამოცემა გამოეხმაურა. ამერიკული მედია ამ თემას 2 წლის განმავლობაში აქტიურად აშუქებდა, შედეგად კი პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი გადადგა. თუმცა, მისივე თქმით, დღეს მედია ასე თითქმის არ მუშაობს, განსაკუთრებით კი - საქართველოში:

„თითქოს სირცხვილად ითვლება, თითქოს ტაბუ აქვს იმას, რომ აიტაცო ისეთი ამბავი, რომელიც ვიღაცამ გააშუქა, თუმცა ნიუსებში არ მოხვედრილა და პრესკონფერენციებზე არ განხილულა. თითქოს არ არის მოდაში ის, რომ ვიღაცამ თქვას: „მოიცა, მოიცა, ეს რაღაც საინტერესო თემაა, რატომ ვართ ამაზე ჩუმად?“

ჟურნალ „ლიბერალის“ ვებგვერდის რედაქტორი ლიკა ზაკაშვილი ამბობს, რომ მედიას აქვს ძალა, მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც არ შუქდება, წინ წამოსწიოს და აქტუალური გახადოს, თუმცა ამ შესაძლებლობას იშვიათად იყენებს:

„მაგალითად, განათლების ხელმისაწვდომობა ან ხარისხი. მედიას აქვს ბერკეტი, რომ გაამწვავოს ეს საკითხები და გადააქციოს ეს თემები საზოგადოების მაღალი ინტერესის საგნად. მედიას ამის გაკეთება შეუძლია, მაგრამ ნაკლებად აკეთებს. ძირითადად აქტუალური ის ხდება, რაც ზემდგომ ორგანოებს უნდათ, რომ აქტუალური იყოს“.

როგორც ჟურნალისტი ონიკ კრიკორიანი მიიჩნევს, ნამდვილი პრობლემების მიმართ ყურადღების ნაკლებობა მხოლოდ მედიას არ აქვს. მისი თქმით, ეს საზოგადოების პრობლემაცაა:

„შეიძლება ხალხი, უბრალოდ, იღლება ნეგატიური ამბების მოსმენით. ესეც პრობლემაა. ამიტომაც მხოლოდ მედიას ვერ დაადანაშაულებ. საზოგადოებაც ამაში ნაწილობრივ დამნაშავეა. როგორ შეიძლება პრობლემა გადაწყდეს? ვშიშობ, არ ვიცი“.

ნინო ზურიაშვილის აზრით, ყველაფრის მიუხედავად, ჟურნალისტის მთავარი მოვალეობაა ნამდვილი პრობლემები წამოსწიოს წინ. საქართველოში კი, ძირითადად, წინააღმდეგობას ის ქმნის, რომ სარედაქციო პოლიტიკა, ხშირ შემთხვევაში, თავისუფალი არ არის. შესაბამისად, ჟურნალისტები ძალიან იშვიათად მიჰყვებიან ამბავს ღრმად, იშვიათად უბრუნდებიან ერთსა და იმავე თემას რამდენჯერმე: „არათავისუფალ ნიუსრუმებში პრობლემას არ ეძებენ“, - ამბობს ნინო ზურიაშვილი და დასძენს: „თუ პრობლემას არ ეძებ, ვერც პოულობ“.

XS
SM
MD
LG