- ბოლოს სერგეიმ და არტიომმა 23 თებერვალს დამირეკეს, მას მერე მათი ხმა აღარ გამიგია. სერგეი 19 წლისაა, არტიომი - 20-ის, მათ შორის ერთი წელია განსხვავება, ერთმა 9 კლასის მერე ტექნიკუმი დაამთავრა, მეორემ - 11 კლასის მერე, ერთსა და იმავე წელს წავიდნენ ჯარში, მე კიდევ ის მიხაროდა, ერთსა და იმავე სამხედრო ნაწილში რომ მოხვდნენ. ორივე ერთად დამეკარგნენ, - ამბობს ელენა.
ის მრავალშვილიანი დედაა, ექვსი შვილი ჰყავს, ოჯახი ბელგოროდის ოლქში ცხოვრობს. 23 თებერვლის შემდეგ, ელენა გამუდმებით რეკავდა იმ სამხედრო ნაწილში, სადაც მისი ვაჟები მსახურობენ, მანქანით წავიდა მათ საძებნელად - თავიდან ეუბნებოდნენ, რომ ისინი ნამდვილად სადღაც იქვე, ახლოს, იყვნენ დაბანაკებულნი.
- როცა აქ ჩამოიყვანეს, ერთხელ, მივედი მათ მოსანახულებლად, ვიცოდი, სად იდგა მათი ნაწილი. სერიოჟა ბოლოს 21 თებერვალს ვნახე. არტიომმა ვერ შეძლო გამოსვლა. 23-ში კი დამირეკეს და მითხრეს - დედა, ყველაფერი კარგად არის, არ ინერვიულო, ჩვენ შეიძლება 2-3 დღე ვერ გამოვიდეთ კავშირზეო. ისინი ბოლო დღემდე წვევამდელები იყვნენ, კონტრაქტზე საუბარი არ ყოფილა, ისინი კონტრაქტის კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ. ისინი ხომ 18 ნოემბერს წავიდნენ ჯარში, მხოლოდ სამი თვე იმსახურეს.
ელენას ერთ-ერთმა ვაჟმა სამშენებლო ტექნიკუმი დაამთავრა, მეორემ - აგროტექნიკუმი, უმაღლეს სასწავლებელში გეგმავდა ჩაბარებას და მერე დაუსწრებლად სწავლას, რომ იმავდროულად, ემუშავა კიდეც და ოჯახს დახმარებოდა.
- ვიპოვე მათი ნაწილი, ჩავედი იქ, სხვა ახალგაზრდები ვნახე, რომლებიც მათ იცნობენ, მაგრამ მათ მითხრეს, რომ არ იციან, სად არიან ისინი. და ჩანდა, რომ არ ტყუოდნენ, მართლა არ იცოდნენ. ისინი ამბობენ - ჩვენ ერთ მხარეს წაგვიყვანეს, დანარჩენები - სხვა მხარესო. ერთი ათი დღე ვეძებდი ვინმეს, ვისგანაც შემეძლო რამის გაგება, მაგრამ ვერაფერს მივაღწიე, თვალებში მიყურებდნენ და მატყუებდნენ, რომ ჩემი შვილები წვევამდელები არიან და არსად არ მოხვდებიან, სადღაც არიან დაბანაკებულები. ბოლოს ჩვენი სამხედრო ნაწილის ფსიქოლოგის ტელეფონი ვიპოვე და მან შემატყობინა, რომ ჩემი შვილები კონტრაქტორთა სიებში ირიცხებიან და სპეციალურ დავალებას ასრულებენ. ეს ჩვენთვის შოკის მომგვრელი იყო - მეც და სხვა დედებმაც, დავწერეთ განცხადება პროკურატურაში, გენერალურ პროკურატურაში, თითოეულმა ცალ-ცალკე, და ერთობლივი წერილიც დავწერეთ, ჩვენ ახლა „ჯარისკაცების დედები“ გვეხმარებიან.
მართალია, რომ სამართალდამცავებს დღესდღეობით თითქმის არ შეუძლიათ ელენასა და მისნაირების დახმარება: მათ ხელ-ფეხი შეკრული აქვთ ახალი კანონებით, რომლებიც კრძალავს ნებისმიერი ინფორმაციის შეგროვებას რუსული არმიის შესახებ - თანაც, ინფორმაციად შეიძლება ჩაითვალოს წვევამდელი ჯარისკაცის სახელიც, და დამოკიდებულებაც ყაზარმაში, თუ საქმე წესდების გარეშე ურთიერთობებს ეხება. ამის მიუხედავად, სამართალდამცავები ჯარისკაცების მოძებნის საქმეში მცირე დახმარებას მაინც სწევენ, - ამბობს ორგანიზაცია „პეტერბურგის ჯარისკაცების დედების“ იურისტი, ანტონ შჩერბაკი.
- ჩვენ რამდენიმე ათეულმა მშობელმა მოგვმართა, რომელთა შვილებიც მათ სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობენ, მათ შორის, სულ მცირე, ორია ისეთი, რომელთაც იციან, რომ მათი ვაჟები ტყვედ არიან ჩავარდნილი. ჩვენ გვაკავებს კანონი პირადი მონაცემების შეგროვების აკრძალვაზე, ამიტომ, ფაქტობრივად, მშობლებს მხოლოდ საერთო ტიპის კონსულტაციები შეგვიძლია გავუწიოთ, ჩვენი ფიქრები გავუზიაროთ, განცხადებების ნიმუშები მივცეთ, - ამბობს შჩერბაკი, - ჩვენ შევეცადეთ ამ სამხედრო მოსამსახურეების მშობელთა კოორდინირებას, რომ მათ ერთმანეთთან იურთიერთონ, დაეხმარონ ერთმანეთს, მაგრამ ეს არ გამოვიდა - ჩვენთან ხალხი ძალიან ცუდად ერთიანდება, ეს ზოგადად, ჩვენი საზოგადოების პრობლემაა. ის, რაც ჩეჩნეთის კამპანიებისას ხდებოდა, უკვე აღარ ხდება - მაშინ დედები ერთად ჩეჩნეთშიც კი მიემგზავრებოდნენ და გამოიხსნიდნენ ხოლმე თავიანთ შვილებს, ახლა ასე აღარაა.
დაწერენ მშობლები მიმართვას შვილზე და მერე სხედან და ელოდებიან, როდის დაუკავშირდება ის მათ, მეტს არაფერს აკეთებენ. მარტო ერთი ტყვე ჯარისკაცის დედა ჩავიდა მოსკოვში, თავდაცვის სამინისტროში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ყველამ უკან გამოაბრუნა, მხოლოდ განცხადება დაუტოვა უფლებამოსილ პირს. მე ეს არ მესმის - მე არ მყავს შვილები, მაგრამ ასე მგონია, რომ ყველაფერს გადავდებდი და საზღვარს იქით წავიდოდი ჩემი ვაჟის საძებნელად. აბა, რა არის დასაკარგავი, რა აზრი აქვს მაშინ ცხოვრებას, თუ ბავშვს თავი მიუძღვენი, რა თქმა უნდა. მაგრამ ხანდახან ისეთი განცდა მაქვს, რომ დედებმა თავიანთ შვილებზე არაფერი იციან, არც სურთ, რომ იცოდნენ და არ ზრუნავენ მათზე. არ ვიცი, რით აიხსნება ასეთი აპათია - შეიძლება, უბრალოდ, ყველა დაშინებულია.
როგორც ელენა ამბობს, იქ, სადაც ის ცხოვრობს, ბევრია მისნაირი და ისინი ყველანი ერთად არიან და ეხმარებიან ერთმანეთს.
- აქ ძალიან ბევრნი ვართ ისეთები, რომლებსაც შვილებმა ბოლოს 23 თებერვალს დაურეკეს და მას მერე მათგან აღარაფერი გაგვიგია, - ამბობს ელენა, - ჩვენ გავერთიანდით და ერთად ვეძებთ ჩვენს შვილებს. მარტო აქ, ჩვენს ჩატში, 40 ადამიანია, და მე ვიცი, რომ სხვა სამხედრო ნაწილებშიც იგივე ხდება, წვევამდელების დედები ასევე ეძებენ თავიანთ შვილებს. ყოველდღე მე და სხვა დედები ახალ განაცხადს ვაკეთებთ ჩვენს შვილებზე, ჩვეულებრივ, 2-3 საათის შემდეგ, თავდაცვის სამინისტროდან რეკავენ, გვეუბნებიან, ესა და ეს - ცოცხალია და ჯანმრთელი, ასრულებს სპეცდავალებას, როგორც კი შეძლებენ, დაგიკავშირდებიან. უკვე 10 დღეა ეს მესმის. მე მხოლოდ ახლა დავიწყე უფრო მშვიდად საუბარი, ისე კი სულ ისტერიკა მქონდა იმის გაფიქრებაზე, რომ ჩემი შვილები იქ არიან.
ელენა აღშფოთებულია, რომ მისი შვილები საბრძოლო მოქმედებებში სრულიად გაუწვრთნელები გაგზავნეს.
- მათ არანაირი სამხედრო მომზადება არ ჰქონიათ, მე მუდმივი კავშირი მქონდა ჩემს შვილებთან და დარწმუნებული ვარ, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე, მათ ხელში ნიჩბის მეტი არაფერი სჭერიათ. არაფერი შეუძლიათ, ხან ყარაულში იდგნენ, ხან თოვლს წმენდდნენ - როგორ გააგზავნეს იქ?! მე მხოლოდ იმიტომ ვდგავარ ფეხზე, რომ მე თუ არა, მაშინ ვინ წამოიყვანს ჩემს შვილებს იქიდან? და, რა თქმა უნდა, დიდი მხარდაჭერაა ის, რომ ჩვენ, დედები, ბევრნი ვართ, ერთმანეთს ვამხნევებთ, რომ ფარ-ხმალი არ დავყაროთ, ერთად ვიბრძვით. ვიღაც იურისტია და განცხადებების შედგენაში გვეხმარება, ყველას თავისი წვლილი შემოაქვს. ჩვენთვის კოლოსალური მოვლენა იყო ის, რომ პუტინმა აღიარა, რომ იქ წვევამდელებიც არიან - იქამდე ხომ სამხედრო კომისარიატში, და ყველგან, ვისაც არ მივმართე, ერთი და იგივე პასუხი იყო - „შეუძლებელია, თქვენ იგონებთ ამას“. მაგრამ მე მესმოდა, რომ ისინი იქ არიან, იქამდეც, სანამ ამას დამიდასტურებდნენ. ზუსტად ვიცი - ჩემი შვილები აქ რომ იყვნენ, აუცილებლად დამირეკავდნენ.
- დარწმუნებული ხართ, რომ ტყვედ არ არიან?
- ღმერთმა დაიფაროს... მე თვითონ არ შემწევს ძალა, მაგ სიებს ვუყურო, მაგრამ ჩემი უფროსი ვაჟი მუდმივად ნახულობს. მე ოთხი ვაჟი მყავს და ორი გოგო - ნეტა სულ გოგოები გამეჩინა.
- ბოლო ცნობები რა გაქვთ თქვენი შვილების შესახებ?
- დღეს დავრეკე სამხედრო ნაწილში, მითხრეს - ცოცხლები არიან, ჯანმრთელად არიანო, უახლოეს ხანში დაიწყებენ იქიდან მათ გამოყვანასო. მინდა, რომ ამის მჯეროდეს - მაგრამ ბოლომდე არ მჯერა. საერთოდ არაფრის აღარ მჯერა - იმიტომ რომ სრულ სიცრუეს შევეჯახე. გაუწვრთნელი ბავშვები ომში შეყარეს - არ ვიცი, ეს როგორ უნდა გავიგო. ისინი თვითონ რომ წასულიყვნენ, შეგნებულად, კონტრაქტით - ეს სხვა საქმე იქნებოდა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, იქ ისე გაგზავნეს, რომ არც უკითხავთ მათთვის. ჩვენ ახლა ვცხოვრობთ დევიზით „ახალი ამბების არქონა - კარგი ამბავია“. გვითხრეს, სამხედრო კომისარიატიდან თუ დაგირეკეს, დაკრძალვისთვის მოემზადეთო. აი, ასე ვცხოვრობთ: არავის ცუდი არაფერი უთქვამს, დღე გავიდა და კარგია. ასე ცხოვრება ხომ საშინელებაა - ახალი ამბის რომ გეშინია. ჩვენ, დედები, მუდმივ შიშში ვართ, მუდმივ ფორიაქში, ეს უბრალოდ აუტანელია. მე არც მძინავს, არც ვჭამ, არ შემიძლია, ნორმალურად ვიცხოვრო, სანამ ჩემი შვილების ხმას არ გავიგებ, რომ აქ არიან, ჩვენს ტერიტორიაზე.
ელენა კოსმეტოლოგად მუშაობს, ქმართან გაშორებულია, მაგრამ მხარში უდგანან უფროსი ვაჟიშვილი, დედა და დისშვილი, ასევე ყველა დედა, რომლებსაც ამასობაში დაუახლოვდა. თითქოს შეიქმნა ერთი დიდი ოჯახი. ელენას სიტყვებით, ამ დროისთვის გაერთიანდნენ ნათესავები, მეგობრები. უფროსი ვაჟი მასთან ერთად დადიოდა მანქანით, როცა სერგეისა და არტიომს დაეძებდნენ. უმცროსი შვილებიც განიცდიან ძმების ამბავს.
- ეს დედები სხვადასხვა ქალაქიდან არიან და ყველა შესანიშნავია, ისინი თავიანთი შვილებისთვის ყველაფრისთვის მზად არიან, იბრძვიან, წერენ, რეკავენ, ყველა ყოჩაღია, სასიამოვნო სანახავია, რომ ჩვენ ასეთი ძლიერი ქალები გვყავს.
მჯერა, რომ ჩვენსას მივაღწევთ, მოვახერხებთ ჩვენი შვილების იქიდან გამოყვანას. დღეს სამხედრო პროკურატურაში ვიყავი, მითხრეს, რომ მიმართვას 30 დღეში განიხილავენ. მე ვუთხარი, რომ ყოველ წუთს მნიშვნელობა აქვს, ისინი მუდამ სიკვდილს უყურებენ თვალებში! დამპირდნენ, რომ ჩვენს საქმეს პრიორიტეტულ რეჟიმში განიხილავენ - ყალბი კონტრაქტების გაუქმებისთვის და გვითხრეს, რომ როცა კი დამტკიცდება, რომ კონტრაქტები ყალბია, ბიჭებს მაშინვე გამოიყვანენ იქიდან. ჩემი აზრით, ჯერ უნდა გამოიყვანონ და მერე დაამტკიცონ. სხვა დედების შვილებსაც არ მოუწერიათ ხელი კონტრაქტებზე საკუთარი ნებით.
„პეტერბურგის ჯარისკაცთა დედების“ ადვოკატს, ალექსანდრ გორბაჩოვს ეჭვი ეპარება, რომ იოლი იქნება კონტრაქტის დარღვევებით ხელმოწერის დამტკიცება.
- აქ მთავარი ხელმოწერაა, გაიარა თუ არა გარკვეული პროცედურა: ჯერ იგზავნება საბუთები, შემდეგ მოდის ბრძანების პროექტი და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება დოკუმენტის ხელმოწერა, განმარტავს ის. მთავარია იყოს ხელმოწერა. ვერ გეტყვით, იქ რა მოხდა, მაგრამ, სავარაუდოდ, შეიძლება ხელი მოაწერინეს ისე, რომ არც შეახედეს, რა ეწერა კონტრაქტში, ან კიდევ მეთაურმა დაარღვია კანონი: დავუშვათ, რომ მას მიუვიდა ბრძანება, რომ ამდენი და ამდენი კონტრაქტორი უნდა ჰყოლოდა ნაწილში და მანაც ისინი ჩაწერა. ძნელი სათქმელია, რა მოხდა, ეს სამართალდამცველებმა უნდა გაარკვიონ.
ანტონ შჩერბაკი თვლის, რომ ელენას შვილები არ უნდა იყვნენ საბრძოლო მოქმედებების ზონაში.
- კანონით, წვევამდელის გაგზავნა საბრძოლო მოქმედებების ზონაში შეიძლება მხოლოდ ოთხთვიანი სამსახურის შემდეგ. აქ კი რა გამოდის, იარაღიც კი არ სჭერია ხელში და უკვე ფრონტზე გაგზავნა შეიძლება?
ერთობ უცნაურია. ისე გამოდის, რომ წვევამდელი, რომელმაც მხოლოდ სამი თვე დაჰყო არმიაში, არ შეიძლება გაიგზავნოს ცხარე ბრძოლების ზონაში, ხოლო ის, ვინც ამავე ვადით კონტრაქტი გააფორმა - შეიძლება? ეს ხომ სიურრეალიზმია.
ვიცით შემთხვევები, როცა წვევამდელს აიძულებდნენ, ხელის მოეწერა კონტრაქტზე რაღაც მიზეზით. ერთი დედა გვიამბობდა, რომ მისი ვაჟი აიძულეს ხელი მოეწერა კონტრაქტზე, თორემ იმგვარ ნაწილში გააგზავნიდნენ, რომ საუკეთესო შემთხვევაში თავს თვითონ ჩამოიხრჩობდა. არიან ისეთებიც, რომლებიც მოგვიანებით შეიტყობენ ხოლმე, რომ კონტრაქტი აქვთ, ჩანს, კონტრაქტის გაფორმების პროცედურა მთლიანად იყო გაყალბებული. როგორი შანსი აქვთ დედებს, თავიანთი ვაჟები უკრაინიდან წაიყვანონ?
- ვერ გეტყვით. ჩვენი კანონმდებლობით, იურიდიულად ვერაფერს დაეყრდნობი. ყველაფერს მეთაურების კეთილი ნება განსაზღვრავს.
როცა დღე და ღამე თავის ვაჟიშვილებს ეძებს, ელენას არ შეუძლია არ იფიქროს ე.წ. სპეცოპერაციაზე.
- ორმაგი გრძნობა მაქვს. ყოველთვის მეცოდებოდა ხალხი „დონეცკის სახალხო რესპუბლიკასა და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში“, მაგრამ ახლა რაც ხდება, უფრო საშინელია. თუ ამდენი მშვიდობიანი მოქალაქე იღუპა, ვფიქრობ, ეს ამად არ ღირდა. ადამიანის სიცოცხლეზე ფასეული არაფერია. მგონია, შეიძლებოდა საერთო ენის გამოძებნა, რაღაცის მიღწევა, რამეზე მოლაპარაკება.
ძირითადად დედები ასე არიან განწყობილი. მარიუპოლში სამშობიარო სახლი, რომელსაც ჭურვი მოხვდა, საშინელებაა, სისხლიანი სასაკლაო იყო, სულ ვფიქრობ, რომ აქ ჩვენ არა გვიჭირს, მყავს უფროსი ვაჟი, ჩემთან არიან უმცროსი შვილები, იქ კი, როგორ ცხოვრობენ ადამიანები მუდმივ შიშში, რომ თავზე რამე დაეცემათ? ომი საშინელი რამ არის.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის თანახმად, რუსეთის არმიამ 12 ათასი ადამიანი დაკარგა. დამოუკიდებელ წყაროებს ეს ცნობა არ დაუდასტურებიათ.
გაეროს თანახმად, უკრაინაში ომის დაწყებიდან 549 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 41 ბავშვია. დაშავებულია 957 ადამიანი, მათ შორის 52 ბავშვი. მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის მიზეზი უმეტეს შემთხვევაში არის ცეცხლის დაშენა მძიმე საარტილერიო საშუალებებით და ზალპური დანადგარებით, ასევე სარაკეტო და საჰაერო თავდასხმები.