მოსკოვი ასევე ზრუნავს პუტინის პოლიტიკისა და დასავლური სანქციების მიმართ ილუზორული აღქმების ჩამოყალიბებისთვის. ქვეყანაში აქტიურად აშინებენ უკვე საკმაოდ შეწუხებულ მოქალაქეებს და დევნიან თავისუფალ აზრს.
რუსეთის არმია უძლეველია?
უკმაყოფილების დამალვას ცდილობენ რუსი ექსპერტები, რომლებიც რუსეთის არმიას დიდ წარმატებებს ომის დაწყების პირველსავე საათებში უწინასწარმეტყველებდნენ.
მაგალითად, კრემლისტური მედიასაშუალების ხშირი სტუმარი, პოლიტოლოგი და სამხედრო ექსპერტი იაკობ კედმი ომის დაწყებამდე ამბობდა, რომ რუსეთის „ერთი ძლიერი“ საარტილერიო დარტყმა გარდამტეხ ცვლილებებს შეიტანდა ომის მსვლელობაში. მალევე სრულად განადგურდებოდა „კავშირგაბმულობისა და მეთვალყურეობის ყველა სისტემა, სატანკო-საარტილერიო დანაყოფები“ და ასევე სწრაფად -
„უკრაინის არმია აღარ იარსებებდა - ის ბრბოდ გადაიქცეოდა“.
ეს პროგნოზი არ გამართლდა - ე.წ. ბლიცკრიგი არ გამოვიდა, მაგრამ, 27 თებერვალს, კედმს ახალი პროგნოზი სთხოვა ვლადიმირ სოლოვიოვმა, კრემლის პროპაგანდისტმა ჟურნალისტმა „როსია 1“-დან, რომელსაც ასევე შეეხო დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები.
ექსპერტის მეორე პროგნოზი იყო, რომ ომი რუსეთის გამარჯვებით „პარალიმპიური თამაშების“ (4-13 მარტი) დასრულების შემდეგ იყო მოსალოდნელი. მან დაიწყო იმის მტკიცება, რომ რუსეთის არმიამ „ომის ახლებური ხელოვნების“ დემონსტრირება მოახდინა, რაც „სირიაში დაგროვილი გამოცდილების“ გამოყენებას გულისხმობს.
1 მარტს კრემლის მაქებარმა სამხედრო ექსპერტმა კიდევ ერთი პროგნოზი გააკეთა, ისევ სოლოვიოვთან, მაგრამ სხვა გადაცემაში. ამჯერად მან თქვა, რომ რუსები „სადაც არის, კიევშიც შევლენ გასაწმენდად“, მაგრამ როდის? ეს აღარ დაუკონკრეტებია. საბოლოოდ, ის მოელის, რომ მომავალი კვირის დასაწყისში ზელენსკის „აღარ დარჩება აღარც სტრატეგიული ობიექტები და აღარც არმია, რომლითაც სარგებლობას შეძლებს“.
კიევის აღებას რუსეთში, პუტინის მხარდამჭერები 24 თებერვლიდან, ყოველდღე ელოდებოდნენ და ყოველ ჯერზე, როცა ეს არ ხდებოდა, თავს იმშვიდებდნენ, მაგალითად, ასეთი არგუმენტებით - „რუსეთის არმია არ შედის ქალაქებში, რათა არ გამოიწვიოს მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობას შორის“.
რუსეთი მშვიდობიან უკრაინელებს რომ არ ინდობს, ამ დღეებში მრავალმა ფაქტმა დაადასტურა - საცხოვრებელი კორპუსების, მოედნების დაბომბვებმა თუ, სავარაუდოდ, აკრძალული იარაღის გამოყენებამ. დაღუპულთა შორის არიან ქალები და ბავშვები.
რუსეთის არმიის წარმატებებით უკმაყოფილოა გადამდგარი პოლკოვნიკი, სამხედრო ანალიტიკოსი მიხაილ ხოდარონიოკი, რომელსაც ელვისებური ომის პერსპექტივების არც მანამდე სჯეროდა. 1 მარტს მან ასევე სოლოვიოვის გადაცემაში ილაპარაკა და რუსეთის არმიის გრძელი კოლონებით აღფრთოვანებულ წამყვანს ცივი წყალი გადაასხა.
„უკვე მეექვსე დღეა ამ ოპერაციისა და, სამწუხაროდ, ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ეს პროცესი გაჭიანურების ფაზაში გადადის. რაიმე ისეთი მსხვილი გარღვევა არ არის მიღწეული [რუსეთის არმიის მიერ]... არა იმიტომ, რომ მე პესიმისტი გავხდი, ანდა ლიბერალად ვიქეცი, უბრალოდ ასეთია ვითარება. ჩვენი თავდაცვის სამინისტროც დუმს. საბრძოლო მოქმედებების შესახებ ერთადერთი ვიდეო გამოაქვეყნეს, როგორ უტევენ ვერტმფრენიდან მოწინააღმდეგეებს, მაგრამ ამ ვიდეოდან იმასაც ვერ გაიგებ - ვინ ვის უტევს და რატომ უტევს“, - თქვა ხოდარიონოკმა 1 მარტს.
ექსპერტს აშფოთებს, რომ დასავლეთის ქვეყნების კონსოლიდირებული დახმარება, მათ შორის - დამატებითი შეარაღების მიწოდების კუთხით, უკრაინის არმიას ახალ შანსებს გაუჩენს.
პარალელურად, საერთაშორისო ექსპერტები ხშირად აღნიშნავენ, რომ უკრაინის არმიამ ისინი სიძლიერითა და სიმტკიცით, ხოლო რუსეთის არმიამ სისუსტითა და არაორგანიზებულობით გააკვირვა. ბოლო პერიოდში არაერთხელ გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ სამხედროებს ხშირად ელეოდათ საწვავი, გადაადგილებას ვეღარ ახერხებდნენ და ამის გამო გარბოდნენ კიდევაც.
„კი, ეს რუსეთის არმიაა, მაგრამ რამდენიმე ადგილას უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეაჩერეს მისი წინსვლა, უკრაინელები თითოეული კვადრატული მეტრისთვის იბრძვიან შემოტევის შესაჩერებლად“, - ჯერ კიდევ ომის პირველ დღეებში ეუბნებოდა „დოიჩე ველეს“ ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის - Chatham House-ის სამხედრო ექსპერტი მატიე ბულეგი.
ყველას ესმის, რომ უკრაინელები ახლა ძალიან მძიმე გამოწვევის წინაშე დგანან, მაგრამ უკრაინელმა სამხედროებმა უკვე ყველას გაუჩინეს იმის რწმენასაც, რომ უკან არ დაიხევენ და, ვიდრე შეძლებენ, ბოლომდე თავგანწირვით იბრძოლებენ.
ამ ეტაპზე, დასავლური შეიარაღების მიწოდების გარდა, უკრაინაში საბრძოლველად ჩადიან მოხალისეები მრავალი ქვეყნიდან. კიევის ინფორმაციით, „ანტიპუტინისტურ კოალიციაში“, რომელიც უკრაინის დასახმარებლად შეიქმნა, 80-ზე მეტი ქვეყანა შედის.
კიევი ამ კოალიციაში, სავარაუდოდ, აღარ განიხილავს საქართველოს და როდესაც 1 მარტს თბილისიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიძახა, უკრაინის პრეზიდენტმა პირდაპირ თქვა, რომ ამის მიზეზი ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ხელი შეუშალა მოხალისეების ჩასვლას უკრაინაში და, ასევე, არ შეუერთდა რუსეთისთვის დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს.
მიტოვებული გვამები
26 თებერვლამდე რუსეთის მხარე ავრცელებდა ინფორმაციას, რომ უკრაინაში არცერთი რუსი ჯარისკაცი არ იყო მოკლული. რუსეთის ხელისუფლებამ მსხვერპლის არსებობა საჯაროდ პირველად სწორედ 26 თებერვალს აღიარა. ეს იყო ახალგაზრდა ოფიცერი, ნურმაგომედ გაჯიმაგომედოვი - ინგუშეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შვილი.
ამის შემდეგ, მსგავსი ინფორმაცია კიდევ რამდენჯერმე დადასტურდა და მათ შორის - კადიროვის ჩეჩნეთიდანაც. მაგრამ არცერთხელ მსგავსი რამ არ გაუკეთებია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს.
უკრაინიდან არაერთხელ შეუთვალეს რუსეთს - რომ ეპატრონათ თავიანთი მკვდრებისთვის, მათ შორის - წითელი ჯვრის შუამავლობით. „რუსეთი ამას არანაირად არ გამოეხმაურა“, - უთხრა რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს ვადიმ დენისენკომ, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
27 თებერვალს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ აამოქმედა ონლაინპლატფორმა "Ищи своих" (მოძებნე შენიანები), სადაც მუდმივად ვრცელდება ინფორმაცია ტყვედ ჩავარდნილი თუ დაღუპული რუსი ჯარისკაცების შესახებ. ქვეყნდება ასევე ჯარისკაცების აღიარებითი ჩვენებები, მათ შორის - პუტინის მიმართ მათი უწმაწური გამონათქვამებითა და ბოდიშებით უკრაინელი ხალხის მიმართ. რადიო თავისუფლების რუსულმა სამსახურმა რამდენიმე შემთხვევა გამოიკვლია და დაადასტურა, რომ ტყვეები რეალური პირები არიან.
"Ищи своих" იმავე დღეს დაბლოკა როსკომნადზორმა (Роскомнадзор), რუსეთის გენერალური პროკურატურის მოთხოვნით.
ამ თემაზე შეკითხვა, 1 მარტს, ჟურნალისტებმა კრემლის პრესმდივან პესკოვსაც დაუსვეს. მისი პასუხია, რომ არ იცის, რამდენი ჯარისკაცი დაკარგა რუსეთმა.
ტყუილები და ზეწოლა
დეზინფორმაციის იარაღს რუსეთი ამ ომშიც აქტიურად იყენებს.
ტყვედ ჩავარდნილი რუსი ჯარისკაცები თავიანთ ვიდეომიმართვებში აღნიშნავენ, რომ არ უნდოდათ უკრაინელების დახოცვა, მაგრამ, თავიდან თითქოს სამხედრო წვრთნებისთვის ბელარუსში წამოყვანილები, მოტყუებით შეიყვანეს უკრაინაში და მერე, პროტესტი ვეღარ გაბედეს. „20 წელს მოგისჯითო, მეთაურები გვეუბნებოდნენ“, - ამბობს ერთ-ერთი ტყვე.
კრემლის პროპაგანდისტული ტელეარხები რუსეთის მოქალაქეებს ისეთ ამბებს უყვებიან, რაც ფაქტებით არ დასტურდება. მაგალითად, ამტკიცებენ, რომ უკრაინელები დეზერტირები არიან, ანდა ქვეყანაში ქაოსია, განუკითხაობაა და უკრაინა სამოქალაქო ომის ზღვარზეა.
„უკვე ძმა ძმას, ხოლო მეზობელი მეზობელს უპირისპირდება. ხალხი იწყებს გაცნობიერებას, რომ უნდა ეშინოდეს არა რუსი ჯარისკაცის, არამედ თავისივე მეზობლის, რომელმაც იარაღი ჩაიგდო ხელში“, - აცხადებს „როსია 1“.
პროკრემლისტური ტელევიზიები ამასთან ამტკიცებენ - რომ, უკრაინელებმა სახალხო რაზმები შექმნეს და რუს ჯარისკაცებს, უკრაინის არმიასთან ერთად, ხალხიც უპირისპირდება. ეს მართალია, მაგრამ ეწინააღმდეგება რუსული პროპაგანდის კიდევ ერთ მესიჯს, რომ - რუსეთის არმიას უკრაინის სოფლებში სიხარულით ხვდებიან.
კრემლის აშკარა სურვილია, რომ უკრაინელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, თუმცა დაპირისპირება გამოკვეთილია რუსეთში. ხელისუფლება მკაცრად დაუპირისპირდა ყველას, ვისაც უკრაინელებთან ომი არ უნდა და სამშვიდობო მიტინგებზე დაკავებული ათასობით ადამიანი ამ დრომდე საპატიმროებში რჩება.
რუსეთის ხელისუფლება მედიის დევნასაც განაგრძობს. გენპროკურატურამ და როსკომნადზორმა მოსთხოვეს დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს, წაშალონ მასალები, სადაც უკრაინაში რუსეთის საბრძოლო მოქმედებები მოხსენიებულია „ომად, აგრესიად ანდა სამხედრო შეჭრად“. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასშტაბური ჯარიმებით ემუქრებიან. ჯარიმის პირველი ქვითარი უკვე მიიღო „ნოვაია გაზეტამ“.
გადაწყვეტილების მიღების წინ, გამოცემამ ჩაატარა 4460 ხელმომწერის გამოკითხვა და ასეთი შედეგი მიიღო: 93.9% - გაგრძელდეს მუშაობა სამხედრო ცენზურის პირობებში და შესრულდეს ხელისუფლების მოთხოვნები; 6.1% - შეჩერდეს რედაქციის მუშაობა ომის დასრულებამდე. შესაბამისად, რედაქცია აცხადებს, რომ ის გააგრძელებს „პატიოსან ჟურნალისტიკას“.
გენპროკურატურამ ასევე მოითხოვა, რომ შეიზღუდოს წვდომა „ეხო მოსკვისა“ (Эха Москвы) и „დოჟდის“ (Дождь) საიტებზე. ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ მათი მასალები წარმოადგენს „მოწოდებებს ექსტრემისტული საქმიანობისკენ“.
ითქვა, რომ ისინი აქვეყნებენ „ტყუილ ცნობებს“ უკრაინაში „ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების დასაცავად, სპეციალური ოპერაციის ფარგლებში მოქმედი რუსი სამხედროების შესახებ".
რუსეთის დუმამ კი დაიწყო მუშაობა კანონპროექტზე, რომლის მიხედვით, 15 წელი აღეკვეთება თავისუფლება მას, ვინც „ყალბ“ ინფორმაციას გაავცელებს რუსეთის არმიის მოქმედებებზე და დაამახინჯებს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიზანსა და ამოცანებს სამხედრო ოპერაციებისას.