პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის პასუხად განმარტა, რომ თუ საქართველოდან უკრაინაში მოხალისეები გაფრინდებოდნენ, ეს იქნებოდა ომში ჩართვა.
„მოხალისეებთან დაკავშირებით ძალიან მარტივად გეტყვით, როდესაც სახელმწიფო ამბობს, რომ ჩემი ნებართვით, მაგალითად, ეს კონკრეტული თვითმფრინავი გაიგზავნება მოხალისეებთან ე.ი. მებრძოლებთან ერთად ომში, მაშინ ის აკეთებს კონკრეტულ განაცხადს, ამას ჰქვია კონკრეტული განაცხადი და ერთვები ომში. თან მაშინ, როდესაც შენი წინადადება უფრო მძაფრად აღიქმება ყველას მხრიდან. ეს არის კონკრეტული განაცხადი", - თქვა მდინარაძემ.
პირველ მარტს, უკრაინაში ომის დაწყების მეექვსე დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოდან ელჩი გაიწვია, მათთვის დახმარების მსურველი მოხალისეებისთვის ხელის შეშლის და სანქციებისადმი საქართველოს გამოხატული პოზიციების გამო.
"მაშინ გადავწყვიტოთ, რომელიმე თქვენთაგანს შეგიძლიათ მითხრათ, რომ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ ომის სასარგებლოდ? მაშინ ამაზეც ვიმსჯელოთ, მიკიბ-მოკიბულს ახლა თავი დავანებოთ ყველამ და კონკრეტული საკითხი დავაყენოთ ასე - ომი უნდა იყოს, თუ არ უნდა იყოს? დანარჩენი არის მიკიბ-მოკიბვა და ბევრი სხვა რაღაცა შეიძლება ვთქვა, ტელეეკრანების წინ რომ არ ვიდგე ახლა. კონკრეტულად, მკაფიოდ ვთქვათ მაშინ, ომში უნდა ჩავერთოთ? ამაზე ვიმსჯელოთ და ამაზე ვილაპარაკოთ. კონკრეტულად ვთქვათ, რა უნდა ამ ქვეყანას? რა არის ამ ქვეყნის ინტერესი და თუ არის ერთი რაღაც, ის გავაკეთოთ, დანარჩენი ქვეყნის მტრობას და დაზიანებას ამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რომ ამ ქვეყანას ჰყავს პრორუსული ხელისუფლება და შემდეგ კოორდინირებული მოქმედებების შედეგად კიდევ უფრო ამ მესიჯების გამძაფრება, არის ძალიან ცუდი რამ, იგივე ამ ქვეყნისათვის", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის შენობაში გამართულ ბრიფინგზე.
ზელენსკიმ ელჩი გაიწვია ასევე ყირგიზეთიდანაც, ამ ქვეყნის მიერ უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამართლების გამო.
28 თებერვალს ქართულ მედიაში, მოხალისეებზე დაყრდნობით, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქართველი მოხალისეების წასაყვანად უკრაინიდან უნდა გამოფრენილიყო თვითმფრინავი, თუმცა მან ვერ მიიღო შესაბამისი ნებართვა და რეისი არ შედგა.
ამის საპასუხოდ, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა "ტვიტერზე", მათ შორის, ქართულ ენაზე გამოაქვეყნა ტექსტი, რომელშიც იმედს გამოთქვამდა, რომ ქართველ მოხალისეებს უკრაინაში ჩასვლა შეეძლებათ.
"მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან. იმედია, ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს. უკრაინა ამას ელოდება! ევროპა ამას ელოდება", - დაწერა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიჰალმა "ტვიტერზე".
რამდენიმე წუთში შმიჰალმა "ტვიტერზე" საქართველოსთან დაკავშირებული მეორე პოსტიც გამოაქვეყნა: "თავისუფლებისმოყვარე ქართველო ხალხო, დაეხმარეთ თქვენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში!"
დენის შმიჰალის "ტვიტერზე" გაკეთებულ განცხადებას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერით გამოეხმაურა და თქვა, რომ ეეჭვება ეს ტექსტი უკრაინის პრემიერ-მინისტრის შექმნილი იყოს, მან იქვე გამოთქვა ვარაუდი, საიდან შეიძლება მოდიოდეს მისი შინაარსი, თუმცა არ დააზუსტა ეს ვარაუდი.
გუშინ არ გაკეთებულა ოფიციალური განმარტება, რატომ არ მიიღო ქართულმა მხარემ თვითმფრინავი, რომელსაც საქართველოდან უკრაინაში მოხალისეებად წასვლის მსურველები ელოდნენ.
რაც შეეხება რუსეთის მიმართ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მიერ დაწესებული სანქციებისადმი საქართველოს ხელისუფლების პოზიციას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 25 თებერვალს განაცხადა, რომ ქვეყანა არ უერთდება ამ სანქციებს "ეროვნული ინტერესების" გათვალისწინებით. მის ამ განცხადებას ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა, საპროტესტო აქციებზე, რომლებიც 25 თებერვლიდან მიმდინარეობს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომაც მოითხოვეს.
გუშინ, 28 თებერვალს, მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა სანქციების დაწესებაზე საუბრის დროს თქვა, რომ ოპოზიციას ქვეყანაში ომის დაწყება სურს.
"დღეს იგივე ხალხი გვიკიჟინებს ჩავერთოთ ომში, სანქციები დავუწესოთ რუსეთს. ომში მივიღოთ უკრაინაში მონაწილეობა და ა.შ... დღეს ევროპაში მიმდინარეობს უზარმაზარი ომი, ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოში და უკრაინის დედაქალაქი იბომბება. ამის შემჩერებელი დღეს არავინ არ არის. ვთქვათ პირდაპირ: სანქციები არ არის ეფექტური საშუალება და ისიც ვთქვათ, ვინ ომობს - ომობს უკრაინელი ჯარი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.