Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გია ვოლსკი უკრაინაში მოხალისეების გაგზავნაზე: შეიძლება დამანგრეველი იყოს ჩვენთვის


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ფიქრობს, რომ ქვეყნიდან უკრაინის ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება შესაძლოა ვოლოდიმირ ზელენსკის მიღებული არ იყოს და "შექმნილი ვითარებით ისარგებლა ვიღაცამ". მან ჟურნალისტებთან განმარტა, რატომ ვერ შეძლო მოხალისეთა ნაწილმა საქართველოდან უკრაინაში წასვლა.

"პირდაპირი თუ ირიბი სამხედრო მონაწილეობა საერთოდ ამ დაპირისპირებაში, იმ რესურსის გარდა, რომელსაც მობილიზება გაუკეთა საქართველოს ხელისუფლებამ, რასაკვირველია, შეიძლება დამანგრეველი იყოს ჩვენი ქვეყნისათვის...

კითხვები ჩნდება ზელენსკის გადაწყვეტილებაა, თუ შექმნილი ვითარებით ისარგებლა ვიღაცამ და პროვოკაცია მოახდინა ჩვენი და უკრაინის დაპირისპირების ელემენტის შემოტანით", - თქვა გია ვოლსკიმ.

გუშინ, 28 თებერვალს, საქართველოდან ვერ გაფრინდა მოხალისეთა ის ჯგუფი, რომელიც ამბობდა, რომ უკრაინაში ჩასვლა და მეგობარი ქვეყნისთვის დახმარება სურდა. ამ დრომდე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში, რომელიც ქვეყანაში ფრენებს არეგულირებს, რადიო თავისუფლების ზარებს არ პასუხობენ და მიზეზებზე არ საუბრობენ.

დღეს, 1 მარტს კი, უკრაინაში ომის დაწყების მეექვსე დღეს უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოდან ელჩი გაიწვია, მათთვის დახმარების მსურველი მოხალისეებისთვის ხელის შეშლისა და სანქციებისადმი გამოხატული პოზიციების გამო.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევას ქვეყნის ომში "ჩათრევის" სურვილით ხსნის.

"სამხედრო კონფლიქტში ჩვენ ვერ ჩავერთვებით. იყო პირდაპირი მცდელობა, მოხალისეების გაგზავნის ორგანიზების ნაწილში, რომ ჩავრთულიყავით სამხედრო კონფლიქტში. ეს ვერ იქნა მიღწეული და ამას მოჰყვა ეს ძალიან სამწუხარო ნაბიჯი [ელჩის გაწვევა]..." - თქვა კობახიძემ.

24 თებერვალს რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ძალებით შევიდა და სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს. რუსეთს შესაჩერებლად აშშ-მ, ევროკავშირმა, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და ა.შ. სანქციები დაუწესეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ "ეროვნული ინტერესებიდან" გამომდინარე, არ აპირებს შეუერთდეს ამ სანქციებს.

XS
SM
MD
LG