Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი გაიწვია კონსულტაციებისთვის


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ საქართველოდან ელჩი გაიწვია კონსულტაციებისთვის, უკრაინისადმი დახმარების მსურველი მოხალისეებისთვის ხელის შეშლის და სანქციებისადმი გამოხატული პოზიციების გამო.

ზელენსკიმ ელჩი გაიწვია ასევე ყირგიზეთიდან, ამ ქვეყნის მიერ უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამართლების გამო.

28 თებერვალს ქართულ მედიაში, მოხალისეებზე დაყრდნობით, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქართველი მოხალისეების წასაყვანად უკრაინიდან უნდა გამოფრენილიყო თვითმფრინავი, თუმცა მან ვერ მიიღო შესაბამისი ნებართვა და რეისი არ შედგა.

ამის საპასუხოდ, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა "ტვიტერზე", მათ შორის, ქართულ ენაზე გამოაქვეყნა ტექსტი, რომელშიც იმედს გამოთქვამდა, რომ ქართველ მოხალისეებს უკრაინაში ჩასვლა შეეძლებათ.

"მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან. იმედია, ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს. უკრაინა ამას ელოდება! ევროპა ამას ელოდება", - წერს უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიჰალი "ტვიტერზე".

რამდენიმე წუთში შმიჰალმა "ტვიტერზე" საქართველოსთან დაკავშირებული მეორე პოსტიც გამოაქვეყნა: "თავისუფლებისმოყვარე ქართველო ხალხო, დაეხმარეთ თქვენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში!"

დენის შმიჰალის "ტვიტერზე" გაკეთებულ განცხადებას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერით გამოეხმაურა და თქვა, რომ ეეჭვება ეს ტექსტი უკრაინის პრემიერ-მინისტრის შექმნილი იყოს, მან იქვე გამოთქვა ვარაუდი, საიდან შეიძლება მოდიოდეს მისი შინაარსი, თუმცა არ დააზუსტა ეს ვარაუდი.

ამასთან, არ გაკეთებულა ოფიციალური განმარტება, რატომ არ მიიღო ქართულმა მხარემ თვითმფრინავი, რომელსაც საქართველოდან უკრაინაში მოხალისეებად წასვლის მსურველები ელოდნენ.

რაც შეეხება რუსეთის მიმართ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მიერ დაწესებული სანქციებისადმი საქართველოს ხელისუფლების პოზიციას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 25 თებერვალს განაცხადა, რომ ქვეყანა არ უერთდება ამ სანქციებს "ეროვნული ინტერესების" გათვალისწინებით. მის ამ განცხადებას ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა, საპროტესტო აქციებზე, რომლებიც 25 თებერვლიდან მიმდინარეობს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომაც მოითხოვეს.

XS
SM
MD
LG